ავტორი:

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ...? - ვინ არის სტამბოლის მერი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს?

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი და მოწინააღმდეგე, სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა.

როგორც თურქული მედია წერს, საქმე ეხება კორუფციასთან და ტერორიზმთან მის სავარაუდო კავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ექრემი დააკავეს რამდენიმე დღით ადრე 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატად დასახელებამდე - თურქეთის "რესპუბლიკური სახალხო პარტია" მომდევნო კვირას საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ მის დასახელებას აპირებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა ექრემ იმამოღლუს დიპლომი, "სხვადასხვა დარღვევების გამო", ბათილად ცნო, რაც ხელს შეუშლის მას არჩევნებში კენჭისყრაში, რადგან თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ისეთ პირს შეუძლია, რომელსაც უმაღლესი განათლება და შესაბამისი დიპლომი აქვს.

  • ამასთან, პროკურატურამ დაახლოებით, 100 ადამიანის, მათ შორის, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების დაკავების ორდერები გამოსცა. ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

ექრემ იმამოღლu, თურქეთის "რესპუბლიკურ saxalxo" პარტიას წარმოადგენს, თუმცა 2019 წელს, როდესაც სტამბოლის მერის პოსტი დაიკავა, ერდოღანის "კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების" პარტიას წარმოადგენდა, წლების შემდეგ კი მისი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა.

მედია წერს, რომ ექრემი ერდოღანის კვალს მიჰყვება და მათი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - წარსულში ერდოღანის პოლიტიკური კარიერაც სტამბოლის მერობით იწყებოდა. ასევე, ახალგაზრდობის წლებში ორივე მათგანი გატაცებული იყო ფეხბურთით.

  • 53 წლის ექრემ იმამოღლუს ექსპერტების და ანალიტიკოსები განიხილავენ როგორც თურქეთის მომავალ პრეზიდენტს. სტამბოლის მერის პოსტი მას 2019 წლიდან უკავია.

  • ბოლოს, 2024 წლის მარტში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ით დაამარცხა პრეზიდენტ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი.

იმამოღლუ დაიბადა ქალაქ აქჩააბათში, ტრაპიზონის დასავლეთით, დაამთავრა ტრაპიზონის საშუალო სკოლა, სადაც თამაშობდა სამოყვარულო ფეხბურთსა და ხელბურთს. ტრაპიზონის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კვიპროსის გირნეს ამერიკულ უნივერსიტეტში და თამაშობდა მეკარედ Türk Ocağı Limasol-ში.

1987 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადავიდა. სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, შემდეგ მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში. 1995 წელს იგი დაქორწინდა დილექ ქაიაზე - წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ექრემი ცოლთან ერთად

2002 წელს გახდა ფეხბურთის გუნდის, Trabzonspor-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ასევე იყო კალათბურთის გუნდის,Trabzonspor B.K-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ექრემ იმამოღლუს ოჯახი

  • აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაშინდელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ, გამარჯვების შემთხვევაში, ექრემი ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა.

ექრემ იმამოღლუ ქემალ ქილიჩდაროღლუსთან ერთად

ქილიჩდაროღლუს მხარდასაჭერ აქციაზე ექრემს თავს დაესხნენ. მაშინ დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფი აქციის მონაწილეებსა და მათ შორის ექრემს, ქვებს ესროდა..იმამოღლუ აცხადებდა, რომ ქვების სროლის შედეგად 17 ადამიანი მძიმედ დაზიანდა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

2023 წლის 28 მაისს, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანმა გაიმარჯვა, იმამოღლუმ განაცხადა, რომ "რესპუბლიკურ პარტიაში" ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო. ის ღიად დაუპირისპირდა პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს.

იმავე წლის 7 ივნისს იმამოღლუმ გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო. იმამოღლუს თქმით, არსებული ფორმით პარტია ვერ აკმაყოფილებდა თურქი ხალხის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მთავარ კონკურენტად მიიჩნევს

  • კრიტიკოსები აცხდებენ, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ერდოღანი და მისი პარტიის წარმომადგენლები უარყოფენ პრეტენზიებს და ამტკიცებენ, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.

თურქეთის პროსამთავრობო მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ გარდა გამოძალვისა და თაღლითობისა, იმამოღლუ ასევე, სავარაუდოდ, ეხმარებოდა "ქურთისტანის მუშათა პარტიას". ეს პარტია ტერორისტულ ჯგუფადაა გამოცხადებული თურქეთში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.