ავტორი:

სააკაშვილს - 9 წელი, ჯანაშიას - ჯარიმა: მოსამართლემ სდსს-ს ყოფილ უფროსს პატიმრობა არ მიუსაჯა

სააკაშვილს - 9 წელი, ჯანაშიას - ჯარიმა: მოსამართლემ სდსს-ს ყოფილ უფროსს პატიმრობა არ მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და სხდომის გადადება მოითხოვა გამოჯანმრთელებამდე.

აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. მათ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს "ბიძინას მონა” უწოდეს. სხდომათა დარბაზიდან ზვიად კუპრავა გააძევეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.