"მიყვარხარ და ცოლად გამომყვები?" - ასე მიმართა ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო სხდომაზე თავის შეყვარებულს. ირაკლი მიმინოშვილს, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
"ვაცნობიერებ, თუ როგორი ადამიანები მყავს ჩემს გარშემო. მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხი არის, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს" - განაცხადა ირაკლი მიმინოშვილმა და აღნიშნა, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი, ყველა რთულ საკითხში გვერდში უდგას.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.