ავტორი:

ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა

ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა

პოლიციის ინფორმაციით, აშშ-ს შტატ კონექტიკუტში ქალს გერი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა. სამართალდამცველებმა ამჟამად 32 წლის მამაკაცი გასულ თვეში, სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს იპოვეს. მამაკაცი მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა.

ხუთშაბათს, უოტერბერის პოლიციამ 56 წლის კიმბერლი სალივანი დააკავა და ბრალი პირველი ხარისხის თავდასხმაში, მეორე ხარისხის გატაცებაში, პირველი ხარისხის უკანონო მოტაცებაში, სასტიკ მოპყრობასა და პირველი ხარისხის დაუდევრობაში წაუყენა.

უოტერბერის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაცი 17 თებერვალს იპოვეს, მან თქვა, რომ ხანძარი განზრახ, სანთებლით, ხელის სანიტაიზერით და ქაღალდით გააჩინა.

"მინდოდა, საკუთარი თავისთვის მეშველა", - უთხრა მან პოლიციას.

მან თქვა, რომ ტყვედ 11 წლის ასაკიდან ჰყავდათ.

"33 წელია, სამართალდამცველი ვარ და ეს ყველაზე უარესი მოპყრობაა ადამიანობისადმი, რომელიც ოდესმე მინახავს... ეს უარესი იყო, ვიდრე ციხის საკნის პირობები", - განუცხადა პოლიციის უფროსმა, ფერნანდო სპანიოლომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს.

სახლი, სადაც დანაშაული მოხდა

მისი თქმით, კაცის ოთახი გარედან "სხვადასხვა სტილის გარე საკეტებით" იყო ჩაკეტილი.

რამდენიმე წყაროს მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, კაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ახსოვს, როგორ ჩაკეტეს საძინებელში, როცა 3 წლის იყო. მან თქვა, რომ საკვების მოსაპოვებლად ღამ-ღამობით იპარებოდა და ზოგჯერ სითხეს ტუალეტიდან სვამდა, რადგან საკმარის წყალს არ აძლევდნენ.

როდესაც მეოთხე კლასში იყო, სკოლის ხშირმა გაცდენებმა სკოლის მხრიდან კონექტიკუტის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის გაფრთხილება გამოიწვია. შტატის სოციალურმა მუშაკებმა მისი სახლი ორჯერ შეამოწმეს, თუმცა დედინაცვალმა მას დაავალა, რომ ეცრუა და ეთქვა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.

"მთელი ჩემი ცხოვრება მმალავდნენ", - უთხრა კაცმა პოლიციას CNN-ის ცნობით.

  • მამაკაცი მამასთან და დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ 2024 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტყვეობის პირობები კიდევ უფრო გაუარესდა.

"კაცმა განაცხადა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი დრო, როდესაც სახლიდან გარეთ გადიოდა, ოჯახის ძაღლის გარეთ გაშვებისთვის იყო. აცხადებდა, რომ ეს დღეში მხოლოდ 1 წუთი იყო. არსებითად, ის თავის ოთახში, დღეში 22-დან 24 საათამდე იყო ჩაკეტილი", - ნათქვამია დოკუმენტებში.

სალივანი ბრალდებებს უარჰყოფს.

"ეს ბრალდებები სიმართლეს არ წარმოადგენს. ისინი უცნაურია. ის გაოგნებული იყო, როდესაც მათ შესახებ გაიგო", - განაცხადა მისმა ადვოკატმა, იოანის კალოიდისმა, - "ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, რომ გავამართლოთ ის და ვაჩვენოთ, რომ არაფერი დაუშავებია."

წყარო