ავტორი:

როგორ აამღერა აბიტურიენტმა გოგონამ ფილოსოფიის დოქტორი -  რას გვიყვება ბათუმელი გიორგი მასალკინი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოსა და თავის ცხოვრებაზე?

როგორ აამღერა აბიტურიენტმა გოგონამ ფილოსოფიის დოქტორი -  რას გვიყვება ბათუმელი გიორგი მასალკინი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოსა და თავის ცხოვრებაზე?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თინეიჯერი გოგონა, აბიტურიენტი - ხატია აბაშიძე, რომელიც მანამდე ტელემაყურებელმა ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო, ფილოსოფიის დოქტორ, ბათუმელ გიორგი მასალკინთან ერთად, ყველასთვის ცნობილ სიმღერას - "ისევ მიდიხარ“ არაფორმალურ გარემოში გამორჩეულად კარგად ასრულებს. ვიდეო, რომელიც ხატიამ ასე დაასათაურა: "ერთხელ, ფილოსოფიის დეპარტამენტში", ვირუსულად გავრცელდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

AMBEBI.GE გიორგი მასალკინს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას გვეტყვით ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა, რომელშიც ხატია აბაშიძესთან ერთად, ცნობილ სიმღერას ასრულებთ...

- მართლაც გასაკვირია, რომ ასე აიტაცეს ეს ვიდეო. არაფორმალური სიტუაციაში ყველასთვის ნაცნობი სიმღერის ერთი კუპლეტის წამღერება დიდად პოპულარული აღმოჩნდა. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა - პირველი - ამ სიმღერის უშუალო შემსრულებელია, 17 წლის ხატია აბაშიძე. მე არანაირი ამბიცია არასდროს მქონია, მემღერა. საერთოდაც არ ვმღერი. ახლა კი მეუღლე მეხუმრება, - შეგიძლია მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, - ბატონო გიორგი, რა კარგად მღერითო... არადა, ხატია მღერის კარგად, ის მართლაც უნიჭიერესი გოგონაა.

ამ ვიდეოს პოპულარობის მეორე მიზეზი მისი პოზიტიურობაა, რომელიც ხალხს ასე მოენატრა. კომენტარებს ხომ ვკითხულობ და ყველა ძალიან თბილია, რაც "ფეისბუქისთვის“ ცოტა უჩვეულოა.

ხატია ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში. ჩემი მეგობრის შვილია, მამამისი ფილოსოფოსი მერაბ აბაშიძეა, რომელიც ამჟამად სოფელში ცხოვრობს. დედა დონარი ჭელიძე მასწავლებელია. ჭარნალი ძალიან ლამაზი და ისტორიული სოფელია, იქაურობას ხშირად ვსტუმრობთ.

ხატია ახლა აბიტურიენტია და პედაგოგებთან ბათუმში დადის. ზოგჯერ კი, როცა შესვენება აქვს, ჩემთან გამოირბენს ხოლმე. ხან კომპიუტერი სჭირდება, ხან რაღაცის ამობეჭდვა უნდა. მერე, როცა ჩვენთან ლექციები დასრულებულია, ასე დაჯდება კომპიუტერთან. მე იქ ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვმუშაობ ხოლმე, ჩართავს ტელეფონს და მღერის... ეს ჩვენი მესამე ერთობლივი ნამღერია, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. მეკითხებიან, სპონტანური იყოო? არ იყო სპონტანური, ვიცოდი, რომ ტელეფონი ჩართული იყო, მაგრამ არასდროს ვიცი, რას გაუშვებს, როდის გაუშვებს ან რომელ მონაკვეთს. ისე კი, მეგონა, რომ ეს ჩანაწერი მაინც ვიწრო წრისთვის იქნებოდა - ამას არ ველოდი, თორემ უკეთესად მოვემზადებოდი... თუმცა შესაძლოა მომზადებას საქმეც გაეფუჭებინა. ჩანაფიქრი იყო ისეთი, რომ უნდა ავყოლოდი ერთ კუპლეტში, რადგანაც მთელ კუპლეტს ჩემი ხმით ვერ ვქაჩავ. მოკლედ, ასე წავიმღერე. მაგ ვიდეოში კიდევ ერთი კინემატოგრაფიული მომენტია, რაც ხატიამ კარგად გამოიყენა. ბოლოს რომ უბრუნდება მაყურებელს, კამერას უყურებს და იღიმის. მიიღეთ ღიმილით ჩვენგან ის, მანამდე რაც შემოგთავაზეთო. ეს არ არის სერიოზული შესრულება. ჩანაფიქრი იყო ისეთი, როგორიც არის. აქ უშუალობაა მთავარი.

- ხატია, ერთ-ერთი სატელევიზიო, მუსიკალური პროექტის კონკურსანტი იყო... კარგად მღერის...

- კი. ბათუმში მუსიკალურ სასწავლებელში დადის. 24 საათი სულ რაღაცით არის დაკავებული. წერს ლექსებს, უკრავს ფორტეპიანოზე, ეუფლება საოპერო ვოკალს, აბარებს ფილოლოგიურზე. ფაქტობრივად, ჩემს თვალწინ გაიზარდა არა მუსიკალური მიმართულებით, ცხადია. რაც შეეხება პროფესიას, მენეჯმენტს, თუ გარკვეულ საკითხებს, როგორც შემიძლია, რჩევას ვაძლევ. მშობლებიც ხელს უწყობენ, განათლებული, პედაგოგიურად ჩამოყალიბებული ხალხია, რაც ბევრს ნიშნავს. ბავშვი ბევრს მუშაობს, იღლება და აქაც გარკვეულ რჩევებს ვაძლევ, დრო როგორ გადაანაწილოს.

- თქვენზეც ვისაუბროთ. თქვენი გვარი ქართული არ არის, - სადაურია?

- ჩემი გვარი საქართველოში, აბსოლუტურად, ექსკლუზიურია. სლავურია ან ფინოუგორული წარმოშობისაა, რადგან ეს გვარი რუსეთშიც საკმაოდ იშვიათია... მასალკინები საქართველოში XIX საუკუნეში გაურკვეველი მიზეზით ჩამოსახლდნენ და შემდეგ გვარი აქ გაქართველდა. ამჟამად ჩვენს ოჯახში მამაკაცი ოთხნი ვართ - სამი ძმა და ერთი ძმისშვილი. 2 ძმას ორ-ორი ქალიშვილი ჰყავს. მხოლოდ ერთს ჰყავს გვარის გამაგრძელებელი - დავით, დავითის ძე მასალკინი.

საქართველოში ადრე ამ გვარის მეტი წარმომადგენელი იყო და ყველა გაქართველებული გახლდათ... გვარის ექსკლუზიურობა გსიამოვნებს, რადგან ამაში არის რაღაც იდუმალება, თუმცა თავადური და აზნაურული გვარი არ არის... ბაბუაჩემი 1937 წელს გარდაიცვალა და არ ვიცი, ის ქართულად რამდენად სრულად მეტყველებდა, მამაჩემი კი პედაგოგი იყო და ქართულად საუბრობდა. შემდეგ ზღვაში ცურავდა. მყავს 94 წლის დედა - გულნარა ვასილის ძე გერსამია. 50 წელი პედაგოგად მუშაობდა. სხვათა შორის, ჩემი კლასის დამრიგებელიც იყო. ამჟამად ცხოვრობს ფოთში, სადაც დაიბადა, თავის ფესვებს დაუბრუნდა... მამა ცხოვრობდა ბათუმში და ჩვენც აქ ვაგრძელებთ ცხოვრებას.

- და ბათუმი რა არის თქვენთვის?

- აქ დავამთავრე სკოლა... ერთი წელი ოდესაში ვცხოვრობდი, მერე როსტოვში ვსწავლობდი, დისერტაცია თბილისში დავიცავი და დავბრუნდი ბათუმში. შემდეგ მუშაობა დავიწყე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითს ინსტიტუტს შესანიშნავი პიროვნება დავით ხახუტაიშვილი ხელმძღვანელობდა და იქაც დავსაქმდი.

ცოტას წავიტრაბახებ და 50 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. გამიმართლა, რომ მქონდა სამეცნიერო მივლინებები. დაწყებული ამერიკიდან, დამთავრებულ მონღოლეთითა და ჩინეთით - ბევრგან ვიყავი. მიუხედავად ამისა, არასდროს გამჩენია სურვილი, არა მარტო სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში მეცხოვრა. საერთოდ ამბობენ, რომ ქალაქი ადამიანისთვის ორგანულია, თუკი ქალაქში ცხოვრობს არაუმეტეს 150 000 ადამიანისა. თან, პირობითად, ქალაქის საზღვრებს უნდა ხედავდე. ბათუმში ქალაქის ცენტრში რომ დადგები, ამ საზღვრებს დაინახავ... გამოდის, რომ ცხოვრობ შემოსაზღვრულ ქალაქში…

ყველგან დავდივარ ფეხით, მანქანა არასდროს მყოლია და არც მართვა ვიცი, არც შესაბამისი დოკუმენტი მაქვს...

- პროფესიით ფილოსოფოსი ბრძანებით, ფილოსოფიის დოქტორი... საოცარი დარგია ფილოსოფია...

- როცა მეკითხებიან, ვინ ხარ პროფესიითო? - ვამბობ, რომ ფილოსოფიის ლექტორი, ფილოსოფიის მასწავლებელი. ფილოსოფოსები იყვნენ კანტი, ნიცშე და მამარდაშვილი. დავამთავრე ფილოსოფიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის ასპირანტურა. 1989 წელს, როგორც გითხარით, ფილოსოფიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაცია დავიცავი. მთელი ცხოვრება სხვადასხვა ფილოსოფიურ საგნებს ვასწავლი. ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ.

- ფილოსოფოსები როგორ აფასებთ ჩვენში არსებულ ვითარებას?

- მეშინია ჩვენი საზოგადოებრივი აზრის პროვინციალიზაციის. ვცხოვრობთ ტურბულენტურ პერიოდში, მთელი სამყარო რაღაც ბეწვის ხიდზე გადის, იცვლება მსოფლიო წესრიგი და ჩვენ ვართ აკვარიუმში მობინადრე პატარა თევზები. ამიტომ ჩვენზე დიდ თევზებს თავი არ უნდა შევაჭმევინოთ. უნდა ვიყოთ დაკავებული სტრატეგიული ხედვების გამომუშავებით. ძალიან ფრთხილებიც უნდა ვიყოთ და ეს მსოფლიო წესრიგის შეცვლის ძალიან რთული წლები გონივრულად გავიაროთ. სამწუხაროდ, ამ მხრივ დიდი პრობლემები გვაქვს...

საერთოდ პერფორმანსული ერი ვართ - 30 წელი პერფორმანსში გავატარეთ. არადა, საჭიროა მეტი რაციო, რაციოს სჭირდება გამოღვიძება. სოკრატე სულ გამოღვიძებისკენ მოგვიწოდებდა და ილია ჭავჭავაძე ცნობილი "ელეგიით“. ბოლოს გამოღვიძებისკენ მერაბ მამარდაშვილი მოგვიწოდებდა.

მოკლედ, ჯერ კიდევ გვძინავს. სძინავთ პოლიტიკოსებს, სძინავთ ლექტორებს, სძინავს საზოგადოებას...

- ბატონო გიორგი, ბათუმის კოლორიტს გიწოდებენ, ყველასთვის საყვარელი ადამიანი ბრძანდებით...

- ზედმეტად რომ არ ვიკეკლუცო, ვიტყვი, რომ ამის მოსმენა უსიამოვნო არ არის. სიტყვა კოლორიტი თბილისელი პიროვნებების მიმართ გამოთქმული ხშირად მსმენია, მაგრამ თითქოს რაღაც გაცვდა, ცოტათი თავისი არსი დაკარგა, რადგან ყველაფერს ხომ რადიკალურად და აფექტურად ვუდგებით?!.

ერთიცაა, ქალაქში დიდი ხანია ვცხოვრობ, ბევრი ადამიანი მიცნობს, ვასწავლი, არაერთ ახალგაზრდულ წრეში ვარ ჩართული. კინოკლუბი მიმყავს, უნივერსიტეტში "რა, სად, როდის“ სტუდენტურ შეკრებებს ვატარებ ა.შ. გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით და ვიღებ სამოყვარულო კამერით, მაქვს სერიები. ვიღებ ბათუმს, მის ცხოვრებას, ადამიანურ პორტრეტებს. როდესაც მათ სოციალურ ქსელში ვასაჯაროებ, ამას უამრავი ადამიანი არა მარტო ბათუმში, სხვა ქალაქებიდანაც ეხმაურება. მაქვს სერია - "ბათუმი და ბათუმელები“. ქუჩაში როცა არაფორმალურ ვითარებაში ვინმე კარგ ბათუმელს შევნიშნავ, მიუხედავად პროფესიისა და სტატუსისა, სურათს ვუღებ, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოსდევს. მინდა, ბათუმი თავის თანაქალაქელებს იცნობდეს, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან იმ ფენომენს, რასაც "ბათუმელობა" ჰქვია.

- მკაცრი ლექტორი ხართ?

