თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგანაც გათავისუფლების შემთხვევაში, მათ შორის არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით, უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით, მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მტკიცებულებები წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარესაც, მათ შორის იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ის კანონით არ იყო მოპოვებული, აღნიშნული დასკვნა სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად მაინც დაურთო.
თავად ბრალდებული კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკა კაციას განცხადებით, მას “ნარკოტიკები ჩაუდეს“, შესაბამისად მისი საქმე “თეთრი ძაფით არის ნაკერი”.
“თითს რომ მიქნევთ და მაშინებთ, ნუ მაშინებთ! მინდა მიხვდეთ, რაზეა საუბარი“, - ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
“მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ იწყება. მე კი არ უნდა ვიხვეწებოდე და გემუდარებოდეთ, ეს ისედაც უნდა მოხდეს. ვითხოვ გამოძიებას და რატომ არ იწყება?!
პირდაპირი ეთერით მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, რაც ცირკიც არ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. მე ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებსაც, როგორ იქცევით. ასეთი არასწორი კომუნიკაცია და რეპლიკები რომ არ ყოფილიყო, მე არცერთ შემთხვევაში ამას არ ვიტყოდი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ? ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?
ადრე ვთქვი სასამართლოზე, რომ ბარემ დამხვრიტეთ-მეთქი და მახსოვს თქვენ, შეიჭმუხნეთ და ძალიან ადეკვატური რეაქცია გქონდათ, მაგრამ მე გეუბნებით, ახლა, რომ როლები გავცვალოთ თუნდაც წარმოსახვით და თუ გაქვთ ამის უნარი, თქვენ გაგიჩნდებოდათ ზუსტად იგივე აზრი და შეგრძნება“, - მიმართა ბრალდებულმა ნიკა კაციამ მოსამართლეს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.