ავტორი:

"ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება" - რას ამბობს ვაშინგტონში მყოფი პუტინის წარმომადგენელი მოლაპარაკებების შედეგებზე

"ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება" - რას ამბობს ვაშინგტონში მყოფი პუტინის წარმომადგენელი მოლაპარაკებების შედეგებზე

"პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია", - ამის შესახებ რუსეთის "პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

  • მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთან დიალოგი არ ყოფილა და "რუსული პოზიციის გაგების მცდელობა არ ყოფილა“.

"ამერიკა უსმენს რუსეთის პოზიციებს, რაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა გააკეთა, ეს არის ის, რომ მათ მიაღწიეს პირველ დეესკალაციას კონფლიქტში, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს კარგი დისკუსიები, ჩვენი დიპლომატებიც განიხილავენ შესაძლო შედეგს. ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდმა არა მხოლოდ შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, არამედ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზე“, - აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

კითხვაზე, არის თუ არა სანქციების მოხსნა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების პირობების ნაწილი, დმიტრიევმა უპასუხა, რომ რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან სანქციები რუსეთზე მეტად ევროპასა და აშშ-ს აზარალებს.

"რუსეთი არ ითხოვს სანქციების მოხსნას, რადგან თუ გადავხედავთ ჩვენს მშპ-ს ზრდას, შარშან ის 4 პროცენტი იყო, ევროპაში მხოლოდ ერთი პროცენტი. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ რეალურად ამერიკულმა კომპანიებმა დაკარგეს დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის მოგება რუსეთიდან გასვლით. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციები შეიძლება მოიხსნას, როდესაც ამერიკული კომპანიები მოისურვებენ დაბრუნებას, მოისურვებენ ისარგებლონ რუსეთში ბიზნეს შესაძლებლობებით. რუსეთი არ აყენებს რაიმე წინაპირობებს და არ ითხოვს კონკრეტული სანქციების შემსუბუქებას“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

  • მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია:

"ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ", - აღნიშნა დმიტრიევმა.

კითხვაზე, არის თუ არა ისეთი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელსაც რუსეთი მიიღებს, დმიტრიევმა უპასუხა, რომ "შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული ფორმით მისაღები იყოს რუსეთისთვის“.

"ვფიქრობ, თქვენ იცით, მე ორიენტირებული ვარ ინვესტიციებზე და ეკონომიკაზე, ასე რომ, კონკრეტულ საკითხებზე უფრო ჰიპოთეტურად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ შეუძლებელია და ვფიქრობ, ეს ფართოდ იქნა მიღებული, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ. უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული ფორმით, შეიძლება მისაღები იყოს რუსეთისთვის“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

ცნობისთვის, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება. მან გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩავიდა.