ავტორი:

ტრამპი გლობალურ სავაჭრო ომს იწყებს? - გაზრდილი ტარიფები და მსოფლიო ლიდერების განცხადებები: "თუ საპასუხო ზომებს მიიღებთ, ესკალაცია გარდაუვალი იქნება"

ტრამპი გლობალურ სავაჭრო ომს იწყებს? - გაზრდილი ტარიფები და მსოფლიო ლიდერების განცხადებები: "თუ საპასუხო ზომებს მიიღებთ, ესკალაცია გარდაუვალი იქნება"

დონალდ ტრამპი აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა.

  • ტრამპის თქმით, აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - უფრო მაღალი ტარიფები დაუწესდებათ.

დაახლოებით 60 ქვეყანას, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ამერიკულ საქონელზე ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული (მათ შორის ვალუტის მანიპულაციებით და სავაჭრო ბარიერებით), აშშ-ის მხრიდან დაახლოებით განახევრებული ტარიფები დაუწესდებათ მათ ტარიფებთან შედარებით.

მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს ამერიკულ საქონელზე 67%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული, ხოლო აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება.

სხვა დაანონსებული ტარიფებია: ევროკავშირზე - 20%, ვიეტნამზე - 46%, ტაივანზე - 32%, იაპონიაზე - 24%, ინდოეთზე - 26%, სამხრეთ კორეაზე - 25%, ტაილანდზე - 36%, შვეიცარიაზე - 31%, ინდონეზიაზე - 32%, მალაიზიაზე - 24%, დიდ ბრიტანეთზე - 10%, ისრაელზე - 17%, სამხრეთ აფრიკაზე - 30%.

  • საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ასევე, უკრაინის, თურქეთის მიმართ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს. - საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს შევა ძალაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე 25%-იანი ტარიფი დააანონსა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა უცხოურ ავტომობილზე.

  • რას პასუხობენ მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას?

“ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებს და საპასუხო ზომებს მიიღებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - The Economic Times-ის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის ტარიფები "არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს და სერიოზულად აზიანებს შესაბამისი მხარეების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს”.

  • კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს მისი ქვეყანა საპასუხო ზომებით შეეწინააღმდეგება.

”მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად და ძალით - ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ,” - აღნიშნა კანადის პრემიერმა.

  • შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მის ქვეყანას სავაჭრო ომი არ სურს.

"ჩვენ არ გვინდა მზარდი სავაჭრო ბარიერები. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო ომი. ჩვენ გვინდა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის გზაზე დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ქვეყნებში ხალხმა შეძლოს უკეთესი ცხოვრებით ტკბობა“, - აღნიშნა კრისტერსონმა.

  • იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ტარიფებს "არასწორი" უწოდა და განაცხადა, რომ ამან შეიძლება სავაჭრო ომი გამოიწვიოს.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად შეასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია მელონის განცხადებაში.

  • ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზი განცხადებით, ტარიფები მოულოდნელი არ არის, მაგრამ ისინი სრულიად გაუმართლებელია.

"ადმინისტრაციის ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვს და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს. ეს არ არის მეგობრის ქმედება," - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

  • შვეიცარიის პრეზიდენტმა, კარინ კელერ-სატერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სატარიფო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მისი მთავრობა სწრაფად განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს.

"ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები უმთავრესია. ძირითად ღირებულებებად საერთაშორისო სამართლის ერთგულება და თავისუფალი ვაჭრობა რჩება", - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა.

  • სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ჰან დაკ-სოს განცხადებით, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად.

"მაშინ, როცა გლობალური სავაჭრო ომი რეალობად იქცა, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

  • კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლაურა სარაბიას თქმით, ქვეყანა განიხილავს ზომებს იმ მიზნით, რომ ეროვნული ინდუსტრია და ქვეყნის ექსპორტიორები დაიცვას.

ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავენ ყველა შესაძლო ქმედებას ვაჭრობაში ნაცვალგების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მიმართავენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების დასაცავად.

“პრეზიდენტ ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების შესახებ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირზე, უდიდესი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს უარყოფითი შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში.

"ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. მოდით, თვალი გავუსწოროთ უზარმაზარ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. შედეგები მაშინვე საგრძნობი იქნება. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ სხვები უსამართლოდ სარგებლობენ არსებული წესებით და მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რათა გლობალური სავაჭრო სისტემა მოერგოს გლობალური ეკონომიკის რეალობას. მაგრამ ასევე მინდა გარკვევით ვთქვა: ტარიფები ამას არ გამოასწორებს.

თავიდანვე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის ნებისმიერი ბარიერის მოსახსნელად. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის. უკვე ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ. ახლა ვემზადებით შემდგომი საპასუხო ზომებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ბიზნესი, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის გავაძლიერებთ და დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს და მუდამ მხარს დავუჭერთ ევროპას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც და პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაჭრა დაგვიანებული არ არის. მან ევროპელებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპას აქვს ყველაფერი გამოწვევების გადასალახად.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, “ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება“.

"სრული მხარდაჭერა ევროკომისიას აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის მძლავრ მამოძრავებელ მექანიზმს წარმოადგენს. ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება“, - წერს ანტონიო კოშტა.

მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

"დროა მერკოსურთან და მექსიკასთან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და ინდოეთთან და სხვა მთავარ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

რაც შეეხება აშშ-ის პოზიციაც, ქვეყნის სახაზინო მდივნის თქმით, “აშშ-ის ტარიფებზე ქვეყნების საპასუხო ქმედებები ესკალაციას გამოიწვევს“.

  • აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ქვეყნებს მოუწოდა, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ახალ სანქციებს არ უპასუხონ.

"ჩემი რჩევა ყველა ქვეყნისთვის იქნება: ნუ გადაუხდით სამაგიეროს, რადგან თუ საპასუხო ზომებს მიიღებთ, ესკალაცია გარდაუვალი იქნება", - განუცხადა ბესენტმა Fox News-ს.