ავტორი:

გზა მილიარდერობიდან პატიმრობამდე - ქალი, რომელმაც ლეგენდარული ჰენრი კისინჯერიც გააბრიყვა: თაღლითობის დაუჯერებელი ამბავი

გზა მილიარდერობიდან პატიმრობამდე - ქალი, რომელმაც ლეგენდარული ჰენრი კისინჯერიც გააბრიყვა: თაღლითობის დაუჯერებელი ამბავი

ადამიანებს თაღლითობის არაერთი სქემა მოუფიქრებიათ, თუმცა ამბავი, რომლის შესახებ ახლა მოგიყვებით, თავისი მასშტაბურობით და შინაარსით სხვებისგან გამორჩეულია.

საქმე ეხება ელიზაბეთ ჰოლმსს, რომელიც წლების წინ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი იყო, რომლის ფოტოებს გავლენიანი ბიზნეს გამოცემები გარეკანზე ბეჭდავდნენ, სამყაროს გადარჩენის იმედს და "კაბიან სტივ ჯობსს" უწოდებდნენ.

  • რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა და ჰოლმსი დღეს ტეხასის ციხეში თაღლითობისთვის იხდის სასჯელს. სინამდვილე wall street journal-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია - აღმოჩნდა, რომ ელიზაბეთი თაღლითობის შედეგად შოულობდა მილიარდებს და თაღლითობის გამო იყო დიდების მწვერვალზე.

საზოგადოებისთვის კი გაურკვეველია რა იყო ამ თაღლითობის მიზანი ბევრი ფულის შოვნა, თუ აღიარების მოპოვების სურვილი. ეს კითხვა კი იმიტომ არსებობს, რომ ჰოლმსი ისედაც შეძლებული ოჯახიდანაა.

ელიზაბეთი 2023 წლიდან არის პატიმრობაში - მას 11 წლით და 3 თვით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

  • ვინ არის ელიზაბეთ ჰოლმსის დიდება და მარცხი

2014 წელს, 30 წლის ასაკში ელიზაბეთი დიდების მწვერვალზე იყო, მან 19 წლისამ დააარსა კომპანია Theranos, რომლის ღირებულებამ 9 მილიარდ დოლარს მიაღწია - კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის რევოლუციური მეთოდი გამოიგონეს. მათი მტკიცებით, შექმნეს ტესტი, რომელზეც სისხლის სამი წვეთის მოთავსებით შესაძლებელი იქნებოდა ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება როგორებიცაა კიბო და დიაბეტი.

2015 წლისთვის უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ და ერთ წელიწადში ჰოლმსის თაღლითობის შესახებ უკვე მთელ მსოფლიოში წერდნენ, 2018 წლისთვის კი მის მიერ დაარსებული კომპანია ჩამოიშალა.

კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას 11 წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესის დროს ჰოლმსმა დაადანაშაულო თავისი ყოფილი ბოიფრენდი და ბიზნეს პარტნიორი რამეშ ბალვანი დანაშაულის ჩადენის დროს მასზე ემოციურ და სექსუალურ ძალადობაში, რაც არღვევდა მის ფსიქიკურ მდგომარეობას.

ბალვანსაც, რომელიც ახლა 59 წლისაა, თაღლითობის ბრალდება წაუყენეს და გაასამართლეს. მან ელიზაბეთის ბრალდებებს "აღმაშფოთებელი“ უწოდა.

  • ელიზაბეთ ჰომსი გაიზარდა კომფორტულად, შეძლებულ ოჯახში, ვაშინგტონში. ოჯახთან დაახლოებული პირების თქმით, ის თავშეკავებული ბავშვი. ელიზაბეთის მეზობლად ცხოვრობდა გამომგონებელი და ბიზნესმენი. რიჩარდ ფუისი, რომელიც თვლის, რომ ჰოლმსის დაუოკებელ სურვილზე, მიეღწია წარმატებისთვის, შესაძლოა, სწორედ ფუისის ოჯახმა იმოქმედა.

რიჩარდ ფუისის თქმით, ჰოლმსის მშობლები აშშ-ის სამთავრობო წრეებთან ახლო კავშირში მყოფი ადამიანები იყვნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტატუსი და "ცხოვრობდნენ კავშირებისთვის“.

ელიზაბეთის მამის დიდმა ბაბუამ დააარსა Fleischmann's Yeast, რომელმაც შეცვალა ამერიკის პურის ინდუსტრია და ოჯახი კარგად აცნობიერებდა თავიანთ წარმომავლობას.

  • 9 წლის ასაკში ელიზაბეთმა მამას წერილი მისწერა, სადაც წერდა რომ სურდა რაღაც ისეთი აღმოეჩინა, რომლის შესახებ კაცობრიობამ არ იცის.

ელიზაბეთი მამასთან და ძმასთან ერთად

ელიზაბეთი შეძლებული ოჯახიდანაა. მშობლებისთვის სტატუსი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო

2002 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა 19 წლის ასაკში უნივერსიტეტი მიატოვა, დააარსა კომპანია Theranos და როგორც აღვნიშნეთ, აცხადებდა, რომ სისხლის მარტივი ტესტირების გზით დაავადებების დიაგნოსტირების რევოლუციური მეთოდი გამოიგონა.

ძლევამოსილი ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ ელიზაბეთით და დებდნენ ინვესტიციებს ყოველგვარი კითხვების გარეშე. მოგვიანებით კი ინვესტორები იხსენებდნენ, რომ ელიზაბეთს დარწმუნების გასაოცარი უნარი ჰქონდა და ისე თავდაჯერებულად საუბრობდა, რომ კითხვებს აღარავინ სვამდა.

  • მის მხარდამჭერებს შორის იყვნენ აშშ-ის მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ჯორჯ შულცი, მედია მაგნატი რუპერტ მერდოკი და აშშ-ის უმდიდრესი ოჯახი, უოლტონები. ელიზაბეთმა ლეგენდარული ჰენრი კისინჯერიც კი გააბრიყვა.

კისინჯერიც მისი დიდი მხარდამჭერი იყო. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ინვესტორმა თქვა, რომ Theranos-ში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო მას შემდეგ, ელიზაბეთი მას ჰენრი კისინჯერმა წარუდგინა.

ასე, რომ მსგავსი ადამიანების მხარდაჭერამ და ასევე მისმა თავდაჯერებულმა ქცევამ და მანერებმა ჰოლმსს სანდოობა მოუტანა.

2015 წელს კომპანია Theranos-ს ჯო ბაიდენი ესტუმრა, ელიზაბეთმა კი მას ინოვაციის შესახებ უამბო. კომპანია ჯომ აღფრთოვანებით დატოვა

ექიმი ჯეფრი ფლიერი იხსენებს ელიზაბეთთან შეხვედრას:

”ვიცოდი, რომ მას ჰქონდა ეს ბრწყინვალე იდეა და რომ მან შეძლო დაერწმუნებინა ყველა ეს ინვესტორი და მეცნიერი. დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, მაგრამ როდესაც რამდენიმე კითხვა დავუსვი მისი ტექნოლოგიების შესახებ, არ ჩანდა, რომ საკითხი კარგად ესმოდა. ცოტა უცნაურად მეჩვენა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ საქმე თაღლითობასთან გვქონდა“, - ამბობს ფლიერი.

  • საიდუმლოს ფარდა აეხადა

ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი მომჩივანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ Theranos-ის გამოგონება რეალურად ყალბი იყო. ამას მოჰყვა Wall Street Journal-ის ჟურნალისტური გამოძიება და სტატიების სერია, სადაც მხილებული იყო Theranos-ის თაღლითობა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ტესტირებისთვის რეალურად კომპანია იყენებდა სხვა მწარმოებლების მიერ გამოგონებულ აბსოლუტურად განსხვავებულ ტექნოლოგიებს.

საჩივრები დაგროვდა, პარტნიორებმა გაწყვიტეს ურთიერთობა და 2016 წელს აშშ-ის მარეგულირებლებმა ჰოლმსს აუკრძალა სისხლის ტესტირების სერვისის ოპერირება ორი წლით. 2018 წელს კი Theranos დაიშალა.

დაიწყო გამოძიება და ელიზაბეთს, ისევე როგორც მის ყოფილ ბოიფრენდს, ბალვანს თაღლითობასა და შეთქმულებისთვის ბრალი წაუყენეს. ამ უკანასკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ ჰოლმსმა შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში პაციენტები და ფინანსების მოსაზიდად თაღლითობდა, ის დიდებისკენ მიისწრაფოდა და დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, რომ ყველას მისი წარმატების შესახებ ესაუბრა.

პროკურორები აცხადებდნენ, რომ ის იყო "ამბიციებით დაბრმავებული".