ავტორი:

"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?

"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?

Signalgate-ის სკანდალი გრძელდება. გამოცემა The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა ამჯერად BBC-სთან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ აღმ,ოჩნდა ამერიკელი მაღალჩინოსნების ჩათში, სადაც ისინი "ჰუსიტებზე" თავდასხმის გეგმებს განიხილავდნენ.

მას შემდეგ რაც გოლდბერგმა ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა, ის კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც სკანდალურ ჩათში მყოფი პირების, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. ტრამპმა მას "ლუზერი" და "საზიზღარი" უწოდა, ხოლო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა - "მატყუარა" და "ბინძური".

BBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი მოვლენების განვითარებას იხსენებს. მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტელეფონზე, Signal-ის აპლიკაციაში ჩათში დამატების მიწვევა მიუვიდა მაიკ უოლცის სახელით, რაც მას დაუჯერებლად ეჩვენა.

  • "მიწვევას დავთანხმდი. უეცრად კი ძალიან უცნაურ ჯგუფურ ჩათში აღმოვჩნდი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობასთან ერთად", - იხსენებს გოლდბერგი.

საინტერესოა, რომ მაიკ უოლცის თქმით, გოლდბერგს არ იცნობს, ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვედრიან, თუმცა ჟურნალისტმა მათ ურთიერთობაზე დაწვრილებით საუბარი არ ისურვა.

"მას შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას, მაგრამ მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენს ურთიერთობაზე ან - ურთიერთობის არქონაზე. როგორც რეპორტიორი, თავს უხერხულად ვგრძნობ, საჯაროდ ვისაუბრო იმ ურთიერთობებზე, რაც შეიძლება, სიახლეების შემქმნელებთან მქონდეს ან - არ მქონდეს", - ამბობს გოლდბერგი.

  • ერთი რამ ცხადია: Signal-ზე ვინმესთან დასაკავშირებლად უკვე უნდა გქონდეს მისი საკონტაქტო მპ,ერი, ამიტომ, დიდი ალბათობით, უოლცს გოლდბერგის ტელეფონის ნომერი ჰქონდა. უმაღლესმა უსაფრთხოების მრჩეველმა თქვა, რომ ილონ მასკს სთხოვა, გამოიძიოს, თუ რა მოხდა რეალურად. გოლდბერგს ეს იდეა არ მოსწონს.

"მართლა, ილონ მასკს უნდა გამოაძიებინოთ, როგორ მოხვდა ვიღაცის ტელეფონის ნომერი სხვის ტელეფონში? მე მგონი, ნებისმიერ 8 წლის ასაკის ბავშვსაც შეუძლია ამის მიხვედრა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობის პირები, ამ ყველაფერს თქვენს ტელეფონებში, Signal-ზე უნდა აკეთებდეთ?" - ამბობს რეპორტიორი.

კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს ისეთი მწვავე პირადი თავდასხმებისას, რომლებიც მთავრობის უმაღლესი დონიდან მოდიოდა, გოლდბერგი პასუხობს:

"ეს მათი მეთოდია. არასდროს დაიცვა თავი, მხოლოდ შეუტიე. ამიტომ, ვზივარ ჩემთვის, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ისინი ამ Signal-ის ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან. ეს არ მესმის".

წყარო