ავტორი:

"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

"კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა დასახელდა" - ცნობილია ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსი: რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.

  • განცხადების თანახმად, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.

“ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის თანახმად, საუბრისას ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმირ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.

ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.

კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.

“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

  • რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში “ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს”.

ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ “ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე” ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.

განცხადების თანახმად, ტრამპი და პუტინი “შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

თეთრი სახლის თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

“ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: