მას შემდეგ, რაც იტალიელი კოლექციონერის სახლში კაქტუსის ათასობით უიშვიათესი სახეობა აღმოაჩინეს, მრავალწლიანმა სასამართლო პროცესმა კონტრაბანდული სქემა გამოავლინა.
ჩილეში, ატაკამას უდაბნოში თუ მოხვდებით, ერთი შეხედვით იქ ნარინჯისფერი და ჭუჭყიანი თეთრი კლდის ფრაგმენტების გარდა ვერაფერს შეამჩნევთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე.
თუმცა, უდაბნოს განაპირა ადგილებში, ათასობით Copiapoa-ს ჯიშის კაქტუსი იზრდება. კაქტუსების ჯგუფი Copiapoa, რომელიც შედგება 30-ზე მეტი სახეობისგან, გვხვდება მხოლოდ ჩილეში. ისინი წელიწადში სულ რაღაც სანტიმეტრს იმატებენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უდაბნოს უმკაცრეს მცხუნვარე პირობებში - შთანთქავენ ადგილობრივ საღამოს ნისლს, რომელიც “კამანჩაკას“ სახელით არის ცნობილი.
ეს იშვიათი, ბადრიჯნის ფორმის სუკულენტები ექსტრემალურ პირობებთან ადაპტაციის საოცარი მახასიათებლებით გამოირჩევა. სწორედ აღნიშნული თვისებების გამო, ისინი მცენარეთა კოლექციონერებში განსაკუთრებით მოთხოვნადია.
მუქი ნაცრისფრიდან ლურჯ-მწვანე ფერებამდე გარდამავალი კაქტუსი წელიწადში ერთხელ - თეთრი, ყვითელი და ზოგჯერ ნარინჯისფერი ყვავილებით ყვავის.
პიომბეტი იტალიის მცენარეთა სამყაროში ცნობილი ფიგურაა. ის ათწლეულების განმავლობაში იყო კაქტუსების კოლექციონერი და დილერი.
2013 წელს, მილანის მალპენსას აეროპორტის მებაჟეებმა კოლექციონერი დააკავეს. მას Copiapoa-ს ჯიშის 143 კაქტუსი გადაჰქონდა, თუმცა თავდაპირველად სამართალდამცველების ყურადღება ყალბმა საბუთებმა მიიქცია. შემოწმების შემდეგ, პოლიციამ პიომბეტის და მისი მეგობრის სახლში უფრო მეტი კაქტუსი იპოვა.
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი სახეობები კაქტუსების უიშვიათესი ჯიშები იყო და ბევრი მათგანი 100 წელზე მეტ ხანსაც კი ცოცხლობს. ნიადაგის ტესტმა გამოავლინა, რომ ისინი უკანონოდ მოიპოვეს ჩილეში და გადაიტანეს შეუსაბამო ჰაბიტატში.
ოფიციალური ინფორმაციით, დაადასტურა, რომ ის 2016- დან 2019 წლამდე პერიოდში ხუთჯერ ეწვია ჩილეს .
ლეპტოპსა და მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ჩანაწერების მიხედვით, მამაკაცს ასევე ჰყავდა თანამზრახველი, მატია კრესენტინი. ისინი უიშვიათეს სახეობებს ონლაინ, სპეციალიზებული აუქციონსაიტების საშუალებით ჰყიდდნენ.
თავად ანდრეა პიომბეტი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და დუმს მისი ადვოკატიც.
აღსანიშნავია, რომ ჩილეში ველური თესლის შეგროვება ნებადართულია, თუმცა ცოცხალი მცენარეების აღება და ექსპორტი სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, აკრძალული. ამასთანავე, კაქტუსის ჯიში Copiapoa დაცულია “გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციით“ (CITES).
ეს ყველაფერი არ არის - 2020 წლის ნოემბერში პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კაქტუსების უფრო მეტი რაოდენობის უკანონო ტრაფიკი ხორციელდებოდა შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან და არგენტინიდან.
საქმე ცნობილი გახდა, როგორც ოპერაცია “ატაკამა“ - ეს არის კაქტუსების ევროპაში არალეგალურად გადატანის ერთ-ერთი უდიდესი ოპერაცია დღემდე.
გამოძიებამ, რომელიც 2020 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდა, უამრავი ადამიანი და დეტალი გამოავლინა. 840 მოპარული “კოპიაპოა“ კი ჩილეში დააბრუნეს.
“ეს არის ბიოლოგიური მემკვიდრეობა და ის უნდა დაბრუნდეს ჩილეში“, - ამბობს IUCN-ის კაქტუსებისა და სუკულენტების სპეციალისტთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ბარბარა გოეჩი.
კაქტუსები ახლა ატაკამის უდაბნოში, სათბურშია მოთავსებული და მალე მათ ბუნებრივ პირობებში დაბრუნებენ.
რაც შეეხება პიომბეტის, ჩილეს ხელისუფლებამ ის 5 300 აშშ დოლარით დააჯარიმა და ქვეყანაში შესვლა 10 წლით აუკრძალა. 2025 წლის 31 იანვარს, იტალიურმა სასამართლომ გამოსცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პიომბეტის მიესაჯა 18-თვიანი პატიმრობა და 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა.