განუზომელი გავლენა კლასიციზმისა და რევოლუციის ერაზე და ნაშრომები, რომლებიც ამ გარდამავალ ეპოქაში მიმართულების მიმცემი აღმოჩნდა ევროპული ცივილიზაციისთვის. უდიდესი ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ფრანსუა-მარი არუე, შემდგომში ფსევდონიმით ვოლტერი , 1694 წელს პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა.
1704 წელს ვოლტერი შედის იეზუიტთა კოლეჯში, შემდეგ კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოირჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV-ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. მომდევნო წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის - ვოლტერის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ დააპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას „ფერნეის პატრიარქსაც“ შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პერიოდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება.
1746 წელს ვოლტერს საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. მის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აღმოჩნდა „ქრისტიანობის კრიტიკა“ (განსაკუთრებით რომის კათოლიკური ეკლესიის) და „მონობა“. ვოლტერი ადვოკატირებდა გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და მხარს უჭერდა ეკლესიისა და სახელმწიფო მმართველობის ერთმანეთისგან განცალკევებას.
ვოლტერი ნამუშევრებს ქმნიდა ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. მას დაწერილი აქვს პიესები, პოემები, ნოველები, ესეები და სამეცნიერო ექსპოზიციებიც კი. მისი შემოქმედება მოიცავს 20 000 წერილს, 2 000 წიგნსა და პამფლეტს. ის გახდა ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია კომერციულ წარმატებას.
ვოლტერს, სახელმწიფოს შენარჩუნება განმანათლებლური აბსოლუტიზმის ფორმით სურდა. კლასიცისტური ხელოვნება – განმანათლებლური კლასიციზმის სახით. მონარქიული წყობიდან − დესპოტიზმის, ტირანიის, ხოლო რელიგიიდან − ფანატიზმის აღმოფხვრა. ვოლტერი აღიარებდა დეიზმის ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც უარყოფს ყოველგვარ რელიგიურ დოგმებს. ის ებრძოდა ეკლესიას, თუმცა რელიგია და რწმენა − საზოგადოებისთვის აუცილებელ კატეგორიად მიაჩნდა. „ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ის უნდა გამოგვეგონა“ − ამბობდა დრამატურგი და ოცნებობდა საზოგადოების გარდაქმნაზე, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების რეფორმებით უნდა განხორციელებულიყო და არა სახალხო მოძრაობით.
ვოლტერი ხმამაღლა საუბრობდა სამოქალაქო თავისუფლებაზე და თავისი იდეების გამო მუდმივად ფრანგული კათოლიკური მონარქიის ცენზურის რისკის ქვეშ იყო. მისი შედევრი, მისი Magnum Opus-ი იყო Candide - ნოველა ეხმაურება და აკრიტიკებს სხვადასხვა მოვლენასა და თავისი დროის ფილოსოფოსებს, მათ შორის გოტფრიდ ლაიბნიცსა და მის რწმენას, რომ ჩვენი სამყარო აუცილებლად საუკეთესოა ყველა შესაძლო სამყაროს შორის.
იდეალური, განათლებული მონარქის სახე შექმნა ვოლტერმა ტრაგედიებში „მინოსის კანონები“ (1772) და „დონ პედრო“ (1775) მონარქი, რომლის მიზანია ხალხის განათლება და ქვეყნის განვითარება, უპირისპირდება მაღალი წრის საზოგადოებას და ეკლესიის მსახურებს.
ვოლტერი გარდაიცვალა 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადაიტანეს.