ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული რვა სამედიცინო პერსონალიდან შვიდი სამშაბათს სასამართლოს წინაშე წარდგება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ სასამართლო დაუდევრობაში სდებს ბრალს.
ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა სიკვდილზე.
შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. 3 ნოემბერს, მას ტვინის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბუენოს აირესის ელიტარულ უბანში, ნაქირავებ სახლში საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა.
ექსპერტებმა დაასკვნეს რომ ლეგენდარული ფეხბურთელის "გადარჩენის შანსები უფრო მაღალი იქნებოდა", თუ მას სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ.
ბრალდებული ექთნები და ექიმები ამბობენ, რომ მარადონას გარდაცვალება მათი პასუხისმგებლობა არაა.