ავტორი:

“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)

“ფოტოს გადაღებისას არაა მისაღები პოზები, ამიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით“ - როგორ ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში: ქართველი მოგზაურის შთაბეჭდილებები (ფოტო/ვიდეო)

ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე, რომელიც დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში - ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, საიდანაც გამომწერებს ფოტო და ვიდეო მონაკვეთებს უზიარებს.

Soso Around The World თავის არხებზე, მსოფლიოსთვის აქამდე მიუწვდომელ ინფორმაციას აქვეყნებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაფერი არ არის და საზოგადოებას წარმოუდგენელი, ვრცელი ვიდეო ელოდება.

ამჯერად ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში იმყოფება.

  • “ეგაა ჩამოვედი, ფხენიანში ვარ“, - წერს მოგზაური და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ფონზე ქალაქის მოედანი ჩანს.

“ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებშია, უნდა იყიდო 10-10 წუთიანი სესიებია და რიგში მანდ მარტო ერთი საათი ვიდექი. ვიყიდე და ძლივს ერთი ფოტო ავტვირთე, სხვას ვერაფერს იზამ ამ ინტერნეტით, ძალიან ცუდად მუშაობს. სხვა მხრივ ყველაფერი ჯიგრულადაა

საათზე მეტი დამჭირდა ეს ფოტო რომ ამეტვირთა", - წერს სოსო ნებიერიძე.

  • მისი თქმით, ქალაქს ბევრი შეზღუდვა აქვს. ერთ-ერთია შეზღუდვა პოზირებაზე, ამიტომ ყველა ფოტოში ძირითადად ერთნაირად დგას.

“ფოტოს გადაღებისას არაა აქ მისაღები პოზები, მაგიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით,“ - უყვება ნებიერიძე გამომწერებს.

მოგვიანებით ქართველმა მოგზაურმა ფხენიანის სტადიონიდან ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. მან მონაწილეობა მიიღო მარათონში, სადაც 47 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ის საქართველოს სახელით გამოვიდა.

“Pyongyang international marathon. 🇰🇵 დღეს ფხენიანის რიგით 31ე საერთაშორისო მარათონში 47 ქვეყნის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. მე ვარ პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ძალიან მიხარია. საოცარი ვიდეო გელით,“ - წერს სოსო ნებიერიძე.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის საერთაშორისო მარათონი ჩრდილოეთ კორეაში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. მას ასობით მორბენალი, მათ შორის უცხოელი სპორტსმენები შეუერთდნენ. მონაწილეებმა დედაქალაქის ქუჩებში ირბინეს, თუმცა ყველაფერი მკაცრად კონტროლირებადი იყო.

მარათონი ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, ამჟამინდელი მმართველის პაპის - კიმ ირ სენის, დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა.

სოსო ნებიერიძე გახდა პირველი ადამიანი ვინც საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ამ მარათონში.

  • მან მარათონის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოს მონაკვეთიც გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ დამსწრეები ტაშს უკრავენ და კეთილგანწყობას გამოხატავენ.

ყველაზე მეტად, გამომწერებს შორის ფონად გამოჩენილმა ნაგებობებმა და ადგილობრივებმა მიიქციეს ყურადღება. ისინი აღნიშნავენ, რომ ქუჩები თითქმის ცარიელია, თუმცა სუფთა. ხალხს, კი ძირითადად ერთ ფერში, თითქმის ერთნაირად აცვია.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყნად მიჩნევა, რომელსაც დიქტატორი კიმ ჩენ ინი მართავს.

ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები და წესები მოქმედებს. შეზღუდულია ინტერნეტის მოხმარება, აკრძალულია გარკვეული ტიპის სამოსის ჩაცმა და ზოგიერთი ვარცხნილობაც კი.

როგორც დასავლური მედია წერს, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და მათთვის საკვებიც კი ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ტურისტმა ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა შეძლო.

იხილეთ ასევე: