ავტორი:

რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა

რა მოხდა ეგვიპტეში, ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში - როგორ გამოიყურებოდა წყალქვეშა ნავი კატასტროფამდე, რომელსაც 6 ადამიანი შეეწირა

ეგვიპტეში, ჰურგადას სანაპიროსთან, ტურისტული წყალქვეშა ნავი "Sindbad" ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათგან ორი არასრულწლოვანი, დაშავდა ცხრა. ადგილობრივი გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 29 ადამიანი გადაარჩინა.

  • ეგვიპტეში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორტზე მყოფი 45-ვე მგზავრი, მათ შორის არასრულწლოვნები, რუსეთის მოქალაქეები არიან - ეს ინფორმაცია ეგვიპტის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

კრისტინა ვალიულინა და მისი მეუღლე რავილ ვალიულინი გარდაცვლილთა შორის არიან

წყალქვეშა ნავი "სინდბადი" ჰურგადაში ააგეს და ამ ტურისტულ ქალაქში ოპერირებდა. ნავის ჩაძირვის მიზეზი და გარემოება ჯერ ცნობილი არ არის. რუსული მედია იუწყება, რომ "სინდბადი" რიფს დაეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, შეჯახება ზღვის დონიდან 65 ფუტის სიღრმეში მოხდა.

  • ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ტურისტების მიერ წყალქვეშა ნავში გადაღებული ვიდეოები გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ წინა ექსკურსიებს სინდბადზე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა - ერთმა ოჯახმა მას "დიდი გამოცდილება" უწოდა, მეორემ კი თქვა, რომ მოგზაურობა "ძალიან სასიამოვნო იყო".

ოპერატორის, Sharm Hurghada Excursions-ის ინფორმაციით, წყალქვეშა ტური სამსაათიანია. ზრდასრული მგზავრებისთვის ბილეთის ღირებულება 68 ფუნტია, ბავშვებისთვის კი 35 ფუნტი. კომპანია ვიზიტორებს სთავაზობს დატკბნენ ჰურგადას წყალქვეშა ცხოვრებით და ვრცელი მარჯნის რიფებით.

ეს ტურისტული გემის ჩაძირვის პირველი შემთხვევა არ არის: გასული წლის ნოემბერში, ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროსთან, ტურისტული ნავი სახელად Sea Story ჩაიძირა. ინციდენტი მკაცრი ამინდის პირობებში მოხდა, ეგვიპტის წითელი ზღვის პორტების ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლე 10-დან 13 ფუტამდე მერყეობდა.

ზოგიერთი გადარჩენილი ვერტმფრენით დააბრუნეს ნაპირზე სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზოგი კი სხვა გემით გადაიყვანეს.

წყარო