ჩრდილოეთის ზღვაში, ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეჯახება აღმოსავლეთ იორკშირის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მოხდა. ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა.
შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა. Solong-ის 14 მეზღვაურიდან 13 გადაარჩინეს, 1 გარდაიცვალა.
„გავრცელდა ინფორმაცია ბორტზე პოტენციურ სახიფათო მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. ორივე გემი დაკვირვების ქვეშაა" - განაცხადა საზღვაო ძალების მინისტრმა მაიკ კეინმა.
დიზაინის მახასიათებლების გამო, ამერიკული ნავთობტანკერი, სავარაუდოდ, ჩაიძირება. მაიკლ კეინის ინფორმაციით, Stena Immaculate-ზე ცეცხლი ლიკვიდირებულია , ხოლო Solong-ზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ამასთან, სოლონგის გემის მფლობელმა ერნესტ რასმა თქვა, რომ ბორტზე არსებულ კონტეინერებში არ იყო ნატრიუმის ციანიდი.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ტოქსიკურ ნივთიერებებს დამანგრეველი გავლენა ექნება ჰამბერის ესტუარის ველურ ბუნებაზე.
"ვიცით, რომ ნავთობის დაღვრას შეუძლია დამანგრეველი და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საზღვაო ეკოსისტემებსა და ველურ ბუნებაზე. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ეხება თვითმფრინავის საწვავს, რომელიც სავარაუდოდ სწრაფად აორთქლდება. დროული რეაგირება უარყოფითი ზემოქმედებისგან დაგვიცავს" - ამბობს WWF-UK-ის ოკეანის დაცვის სპეციალისტი ტომ ბრუკი.