ავტორი:

"ბავშვობაში ამ ანიმაციის მეშინოდა" - დისნეის PR-ტრაგედიად ქცეული "ფიფქია": რატომ გახდა რეიჩელ ზეგლერი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი

"ბავშვობაში ამ ანიმაციის მეშინოდა" - დისნეის PR-ტრაგედიად ქცეული "ფიფქია": რატომ გახდა რეიჩელ ზეგლერი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი

მალე ეკრანებზე დისნეის "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" გამოვა - ფილმის პრემიერის მოლოდინში მსახიობების მიმართ აგრესია იზრდება. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი მთავარი როლის შემსრულებელი რეიჩელ ზეგლერია.

თუკი მსახიობი აქამდე 1937 წლის კლასიკური ანიმაციის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც მისი მაკიაჟისა და ვარცხნილობის ინსპირაციად სწორედ ორიგინალი ანიმაცია დაასახელა. ამ თითქოს უწყინარი ჟესტის მიუხედავად, ზეგლერი კრიტიკას მაინც ვერ გაექცა.

"პატივისცემა? მას ფაქტობრივად სძულს ფილმის სცენარი. ფილმს უცნაურს და მოძველებულს უწოდებდა" - ვკითხულობთ კომენტარებში.

23 წლის ვარსკვლავმა ფიფქიას როლზე დამტკიცების შემდეგ, კრიტიკა რამდენჯერმე დაიმსახურა. პირველად მაშინ, როდესაც ყველასათვის საყვარელი ორიგინალი მულტფილმი გააკრიტიკა:

"მულტფილმი უკიდურესად მოძველებულია, როდესაც საქმე სამყაროში ქალის როლს ეხება. ორიგინალი მულტფილმი 1937 წელს გამოვიდა და ეს ძალიან შესამჩნევია. ანიმაცია დიდ ყურადღებას ფიფქიას სასიყვარულო ისტორიაზე ამახვილებს ბიჭთან, რომელიც სიტყვასიტყვით დასდევს მას. ეს ძალიან უცნაურია. ჩვენ ფილმში ეს სხვაგვარადაა...

ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს იმის მიმართ, რასაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი სასიყვარულო ისტორიად მხოლოდ იმიტომ განიხილავს, რომ ფილმში პრინცი მონაწილეობს" - ამბობდა ზეგლერი 2022 წელს.

  • ცნობილია ისიც, რომ მსახიობმა უარი განაცხადა შეესრულებინა სიმღერა "Some Day My Prince Will Come" - მისი თქმით, ფილმში ფოკუსირება ფიფქიას რომანტიკულ ურთიერთობაზე არ უნდა ყოფილიყო.

"ამჯერად ეს არ გავაკეთეთ. ბავშვობაში ამ ანიმაციის მეშინოდა. მხოლოდ ერთხელ ვუყურე," - განუცხადა ზეგლერმა Variety-ს 2022 წელს და დასძინა - "ფილმში ფიფქია ცდილობს ლიდერი გახდეს. ორიგინალური მულტფილმი 1937 წელს გამოვიდა და ის სავსეა უკიდურესად მოძველებული იდეებით. "

უარყოფით გამოხმაურების გამო, თავდაპირველად ფილმის პრემიერა შეფერხდა. მოგვიანებით რეჟისორმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრემიერა ნაკლებად პომპეზური იქნებოდა და მას მხოლოდ ფოტოგრაფები და ფილმზე მომუშავე ადამიანები დაესწრებიან.

წყარო