საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა.
მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.
"მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები, გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მზიანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება“ წყობიდან საზოგადოების სოლიდარობას, ერთობას, ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას გამოჰყავს.
"„მთავარი მიღწევა, თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება, ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხა ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით. ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორე მხრივ მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია, პროტესტი ვერ გააჩერეს, ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პროტესტის ძალა აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება. 4 თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა - "ცეცხლი ოლიგარქიას“ არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია.
გურიაში სტიქიის წინააღმდეგ, ჯარიმების გადახდაში ერთმანეთის დახმარება, სასამართლოსთან ერთად დგომა - ესაა ნამდვილი ერთიანობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება.
დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ - უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ სოლიდარობასა და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას
გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
იხილეთ ასევე: