ავტორი:

გახსოვთ, ბუდუს თავით ბრძოლა, ჩედლის ლოცვა, "კვეკვეს" თერთმეტმეტრიანი, სანიოლის ტირილი... - 26:03:2024 - ისტორიული გამარჯვება და დღე, რომელმაც გაგვაერთიანა

გახსოვთ, ბუდუს თავით ბრძოლა, ჩედლის ლოცვა, "კვეკვეს" თერთმეტმეტრიანი, სანიოლის ტირილი... - 26:03:2024 - ისტორიული გამარჯვება და დღე, რომელმაც გაგვაერთიანა

ფეხბურთი და გამარჯვება აერთიანებს, აბედნიერებს და ხალხს ერთ მუშტად კრავს, ამაში ყველაზე უკეთ ზუსტად ერთი წლის წინ, 2024 წლის 26 მარტს დავრწმუნდით - ეს ის დღეა, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, დღე, როცა ყველას გული ერთი რიტმით ძგერდა და როცა მთელი საქართველო გამარჯვების სიხარულმა გააერთიანა..

  • ახდა ათწლეულების ოცნება - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და გაჩნდა ახალი თარიღი ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში: ახლა უკვე მშობლების თაობის მონათხრობის მოსმენით ტკბობა აღარ გვიწევს "დინამოს" იმ ლეგენდარულს გამარჯვებაზე - ახლა უკვე ჩვენი გამარჯვება გვაქვს.

გვაქვს კიდევ ერთი დღე, რომლის შესახებ საუბარსაც ასე დავიწყებთ - "გახსოვს?"

... და წამით, რომ ყველას სუნთქვა შეგვიკრა, იმ მომენტებს გავიხსენებთ.

  • 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენაზე" საბერძნეთს დაუპირისპირდა, მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. ამ ე.წ. საფეხბურთო ლატარიაში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა.

ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, კვარაცხელია. მეორე ტაიმში მიქაუტაძე შემოვიდა მოედანზე, მან ბუდუ ზივზივაძე შეცვალა. დამატებით დროში კი სანიოლმა კვეკვესკირი და დავითაშვილი შემოიყვანა.

ძირითად დროში მატჩი ანგარიშით 0-0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მთელი მატჩი დაძაბული იყო. მოედანზე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა.

მომენტი, როცა ვერავინ გაიგო, რატომ მისცა მსაჯმა წითელი ბარათი სათადარიგო სკამზე მჯდომ ლორიას

განსაკუთრებით დაძაბული იყო მეორე ტაიმის ბოლო წუთები, როდესაც ჩვენს ნაკრებს გოლის გატანის შანსი ჰქონდა. კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. მანამდე კი პირველ ტაიმის მიწურულს შეხლა-შემოხლა იყო სამწვრთნელო შტაბთან და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს გიორგი ლორიას.

  • პირველი 11-მეტრიანი "ქოჩორამ" დაარტყა და გაიტანა.

  • ბოლო 11-მეტრიანი, რომელიც უკვე იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა, ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

და შემდეგ იყო ეს - უსაზღვრო სიხარული, გამარჯვების ემოციები:

11-მეტრიანების დროს ერთ-ერთი მთავარი გმირი ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო. ვალენსიურმა გაზეთმა, "სუპერდეპორტემ" მას "საქართველოს ეროვნული გმირი" და "გამარჯვების მთავარი არქიტექტორი უწოდა"

ზეიმი გასახდელში
  • ამ დღიდან ბევრი მომენტი გვახსენდება. მათ შორის ერთ-ერთია ის, თუ როგორ ლოცულობდა ჩვენი გუნდის წარმატებისთვის ვილი სანიოლის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლი:

და შემდეგ იყო ზეიმი ქუჩებში, ფეხბურთელებთან ერთად, მომენტი როცა ყველას ერთმანეთი უყვარდა და გამარჯვებას ულოცავდა:

  • თქვენ, როგორ გაიხსენებთ 2024 წლის 26 მარტს?

ჩვენ კი ჩვენს ნაკრებს და ქვეყანას ბევრ ისეთ გამარჯვებას ვუსურვებთ, რომელიც ასე გაგვახარებს და გაგვაერთიანებს; წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გველოდება.