მათ, ვისაც გამოწვევები არ აშინებს და განათლების გზაზე გაჩერებას არ აპირებს, „საქართველოს ბანკი“ „ჩივნინგის პროგრამასთან“ პარტნიორობით შესაძლებლობას აძლევს, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე დიდ ბრიტანეთში, სრულიად უფასოდ გააგრძელოს სწავლა.
„ჩივნინგი“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც 1983 წლიდან დღემდე 118 ქვეყნის სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს. „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გარდა, მგზავრობის, ცხოვრებისა და ვიზის ხარჯებიც უფინანსდებათ.
„საქართველოს ბანკის“ ჩივნინგის სტიპენდია უკვე 30-ზე მეტ სტუდენტს აქვს მოპოვებული. მათ შორის არის პედაგოგი ნანა გელაშვილი, რომელიც „ლიდსის უნივერსიტეტში“ განათლების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა.
ნანამ საბაკალავრო საფეხურზე განათლება საქართველოში მიიღო, თუმცა ყოველთვის სურდა, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. ასევე, მუდმივად ზრუნავდა პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც როგორც პედაგოგი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად არის ჩართული.
რა გზა გაიარა „ჩივნინგის პროგრამამდე“, რას ნიშნავს მისთვის ბრიტანული განათლება, როგორ გამოიყენებს მას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და რას ურჩევთ მათ, ვისაც „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოპოვება სურს, ამის შესახებ ნანა გელაშვილი დეტალურად საუბრობს:
ნანა, რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგი მუდმივად ვითარდებოდეს, ეცნობოდეს საერთაშორისო პრაქტიკას და რა გზას გადიხართ თქვენ ამისთვის?
როგორც პედაგოგი აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, მუდმივად ვცდილობ პროფესიულად განვითარდე. „ჩივნინგის პროგრამამდე“ მონაწილეობა მივიღე eTwinning პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით 2018-2019 წლებში, ორჯერ – საერთაშორისო საგანმანათლებლო სემინარებში. 2023 წელს კი Fulbright TEA საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში პროფესიული განვითარების მიზნით, გავდიოდი სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის „გრინსბოროს უნივერსიტეტში“.
მუდმივი განვითარება, სიახლეების მიღება და შესწავლა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის შეუცვლელი კომპონენტია. როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი, მუდმივად ვცდილობ, გავიღრმაო ჩემი ცოდნა და უნარები, რათა განვვითარდე როგორც პროფესიონალი. განათლებული თაობები ქმნიან ქვეყნის წარმატებულ მომავალს, და მასწავლებლის როლი საზოგადოებაზე განათლების თაობის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვანია.
გვიამბეთ, როგორ გახდით „ჩივნინგის“ სტიპენდიატი? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს შესაძლებლობა?
განათლების სფეროში არსებულ სიახლეებს მუდმივად ვადევნებ თვალს. „ჩივნინგის“ პროგრამის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, ხოლო 2024 წელს გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო მასში და გამეზარდა ჩემი პროფესიული შესაძლებლობები. ამ სტიპენდიამ დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა მომცა, რაც ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული განვითარებისთვის, არამედ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.
ბრიტანული განათლება მაძლევს თანამედროვე ცოდნას, კვლევით გამოცდილებას და მეხმარება კრიტიკული აზროვნების უნარის კიდევ უფრო ჩამოყალიბებაში, რაც ჩემი პროფესიული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მომცემს, გავხდე უფრო ეფექტური ლიდერი განათლების სფეროში და პოზიტიური ცვლილებები შევიტანო მასში. მიღებულ ცოდნას საქართველოში გამოვიყენებ, რათა ხელი შევუწყო მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და განათლების სისტემის გაუმჯობესებას.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რა გაძლევდათ მოტივაციას, გაგეგრძელებინათ საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობა და განვითარება?
მუდმივად ვგრძნობ ჩემი საყვარელი ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერას, რაც დიდი მოტივაციაა ჩემთვის, რათა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. გამოწვევები სკოლის ასაკიდანვე მომწონდა, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობდი, განვითარების გზაზე გამეგრძელებინა სვლა. ვფიქრობ, რომ სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობაში დისციპლინა და ორგანიზებულობა დამეხმარა. სტიპენდიას მოპოვება ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ კონკურსში გამარჯვებამ უფრო მეტი წარმატების მიღწევის მოტივაცია მომცა. პედაგოგის პროფესია მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, თუმცა ის ასევე ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. იყო პედაგოგი, ნიშნავს მუდმივად მუშაობას თვითგანვითარებაზე.
როგორ აპირებთ მიღებული ცოდნის სამომავლოდ გამოყენებას?
სწავლის დასრულების შემდგომ, ვგეგმავ როგორც აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას და საქართველოს რეგიონულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას, ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში განათლების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი და სხვა სტიპენდიატების დასაქმებას საჯარო უწყებებში, რაც დაგვეხმარება სფეროს განვითარებასა და მართვის დემოკრატიული პარადიგმის დანერგვაში.
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს როგორც საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის კუთხით, ისე კარიერულად, როგორ შეინარჩუნონ მოტივაცია, რომ არ გაჩერდნენ განათლებისა და პროფესიული განვითარების გზაზე?
როდესაც ადამიანები დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ან კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიზნისკენ ჯიუტად იარონ და ჰქონდეთ მუდმივი განვითარების სურვილი. ჩემი რჩევა იქნება: მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ მოტივაცია, შეინარჩუნოთ სიჯიუტე და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ხშირად გამოწვევები და სირთულეები განვითარების ნაწილია. შეინარჩუნეთ პოზიტიური ხედვა, დროდადრო შეაფასეთ საკუთარი პროგრესი და არ შეგეშინდეთ შეცდომებისგან სწავლა. ასევე, მოიძიეთ ადამიანები და შექმენით წრე, რომელიც მხარს დაგიჭერთ, რომ არ შეჩერდეთ და მუდმივად გააგრძელოთ სწრაფვა ახალი შესაძლებლობებისკენ.
აღსანიშნავია, რომ „ჩივნინგის“ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ბაკალავრის ხარისხი უკვე მოიპოვეს.
„ჩივნინგის“ პროგრამის სასტიპენდიო კონკურსისთვის განაცხადების მიღება ზაფხულში განახლდება. მონაწილეობის მისაღებად და ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
R