ავტორი:

"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?

"ეს მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია" - ისრაელის ავიაიერიშები ღაზაში და 200-ზე მეტი დაღუპული: რა ხდება პალესტინაში დროებითი ზავის დასრულების შემდეგ?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში "ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ.

  • ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე, 200 ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის ბევრი ბავშვია.

როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმები ბევრ ადგილას დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ღაზასა და დეირ ალ-ბალახში და ღაზას სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ხან იუნისსა და რაფაჰში.

"ჰამასის“ ლიდერის, დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრის, ეზატ ალ-რიშკის განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია.

  • "ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, - აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა. ღაზაში დარჩენილია, დაახლოებით, 60 მძევალი. აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში "ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ.

"პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა "ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

  • ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში "ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს.

ცნობისთვის, დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და "ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.