- არა და ეს ორი მიზეზის გამოა - ეტყობა, ბუნებითაც არ ვარ მკაცრი პიროვნება, მაგრამ მეორე მხრივ, ვიდრე სიტუაცია კარდინალურად განათლების სისტემაში არ შეიცვლება, იმ კონტინგენტს, რომელიც ჩვენთან მოდის, მთელი სიმკაცრით ვერ მოვთხოვ. სკოლიდან უნდა შეიცვალოს სიტუაცია... უნივერსიტეტში უნდა მოხვდეს, სტუდენტების 20% იმ კონტინგენტიდან, რომელიც დღეს უნივერსიტეტში ხვდება.

გენეტიკურად ნიჭიერი ხალხი ვართ, შესანიშნავი ბავშვები გვყავს, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რატომ მოვიდა უნივერსიტეტში, როგორ ისწავლოს და რატომ სწავლობს. ასეთი ხალხი თუ უნივერსიტეტში არ მოვა, სულ სხვა სიტუაციას მივიღებთ.

- სტუდენტებისგან რას ითხოვთ?

- ჯერ ზრდილობას, მერე გამოღვიძებას. სტუდენტებს ბევრ შეკითხვას ვუსვამ. ჩემი ერთ-ერთი დევიზია, რაც ჩემმა სტუდენტებმა იციან, - არ არსებობს სულელური პასუხები. ნებისმიერი პასუხი მისაღებია. ფილოსოფიას ვასწავლი და აქ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არ არსებობს - ეს არც ლექტორს არ გააჩნია და არც არავის. ამიტომ ვამბობ, მოდი, ერთად გავიაზროთ, - მე არ მაქვს ამაზე ერთადერთი და სწორი პასუხი, როცა სტუდენტი ხვდება, რომ შენც მასთან ერთად ეძიებ ჭეშმარიტებას, მოგყვება.

ერთი კურსი მაქვს, რომელიც თავის დროზე ლევან ბერძენიშვილს შეთანხმებით დავესესხე - ეს არის "დიდი წიგნები“. ვკითხულობთ დიდ ნაწარმოებებს. სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტებიდანაც მოდიან, დიდი მოთხოვნაა. წინა სემესტრში 70 სტუდენტი მყავდა. წარმოიდგინეთ, რომ მათგან 20-30%-მა წაიკითხა ჰომეროსი, სოფოკლე, ევრიპიდე, დანტე, დოსტოევსკი. იცით, რა ბედნიერებაა, როცა ხედავ, ახალგაზრდა წიგნით ხელში რომ დადის?!.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- მყავს უჭკვიანესი და ულამაზესი მეუღლე. ჩემი ყოფილი სტუდენტია, მაგრამ თანატოლები ვართ. 1985 წელს დავქორწინდით, ბევრი წელი გავიდა და ახლა ქორწინების მრგვალი თარიღისთვის სპეციალური საჩუქარი მაქვს გასაკეთებელი... მყავს 2 შესანიშნავი ქალიშვილი - ნინო და თამარი, ორივე ბათუმში ცხოვრობს. ერთი ინგლისური ენის სპეციალისტია, ასევე არის დიზაინერი და მხატვარი. კომპიუტერული დიზაინის მეშვეობით ხატავს. შეკვეთები აქვს ერთ-ერთი ჟურნალიდან. მეორე შვილი ხელოვნებათმცოდნეა, თბილისში "მწვანე სკოლაში“ მუშაობდა, ახლა ბათუმშია. ჩემმა ოჯახმა ახლახან საბავშვო ბაღი გახსნა. პირველად ვნახე, რომ ბავშვებს ბაღიდან სახლში წასვლა არ უნდათ, ოჯახური სიტუაციაა.

ჩემს შვილებს ჰყავთ შესანიშნავი მეუღლეები. ერთი სიძე ფხაკაძეა, ქუთაისიდან, მეორე ბათუმელია - კაკაბაძე. ორივეს ორ-ორი შვილი ჰყავს. შვილიშვილებს "აკიმებს“ ვეძახი. ხომ გახსოვთ, "არაჩვეულებრივი გამოფენა“ და ცელქი ბავშვი აკიმი. ასეთი ოთხი "აკიმი“ გვყავს, რომლებმაც ცოტა სხვაგვარად დამაფიქრეს იმაზე, რა არის პედაგოგიკა, ბავშვთა ფსიქოლოგია... მოკლედ, ესაა... ასე ვცხოვრობთ და ვართ...