ავტორი:

“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

“ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - უკრაინა აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგები, ევროპელი ლიდერების შეფასებები და რუსეთის პოზიცია: შეწყდება თუ არა ომი?

საუდის არაბეთში მიმდინარე უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დასრულდა.

მედიისთვის ცნობილი გახდა მოლაპარაკებების შედეგები - უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

როგორც აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული: აშშ "დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: "რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს".

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს წინადადება მოიაზრებს "ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელმა შემოგვთავაზეს. რუბიოს თქმით, აშშ ახლა “ამ წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.

  • სახელმწიფო მდივნის თქმით, "ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა", - მან აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის”.

შეხვედრა შეაფასეს ორი ქვეყნის ლიდერებმაც.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. ტრამპის თქმით, "მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ".

“უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე. ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას… ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს - შესანიშნავი იქნება, თუ არა - ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, - განაცხადა ტრამპმა.

  • უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის.

“დღეს საუბარში სწორედ ამერიკული მხარის წინადადება იყო შემდგომ პირველი ნაბიჯის გადადგმა და 30 დღით ცეცხლის სრული შეწყვეტის ცდა, არა მხოლოდ რაკეტებთან, დრონებთან და ბომბებთან მიმართებით, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ასევე, ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას, დადებითად მიგვაჩნია ის, მზად ვართ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ და აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს გააკეთოს. ანუ ჩვენ ვთანხმდებით და თუ რუსები დათანხმდებიან - მაშინვე სიჩუმე ამოქმედდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

“უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. თავისი მზადყოფნა, შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი, რუსეთში უნდა აჩვენონ. სრული სიმართლის დროა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • მოლაპარაკებების შედეგებს აფასებენ ევროპელი ლიდერები.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა:

“მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის საუბრებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას. ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის.

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის თავისი როლი შეასრულოს პარტნიორებთან ერთად სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერენ ფონ დერ ლაიენი და კოშტა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.

“ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - დაწერა მაკრონმა X-ზე. მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.

  • განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც:

"ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას" , - აღნიშნა სტარმერმა.

  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.

"როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა, დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში", - დაწერა ტუსკმა.

  • საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი:

“ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.

“ევროკავშირის მიზანია მხარი დაუჭიროს უკრაინას, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება - რუსეთის მიერ მიღების შემთხვევაში - შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით. ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევას, რომელიც ამ დისკუსიებს მასპინძლობს.

  • იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი:

“პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და კიევისთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.

იტალიის მთავრობის განცხადებით, “ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“.

“იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვის პოზიცია დააფიქსირეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების სპიკერებმაც.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს.

  • რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი:

“პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან. რუსეთი [უკრაინაში] წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) - ჩვენი პირობებით და არა ამერიკის. ეს არ არის ტრაბახი, არამედ იმის გაგება, რომ რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ“, - წერს კოსაჩოვი “ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.

იხილეთ ასევე: