ავტორი:

"ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს" - უნიკალური ოპერაცია და სრულიად სხვა მარიამი: ვინ არის ექიმი, რომელმაც ქართველ გოგონას ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა

"ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს" - უნიკალური ოპერაცია და სრულიად სხვა მარიამი: ვინ არის ექიმი, რომელმაც ქართველ გოგონას ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა

გუშინ, მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძეს გულშემატკივრობდა, რომელსაც თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგონა ქუთაისელმა ფოტოგრაფმა დანტესმა იგივე დავით ოქროპილაშვილმა აღმოაჩინა.

  • მარიამი ხუთშვილიან ოჯახში ცხოვრობს. მისი პრობლემები 6 წლიდან დაიწყო, როდესაც ყბის განვითარება შეფერხდა. ბოლო წლებში პრობლემა კიდევ უფრო გართულდა და გოგონას საკვების მიღება უჭირდა.

დანტესი იყო ის ადამიანი, რომელმაც მარიამის პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობა ითხოვა. რის შემდეგაც მას თურქეთში მცხოვრები ქართველი მედ გიდი სტამბოლის წარმომადგენელი მედეა იობაშვილი გამოეხმაურა და საერთო ძალებითა და ხალხის ფინანსური დახმარებით შეძლეს, რომ გოგონას ოცნება აუხდა და 20 მარტს მარიამი მეორედ დაიბადა.

  • მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. გოგონას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს. ცნობილია ისიც, რომ ექიმმა ჰონორარზე უარი თქვა.

"მარიამის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, საბედნიეროდ მას არ დასჭირდა რეანიმაცია, რისი მოლოდინიც ექიმს ჰქონდა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ გოგონა პირდაპირ პალატაში აიყვანეს და გუშინ გავლაც მოახერხა. საჭმელსაც ჭამს და საუბარსაც იწყებს - ამბობს ოქროპილაშვილი "რუსთავი 2“-თან ჩართვაში.

ოპერაციის შემდეგ

"ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა. მარიამი ტანით ძალიან პატარაა, როდესაც ექიმმა ბავშვი ნახა, გვითხრა, რომ შეიძლება ორი დღე დასჭირდეს რეანიმაციაშიო. ოპერაციის შემდეგ მედეა ამბობდა, თუ კი ვინმემ ილოცა, ყველა ლოცვა მოუვიდა ბავშვს, ოპერაციის პროცესში ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონიაო".

ახლა გოგონა კლინიკაშია, სადაც რამდენიმე დღეს გაატარებს. ოქროპილაშვილის თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე იქნება ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ამისთვის კი სტამბოლში სასტუმრო უკვე დაქირავებულია.

ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

ვინ არის ექიმი, რომელმაც მარიამს უსასყიდლოდ ოპერაცია გაუკეთა

პროფესორი დოქტორი ალთან ვაროლი სტომატოლოგი და ყბა-სახის ქირურგია. დაიბადა 1977 წელს პლოვდივში, ბულგარეთში.

2001 წელს დაამთავრა მარმარას უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო დოქტორანტურა ამავე უნივერსიტეტის პირის, კბილების და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში.

2007 წელს დაასრულა დისერტაცია თემაზე "თემპორომანდიბულარული სახსრის ართროსკოპია". 2011 წელს მიიღო დოცენტის წოდება, ხოლო 2016 წელს გახდა პროფესორი.

2021 წლიდან მუშაობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირის, კბილების და ყბა-სახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. მისი კლინიკური ინტერესები მოიცავს ყბა-სახის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნათიკური ქირურგია), ყბა-სახის ტრავმატოლოგიას, ყბა-სახის სახსრის დაავადებებს და მკურნალობას, ძილის აპნოეს და ორალურ იმპლანტოლოგიას.