“მიმდინარე რეპრესიების ფონზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს“, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.
ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.
სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.