ავტორი:

აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"

აღმოჩენა პომპეიში - სამარხში ქალისა და მამაკაცის ქანდაკებები ნახეს: "მისი სამკაულები მიგვანიშნებს, რომ მღვდელმსახური იყო"

არქეოლოგებმა პომპეის ნეკროპოლისის გათხრების დროს ორი სკულპტურა აღმოაჩინეს. ქალის და მამაკაცის სკულპტურები რომის რესპუბლიკის გვიანი პერიოდით თარიღდება.

  • ქალი, სავარაუდოდ, ძველი რომაული მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთის, ცერესის ქურუმი უნდა ყოფილიყო.

მისი სამკაულები და აქსესუარები - საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, ნახევარმთვარის ფორმის ყელსაბამი - მიგვანიშნებს, რომ ის ცერესის მღვდელმსახური იყო. მას ხელში პაპირუსის გრაგნილი და დაფნის ფოთლები უჭირავს - ამ ფოთლებს ძველ რომში რელიგიური სივრცეების განწმენდისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებისთვის უცნობია მამაკაცის ვინაობა - "ეს შეიძლება მისი ქმარი ან შვილია. წარწერა არ არის, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით", - ამბობს გაბრიელ ზუხტრიგელი, პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი.

პორტა სარნოს ნეკროპოლის გათხრები პომპეის არქეოლოგიური პარკისა და ვალენსიის ევროპის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.

  • პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს განადგურდა. იგი პირველად 1748 წელს აღმოაჩინეს, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები 1860 წლამდე არ დაწყებულა. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქში 10 000-დან - 20 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. დღემდე აღმოჩენილია1 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.

წყარო