გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა “დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გუშინ გამართულ გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა “დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 29,9% მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია Naleraq-ი გავიდა, რომელმაც ხმების 24,5% მიიღო.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს პარტია Inuit Ataqatigiit-ი ხმების 21%-ით მესამე ადგილზე გავიდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, “დემოკრატიული პარტია“ გრენლანდიის მიერ დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შედარებით ნელ პროცესად განიხილავს, ხოლო პარტია Naleraq-ი მხარს დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვებას უჭერს.
“ხალხს ცვლილება სურს. ჩვენი კეთილდღეობის დასაფინანსებლად მეტი ბიზნესი გვსურს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვება ხვალვე არ გვსურს, ამისთვის კარგი საფუძველი გვჭირდება“, - განაცხადა “დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
იხილეთ ასევე: