ავტორი:

საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?

საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის "გენდერი“ ამოღება და სხვა ცვლილებათა პაკეტი - რას დაუჭირეს მხარი პარლამენტში მესამე მოსმენით?

საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის „გენდერი“ ამოღებას პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ამ მიმართულებით ცვლილება 16 სხვადასხვა კანონში შევიდა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, საბოლოო მოსმენით - 80 - ხმით, ერთხმად მიიღეს.

  • როგორც მმართველი უმრავლესობა აცხადებს, ტერმინი „გენდერი“ „გარედან იყო თავს მოხვეული“.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს სახელწოდება შეეცვალა - მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქვა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვალა ჩანაწერით - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ - “ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“. კანონში გამოყენებული სიტყვები “გენდერულად მგრძნობიარე“, შეიცვალა სიტყვებით “სქესის ნიშნისადმი მგრძნობიარე“ და ასე შემდეგ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

  • საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საბოლოო გადაწყვეტილება, დღეს, 2 აპრილის პლენარულ სხდომაზე, 81 ხმით მიიღეს.

ამ მიმართულებით ცვლილება 14 სხვადასხვა კანონში განხორციელდა. პარლამენტის რეგლამენტი და მთელი რიგი სხვა კანონები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებდა.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, მაგალითად, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატები კონკურსის წესით აღარ შეირჩევიან.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახა, რომლის მიხედვით, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა აქამდე სავალდებულო იყო.

როგორც სახელისუფლო უმრავლესობა განმარტავს, „არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა იმ რეალურ მიზანს ვერ ასრულებს, რასაც კანონმდებლის ნება ემსახურებოდა“.

„ბოლოდროინდელმა ვითარებამ, მათ შორის USAID-ის გარშემო მსოფლიო მასშტაბით განვითარებულმა მოვლენებმა, გამოავლინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება. შესაბამისად, ისინი დამფინანსებელი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ქმედებები დამყარებულია არა ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებზე, არამედ გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან.

მიუხედავად იმისა, რომ NGO-ებს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მიღება და იდეების შეთავაზება შეუძლიათ, მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას.

შესაბამისად, ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა - საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებები, აუცილებელია სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები“, - წერია საკანონმდებლო პაკეტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - მამუკა მდინარაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა.