ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი დალაი ლამა ახალ წიგნში წერს, რომ მისი მემკვიდრე ჩინეთს გარეთ, თავისუფალ სამყაროში დაიბადება.
წიგნში "ხმა უხმოთათვის", ის წერს, რომ მთელ მსოფლიოში ტიბეტელებს სურთ, რომ ე.წ. დალაი ლამას ინსტიტუტი 89 წლის სულიერი ლიდერის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდეს.
მანამდე მას ნათქვამი ჰქონდა, რომ სულიერ ლიდერთა ხაზი შესაძლოა, მასთან ერთად დასრულებულიყო.
მისი წიგნი პირველად აზუსტებს, რომ მისი მემკვიდრე "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება, რომელსაც იგი ჩინეთის გარეთ არსებულ ტერიტორიად განმარტავს. მანამდე ლამა ამბობდა, რომ შესაძლოა, რეინკარნაცია ტიბეტს გარეთ მომხდარიყო, მაგალითად, ინდოეთში, სადაც ის ემიგრაციაში ცხოვრობს.
"რადგან რეინკარნაციის მიზანი წინამორბედის საქმის გაგრძელებაა, ახალი დალაი ლამა თავისუფალ სამყაროში დაიბადება, რათა დალაი ლამას ტრადიციული მისია გაგრძელდეს - იყოს უნივერსალური თანაგრძნობის ხმა, ტიბეტური ბუდიზმის სულიერი ლიდერი და ტიბეტის სიმბოლო, რომელიც ტიბეტელი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს", - წერს დალაი ლამა.
ტენზინ გიაცო, მე-14 დალაი ლამა, 1959 წელს მაო ძედუნის კომუნისტების მმართველობის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, 23 წლის ასაკში ინდოეთში, ათასობით სხვა ტიბეტელთან ერთად გაიქცა. პეკინი ამტკიცებს, რომ მის მემკვიდრეს თვითონ აირჩევს, მაგრამ დალაი ლამა ამბობს, რომ ჩინეთის მიერ დასახელებულ ნებისმიერ მემკვიდრეს პატივს არ სცემენ.
ჩინეთი დალაი ლამას, რომელმაც 1989 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, "სეპარატისტად" მოიხსენიებს.
როდესაც პრესკონფერენციაზე წიგნის შესახებ ჰკითხეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დალაი ლამა "პოლიტიკური ემიგრანტია, რომელიც რელიგიის საფარქვეშ ჩინეთის საწინააღმდეგო სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა.
"ტიბეტის საკითხზე ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია. დალაი ლამას ნათქვამს და ნამოქმედარს არ შეუძლია შეცვალოს ტიბეტის აყვავებისა და განვითარების პროცესი".
პეკინმა თებერვალში განაცხადა, რომ იმედოვნებს, დალაი ლამა "სწორ გზას დაუბრუნდება" და რომ მზადაა განიხილოს მისი მომავალი, თუ ის ისეთ პირობებს დააკმაყოფილებს, როგორიცაა ტიბეტისა და ტაივანის ჩინეთის განუყოფელ ნაწილებად აღიარება, რომლის ერთადერთი ლეგალური მთავრობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობაა. ეს წინადადება ინდოეთში მყოფი ტიბეტის ემიგრანტული პარლამენტის მიერ უკვე უარყოფილ იქნა.
თავის წიგნში დალაი ლამა წერს, რომ უკვე ათწლეულზე მეტია, იღებს მრავალრიცხოვან პეტიციებს ტიბეტელი ხალხის ფართო სპექტრისგან, მათ შორის უფროსი ბერებისგან და ტიბეტში და მის გარეთ მცხოვრები ტიბეტელებისგან, "რომლებიც ერთხმად მთხოვენ, უზრუნველვყო დალაი ლამას მემკვიდრეობის გაგრძელება".
ტიბეტური ტრადიციის თანახმად, უფროსი ბუდისტი ბერის სული მისი გარდაცვალებისას ბავშვის სხეულში რეინკარნირდება. ამჟამინდელი დალაი ლამა იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც მისი წინამორბედის რეინკარნაცია, როდესაც ის ორი წლის იყო.
დალაი ლამას თქმით, მისი მემკვიდრე ჩინეთის გარეთ, "თავისუფალ სამყაროში" დაიბადება -