აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, გასულ კვირაში გამოცხადებული სატარიფო პოლიტიკის შედეგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბირჟები ორშაბათს დილით მნიშვნელოვნად დაეცა. რამდენიმე საათის შემდეგ იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა ევროპულ ინდექსებზეც. დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა, რომ ბაზრების ვარდნის გამო შეშფოთებული არ იყო და პროცესს "საჭირო წამლის მიღება“ უწოდა.
შანხაიდან - ტოკიომდე და სიდნეიდან - ჰონგ კონგამდე, ვაჭრობის გახსნისთანავე ყველა მათგანი ჩამოიქცა. ორშაბათს, შუა დღისთვის იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი 6%-ით დაეცა, ავსტრალიის ASX 200 4%-ით, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi 4,7%-ით დაეცა.
Shanghai Composite-ის ინდექსი 6%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ჰონგ კონგის Hang Seng და ტაივანის TAIEX-ი დაახლოებით 10%-ით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, MSCI Asia Pacific-ის ინდექსმა, რომელიც მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 13 ქვეყნის მსხვილ და საშუალო კაპიტალურ კომპანიებს, აჩვენა ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2008 წლის შემდეგ (მინუს 7,1%). ხოლო იაპონური Nikkei 225-ს წინა მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და 20%-ით ან მეტით დაეცა.
"ეს არის სისხლიანი შერკინება",- განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა საფონდო ანალიტიკოსმა.
აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟები ჩინეთში, ჰონგ კონგსა და ტაივანში პარასკევს გამო დაიხურა.
ევროპული ინდექსების ვარდნა პარასკევის შემდეგ, როდესაც სატარიფო პოლიტიკა გამოცხადდა, ორშაბათამდე არ შეჩერებულა.
დიდ ბრიტანეთში FTSE 100-ის ინდექსი დაახლოებით 6%-ით დაეცა, გერმანული Dax თითქმის 10%-ით. როგორც FTSE Russell-ის ხელმძღვანელი ჯულია ლი აღნიშნავს, გლობალურ ბაზრებზე კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება:
"აშშ-ის ინდექსის ფიუჩერსები მინუსებში ვაჭრობენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უოლ სტრიტს კიდევ ერთი რთული საღამო ელის“, - განაცხადა მან.
ფიუჩერსები - არის წარმოებული ფინანსური კონტრაქტები, რომლებიც ავალდებულებენ მხარეებს იყიდონ ან გაყიდონ აქტივი წინასწარ განსაზღვრულ თარიღსა და ფიქსირებულ ფასში. მყიდველმა უნდა შეიძინოს ან გამყიდველმა უნდა გაყიდოს ძირითადი აქტივი დადგენილ ფასად, განურჩევლად მიმდინარე საბაზრო ფასისა, ვადის გასვლის შემდეგ.
იმის გამო, რომ აზია აწარმოებს მთელ მსოფლიოში გაყიდული საქონლის უდიდეს ნაწილს, აზიის ქვეყნები და ტერიტორიები პირდაპირ ზარალდებიან აშშ-ს ტარიფებით. ისინი ასევე განსაკუთრებულად შიშობენ, რომ გლობალურმა სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის შენელება ან თუნდაც რეცესია.
"ტარიფები აძლიერებს შეშფოთებას ინფლაციისა და რეცესიის შესახებ“, - თქვა ლონდონის საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანია FTSE რასელის ხელმძღვანელმა, ჯულია ლიმ.
კომპანია Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა მომავალი 12 თვის განმავლობაში 10 პუნქტით, 45%-მდე გაზარდა.
ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფის გამოცხადების ფონზე, JPMorgan რეცესიის ალბათობას აშშ-სა და მსოფლიოში 60%-ად აფასებს. “ამავდროულად, JPMorgan-ის ეკონომისტებმა შეცვალეს შეფასებები ამერიკის ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ: წინა პროგნოზის - 1,3%-იანი ზრდის ნაცვლად, ახლა ვარაუდობენ 0,3%-იან კლებას,“- იუწყება Reuters.
თუმცა, კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ნათლად გამოხატა, რომ მას არ აწუხებს ბაზრების დაცემა.
“მინდა, რომ არაფერი დაეცეს. მაგრამ ხანდახან უნდა დალიო წამალი რაღაცის გამოსასწორებლად", - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.
ტრამპმა თქვა, რომ შაბათ-კვირას ისაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებთან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ მას ტარიფების შემცირებაზე.
"ისინი აპირებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას. მათ სურთ საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგება, თუ ყოველწლიურად დიდ ფულს არ გადაგვიხდიან", - თქვა ტრამპმა.
“მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი რჩება, როგორც ჩანს, მაღალი ტარიფების ახალი ერა დარჩება. ეს უარყოფით გავლენას მოახდენს გლობალურ და აზიურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკაზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში”, - აცხადებს აზია-წყნარი ოკეანის მთავარი ეკონომისტი, საინვესტიციო ფირმა Vanguard-ის წარმომადგენელი ციან ვანგი.
აშშ-ზე, როგორც საექსპორტო ბაზარზე ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ვიეტნამი და ბანგლადეში, განსაკუთრებით დამოკიდებულია. ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დააწესებს 46%-იან ტარიფს ვიეტნამზე და 37%-იან ტარიფს ბანგლადეშზე.
ვიეტნამში პროდუქტს რამდენიმე ძირითადი ამერიკული ბრენდი აწარმოებს, მათ შორის Nike და Lululemon.
ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თანახმად, ქვეყანა შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტს ახორციელებს.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ამერიკულ პროდუქტებზე 34%-იანი, საპასუხო ტარიფები გამოაცხადა, გლობალურ საფონდო ბაზრებზე მდგომარეობა პარასკევიდან გაუარესდა.
აშშ-ის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი 5%-ზე მეტით დაეცა, S&P 500 თითქმის 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2020 წლის შემდეგ.
პარასკევსვე, FTSE 100 ინდექსი თითქმის 5%-ით დაეცა - ეს არის მისი ყველაზე მკვეთრი ვარდნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
მსგავსი ვარდნა დაფიქსირდა გერმანიისა და საფრანგეთის საფონდო ბირჟებზე.
გლობალურმა საფონდო ბირჟებმა დაკარგეს ტრილიონობით კაპიტალიზაცია მას შემდეგ, რაც ტრამპმა იმპორტზე საყოველთაო 10%-იანი გადასახადების შემოღება გამოაცხადა ყველა ქვეყნისთვის, ხოლო გაზრდილი ტარიფები ცალკეული სახელმწიფოებისთვის.
იხილეთ ასევე: