საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ერევანშია, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:
"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. რთულია, ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა.
სავარაუდოდ, მეტოქე გუნდი თავს კარგად დაიცავს და სწრაფი კონტრშეტევები ექნებათ. ზუსტად არ ვიცით, როგორ ითამაშებენ, იქნებ მაღალი პრესინგიც შემოგვთავაზონ. პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
კაპიტნობა საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული ამბავია. ჩვენი ნაკრები ყველას განსხვავებულად გვიყვარს, ამ გუნდისა და ფეხბურთელების კაპიტნობა ჩემთვის ბედნიერი გრძნობაა. მადლობა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის და იმედია, წარმატებული თამაში გამოგვივა".
Ambebi.ge ახლოს გაგაცნობთ ოთარ კიტეიშვილს, რომელიც სომხეთთან მატჩისას ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნებს:
ავსტრიული "შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის 26 მარტს, რუსთავში დაიბადა. "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილის სახელზე ამ კლუბში მოგებული ოთხი ტიტულია. 2015-16 წლებში ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის 2017 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ოთარ კიტეიშვილი 22 წლის ასაკში "დინამო თბილისის" კაპიტანი გახდა, ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მეორე ნახევრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიტეიშვილმა "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 98 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
ოთარ კიტეიშვილმა სამშობლოდან კარიერა ავსტრიაში, კონკრეტულად კი, გრაცის "შტურმში" გააგრძელა. ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოეწერა და ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 800 000 ევრო დაჯდა. თავდაპირველად მან ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა, შემდგომში ეს ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ის დღემდე ავსტრიული კლუბის შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელია.
კიტეიშვილი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო. ქართველი ამბობდა, რომ გრაცში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.
"აქ ძალიან მეგობრული ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, მე კი გუნდში საიმედო ხალხის ხელში ვარ“, - ამბობდა "კიტე" 2020 წელს ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.
"კიტეს" სატრანსფერო ღირებულების პიკიც სწორედ "შტურმში" ასპარეზობის პერიოდში დადგა. ავსტრიულ გუნდში გადასვლიდან მალევე მისმა სატრანსფერო ფასმა 1 მილიონ ევროს მიაღწია, ცოტა ხანში კი 3 მილიონს გაუტოლდა. transfermarkt - ის თანახმად, დღეს მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ. ევროა.
2023 წლის 30 აპრილს კიტეიშვილმა კლუბთან ერთად პირველი თასი მოიგო.
მეორედ 2024 წლის 1-ლ მაისს, კიტეიშვილის "შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა.
2024 წელი ფეხბურთელისთვის მართლაც საუკეთესო გამოდგა, საქართველოს ნაკრების რიგებში ის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, შტურმის" რიგებში კი ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ამასთანავე, კიტე" ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა პირებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ოთო კიტეიშვილი ელა ზარნაძეზეა დაქორწინებული. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. წყვილს ერთი გოგონა, ლივია ჰყავს. "კიტემ" შვილის მოლოდინის ამბავი გულშემატკივარს მოედნიდან, "რედ ბულ ზალცბურგის" კარში გატანილი ბურთის შემდეგ, გოლის აღნიშვნისას აცნობა
"რას ნიშნავდა ჩემი გოლის აღნიშვნა ზალცბურგთან შეხვედრაში? მამა ვხდები. ეს იქნება ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება. შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან საუბარში 2021 წლის მაისში.
"კეთილი იყო შენი მობრძანება ამ სამყაროში, ლივია", - ამ პოსტით შეეგება პატარას დაბადებას მამიკო "ინსტაგრამზე".
როგორც საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, წყვილი ხშირად მოგზაურობს.
ლივია 2022 წელს მოინათლეს, მისი ერთ-ერთი ნათლია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია.
წაიკითხეთ ასევე: