ავტორი:

პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"

პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"

მოსკოვის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ უკრაინაში მყოფ ქართველს - "კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ლადო გამსახურდიას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ადრე დაკისრებული სასჯელის გათვალისწინებით, სასამართლომ შეიარაღებული ფორმირება "კავკასიური ლეგიონის“ ლიდერს ლადო გამსახურდიას დაუსწრებლად მიუსაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენი კი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთს სამხედრო სასამართლოს დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ლადო გამსახურდია 2024 წლის სექტემბერში კურსკის რეგიონში შეიჭრა, თავს დაესხა დასახლებულ პუნქტებს, ესროლა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამართალდამცავების, საცხოვრებელ შენობებსა და სხვა ობიექტებს.

ცნობისთვის, ლადო გამსახურდია, რუსულმა სასამართლომ 2024 წლის დეკემბერშიც გაასამართლა დაუსწრებლად და დაქირავებულ მებრძოლობაში დასდო ბრალი . უფრო ვრცლად რუსეთის ბრალდებებსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ლადო გამსახურდია გვესაუბრება:

- უკრაინაში აღარ დარჩა ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის სასამართლოს დაუსწრებლად არ ჰყავს გასამართლებული. მე 2024 წელს 18 წელი მომისაჯეს, ახლა 25-ით შემიცვალეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსები მხოლოდ ქართულებს არ გვემუქრებიან ციხით. ეს ხალხი ვერავის პატიობს სიმართლის მხარეს ყოფნას. ზოგიერთ მათგანს იმდენ წლიანი განაჩენი აქვს გამოტანილი, რომ შეიძლება მაგდენი ხანი ადამიანმა საერთოდ ვერ იცოცხლოს.

- თქვენი 18 წლიანი განაჩენის 25 წლით შეცვლის მიზეზი აშკარად ის ფაქტია რომ შარშან კურსკის ოლქში ერთ-ერთი პირველი შეხვედით. ბოლოდროინდელი ცნობებით სუჯას ახლა რუსების სრულად აკონტროლებენ. თქვენ არ შეგიძლიათ ამის შესახებ თქვათ?

- ეს ინფორმაცია გაზვიადებულია, და არ შეესაბამება სრულ სიმართლეს, რუსები სუჯის მისადგომებთან არიან. ბრძოლები ისევ მიმდინარეობს, უკრაინელები ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებენ. ასეთი ვერსიაც გავრცელდა, რომ თითქოს უკრაინამ სუჯა მოლაპარაკებების ფარგლებში დათმო, რა თქმა უნდა, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. უკრაინულმა ჯარებმა საჭიროებიდან გამომდინარე უკან დაიხიეს ბახმუტში, შემდეგ იგივე მოხდა ავდეევკის მაღლობის შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სუჯა, ჯერ არ დაგვიკარგავს, იქ ბრძოლები ისევ მიმდინარეობს.

- უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო ახლა იმის მოლოდინშია, თუ როგორი იქნება რუსეთის პასუხი ამერიკის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავებულ შეთავაზებულ წინადადებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ის ქართველი მებრძოლები, რომლებსაც რუსებმა პატიმრობა მოგისაჯეს?

- ზოგადად, რუსების მიზანი ჩვენი დაშინებაა, მაგრამ... ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ინტერპოლს გადაეცემა. ჩვენზე დიდი საფრთხის წინაშე არიან ის ინგუში, ჩეჩენი და დაღესტნელი მებრძოლები, რომლებსაც თავის დროზე ისე დაურიგეს რუსული პასპორტები, რომ არც ჰკითხეს, უნდოდათ თუ არა ეს. ჩვენ კი თითოეული მათგანის საქმეზე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ ინტერპოლმა, რუსების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო ძებნა არ დაიწყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს სისტემა, რის საფუძველზეც ინტერპოლი მიდგომებს შეცვლის ყველა იმ მებრძოლის მიმართ, ვინც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. უკრაინის დაცვა აღქმული უნდა იყოს ისე, როგორც ევროპის დაცვა. ირონიაა, რომ რუსები, რომელმაც მე 4 წლის ასაკში გამომაგდეს საკუთარი სახლიდან (აფხაზეთიდან დევნილი ვარ) და ამიწიოკეს ოჯახი, აქეთ მისჯიან 25 წელს. აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი პროტესტი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნების“ მიმართ, იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის ამწიოკებლებს, ჩემი ნათესავებისა და ახლობლების მკვლელებს ბოდიში მოუხადა. მე მომიხადა ვინმემ ბოდიში, საკუთარი სახლიდან რომ გამომაგდეს? რატომ აკეთებენ ამას, ნუთუ მართლა აქვთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების იმედი? კი მაგრამ, როგორ? ილია ჭავჭავაძემ ვერ დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა, მანამდე ერეკლე მეფემ ვერ დაალაგა, ვერც გამსახურდიამ, შევარდნაძემ და სააკაშვილმა ვერ დაალაგეს. ბიძინა ივანიშვილს რა ჰგონია, მათზე ჭკვიანია? ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია, ის არის, რომ მუდმივად დათმობის პოლიტიკას გაატარებს და საქართველოს რუსეთის უკანა ეზოდ აქცევს.

რუსეთი არის მტაცებელი და თუ მართლა მშვიდობა გინდა და არა მონობა, მაშინ გამალებით უნდა აგებდე თავდაცვის ბარიერებს.

სამწუხარო რეალობა ასეთია, რაც არ უნდა დათმოს საქართველომ, რუსეთი მაინც არ გაითვალისწინებს ჩვენი ხალხის ინტერესებს, არც განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს და არც წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. "ქართული ოცნება“ ვალდებულია დაიცვას ქართველი მებრძოლი ბიჭების უფლებები, რომლებსაც რუსები პატიმრობით ემუქრებიან. სხვათა შორის, ამ დროისთვისაც არაერთი ქართველი იმყოფება რუსეთის ციხეებში და აბსოლუტურად, გაურკვეველია მათი მდგომარეობა. ჩვენმა დაზვერვამ ძალიან აქტიურად იმუშავა ამ საკითხზე, შეაღწიეს ყველგან, კრემლში მომუშავე პირებთანაც გავიდნენ კონტაქტებზე, მაგრამ ქართველი ტყვეების შესახებ ვერაფერი გაარკვიეს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ტყვეები არ არიან ჩვეულებრივ ციხეებში და მათი საქმეც განსაკუთრებულად კონფიდენციალურია.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსები განსაკუთრებულად დაუნდობლები არიან ქართველების მიმართ. იმ ტერიტორიებს, სადაც ქართველები ეგულებათ უფრო დიდი მონდომებით ბომბავენ.

- დიახ, ეს სიმართლეა, განსაკუთრებით ერჩიან ქართველებს. ვფიქრობ, ეს მათი კომპლექსებიდან გამომდინარეობს. ასეთი განწყობების შექმნაში მუშაობს, როგორც სტალინის და ბერიას, ასევე შევარდნაძის ფაქტორი. ქართველი იყო საბჭოთა კავშირის ბურჯიც და დამანგრეველიც. ახლა კი როდესაც ქართველი მათ წინააღმდეგ იბრძვის, ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ. მათ უნდათ, რომ ქართველები მუდმივად მათ სასარგებლოდ იბრძოდნენ. რუსეთი გაღიზიანების პიკშია ეს ქართველების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებსაც ეტყობა. კი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იბრძოდეს უკრაინაში, რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას.