ავტორი:

"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს, ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?

"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს,  ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?

56 წლის თემურ ქათამაძე, 16 იანვრის შემდეგ დაკავებულია. აქტივისტი პირველად ბათუმში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 16 იანვარს სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ კი ისევ დააკავეს.

ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

"ბათუმელი მედროშის" სახელი და გვარი გაფფარ ილმაზია, ქართულად თემურ ქათამაძე. ის თურქეთის ქართველებიდან არის და როგორც ამბობს, მისი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ, 150 წლის წინ, ქობულეთის სოფელ ხინოდან წავიდნენ ორდუს პროვინციაში, კერძოდ, ფაცაში ჩასახლლდნენ

თემურ ქათამაძე საქართველოს პირველად 1991 წელს ესტუმრა და მას შემდეგ, არაერთხელ სცადა ორმაგი მოქალაქეობის მიღება. ის ქართულ სამოსში გამოწყობილი ხშირად ესწრებოდა აქციებს, აპროტესტებდა "გამჭვირვალობის კანონს“, აქციის მონაწილეებმა მას "ბათუმელი მედროშე“ შეარქვეს.

სტამბოლში დაბადებულ ქათამაძეს ახლა ქართული ციხიდან თურქეთში გაძევება ემუქრება. მედროშეს პირველი ქორწინებიდან 25 წლის ქალიშვილი ჰყავს. წლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულს სიყვარული კიდევ ერთხელ ეწვია. მისი რჩეული ნინო კაკულია, გვიყვება იმ რთულ გზაზე, რომელსაც ბატონ თემურთან ერთად წლებია გადის:

- აფხაზეთში დავიბადე, ოჩამჩირეში. ომი რომ დაიწყო, 10 წლის ვიყავი, მაგრამ მთელი ეს პერიოდში იქ ვცხოვრობდით, მამა იბრძოდა საქართველოს მთლიანობისთვის. ჩემი მშობლები ერთ-ერთი ბოლოები გამოვიდნენ აფხაზეთიდან. შემდეგ გადავედით საცხოვრებლად ციმბირში, სადაც დავამთავრე სკოლა და პირველი უმაღლესი განათლება იქ მივიღე. 2002 წელს გამოვიქეცი საქართველოში.

ძალიან მინდოდა სამშობლოში დაბრუნება, ქართული ენა არ ვიცოდი. ჩემი ნატვრა იყო ჩამოვსულიყავი საქართველოში, ოჯახი შემექნა და ჩემი შვილები ქართველები ყოფილიყვნენ. მას შემდეგ ბათუმში ვცხოვრობ და მარტო ვზრდი ორ ბიჭს, რომლებიც ნამდვილი ქართველები არიან. შვიდი წლის წინ დავქვრივდი, პროფესიით პედაგოგი, ლოგოპედი ვარ, წარსულში მთარგმნელად ვმუშაობდი. თემურთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ ჩვენთვის ორივესთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო ქართველობა და ამან დაგვაახლოვა.

- თემურ ქათამაძე როგორ გაიცანით?

- თავიდან სოციალური ქსელით. თემური მართავდა თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის შექმნილ "ფეისბუქგვერდს". იმ პერიოდში მე თურქულს ვსწავლობდი და გავწევრდი მეც. ჩემი კომენტარებით დაინტერესდა და დავიწყეთ მიმოწერა. თითქმის ორი წლის განმავლობაში ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა, თქვენობით მივმართავდით ერთმანეთს, ვთანამშრომლობდით. ვეხმარებოდი სტატიების თარგმნაში, როდესაც თავად დრო არ ჰქონდა.

თემური საქართველოში დასარჩენად 2013 წელს ჩამოვიდა და ჩვენ ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით. ერთად ვმუშაობდით პროექტებზე, თუმცა შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვმეგობრობდით, მეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, იურიდიულ საკითხებში. თანამშრომლობით დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, შემდგე მეგობრულ, თბილ ურთიერთობაში გადაიზარდა და მოგვიანებით სხვა ეტაპზე გადავიდა. შეუღლება გადავწყვიტეთ, თუმცა ამ პერიოდში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

- რატომ არ მოგცათ ციხის ადმინისტრაციამ ქორწინების უფლება?

- როდესაც თემურმა მიგრაციის იზოლატორის უფროსობას მიმართა, ნება არ დართეს კი არა, პასუხიც არ აღირსეს. ვფიქრობ, რომ თემური ხშირად აწუხებთ და ითხოვს იმას, რაც მას კანონით ეკუთვნის. მათ კი ეზარებათ, ხშირად არც უნდათ, მე მგონი სამაგიეროს უხდიან, როცა არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. ასევე პრობლემებს ქმნიან პროდუქტების, ნივთების შეგზავნაზე, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ ნერვები მოუშალონ თემურსაც და მის ახლობლებსაც.

- ციხეში დაქორწინება მისი სურვილი იყო?

- რა თქმა უნდა, ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობდით, რაღა დროს ეგ არისო. ახლა როცა დადგა მისი გაძევების საკითხი და შეიძლება აქ ვეღარ დაბრუნდეს, მისთვის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ქორწინება საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარიყო. თავის ცხოვრების ორმოცი წელი, ქართული ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებას მიუძღვნა თურქეთში მცხოვრებ ქართველებში, ამ იდეით საზრდოობს.

როცა ადმინისტრაციიდან ქორწინებაზე პასუხი არ მოვიდა, ისლამში ყოფილა დაშვებული რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. სწორედ ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა. ამ დროს სიმბოლურად დევს პური, დროშა და მამაკაცის ულვაშის ორი ღერი, როგორც ფიცის ნაწილი. პურზე დაიფიცა, გადმომცა თავისი ულვაშის ორი ღერი, ასევე დაიფიცა საქართველოს დროშაზე, რომელიც მე მივეცი და ასე შევფიცეთ ერთმანეთს.

- დაკავების შემდეგ მის ნახვას თუ ახერხებთ?

- ნახვის დღეები სამშაბათი და შაბათია. სამშაბათს ვმუშაობ და პარასკევს გვიან მოვდივარ ბათუმიდან თბილისში, რომ შაბათს ვნახო. ზოგადად არ ქმნიან პრობლემას, მაგრამ ერთ-ერთ შაბათს დიდხანს მალოდინეს, თან საშინელო ამინდი იყო, წვიმდა, ქარიანი ადგილია. მეუბნებოდნენ, რომ თითქოს თავად არ ეცალა თემურს და ვერ მიმიღებდა. ამ დროს თემურმა ერთი კვირით ადრე იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი. რომ შევედი მითხრა, შენ გელოდებოდიო. ამით გასაგებია რომ, შიგნით მყოფ და გარეთ მყოფებსაც აწვალებენ.

- როგორი იყო თქვენი ემოციური მდგომარეობა, როდესაც ბატონი თემური შიმშილობდა?

- ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ როდესაც მირეკავდა, ენერგიით სავსე ხმა ჰქონდა, მე ძალიან კარგად ვარ, არ ინერვიულოო, - მეუბნებოდა. მიჩვეული ვარ, რომ თემურს ვენდობი და ნერვებს ვთოკავდი. მისი ხმა მარწმუნებდა იმაში რომ, ის ნამდვილად კარგად იყო. 5 მარტს როდესაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ორი დღით ადრე დამირეკა, უკვე არ მომეწონა მისი ხმა, ავღელდი, ნუ გეშინია, დღეს გადამიყვანენო. მთელი დღე ინფორმაცია ვერ მივიღე, სამშაბათს კიდევ უფრო ვნერვიულობდი, ადვოკატსაც არ უპასუხეს. შემდეგ გავიგე, რომ ორშაბათს მოითხოვა გადაყვანა და არ დაუკმაყოფილეს, სამშაბათს საღამოს გონება დაკარგა და თავად გადაიყვანეს. როდესაც გავიგე, რომ შიმშილობა შეწყვიტა, შემდეგ მე გავხდი საავადმყოფოში გადასაყვანი. თემური სულ ორი დღე დარჩა "ვივამედში".

- სადაც ინციდენტი მოხდა.

- თემურმა სინამდვილეში 49 დღე იშიმშილა და ამის შემდეგ, საავადმყოფოში შესთავაზეს პური და ბურღულეული, რაც ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია. თემურს შეექმნა კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ამის გამო, უთხრა იქ დამსწრე ხალხს, - არ გცოდნიათ, როგორ ხდება შიმშილის შემდეგ კვება, თქვენ რა ექიმები ხართო. მაშინ მოხდა ეს ინციდენტი, ნინო ნადირაძემ რომ პოლიცია გამოიძახა. ექიმს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ პაციენტმა რაღაც თქვას, იყვიროს.

სასამართლოზე ცრუ მოწმეების ჩვენებები განსხვავდებოდა. არ არსებობდა ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. ამის მიუხედავად დაუკმაყოფილეს ნადირაძეს სარჩელი და თემურს ჯარიმა დააკისრეს, რომლის გადახდაზეც უარი აქვს ნათქვამი, თუმცა აქტივისტებმა შემოგვთავაზეს, რომ თანხას შეაგროვებდნენ.

- პირველი ოჯახი თუ ჰყავდა ბატონ თემურს?

- დიახ, ოფიციალურად იყო დაოჯახებული. მისი ყოფილი მეუღლე თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველია, სტამბოლში ცხოვრობდნენ, ჰყავს 25 წლის გოგონა. მეუღლეს დაახლოებით 15 წელია დაშორებულია. თემურის შვილი აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის სერიოზული პრობლემები აქვს, ემოციურ ფონზე გამხდარა ცუდად და საოპერაციოდ ემზადება. მე კავშირზე ვარ და ვაწვდი ინფორმაციას. თემურს ნათესავები აქაც ჰყავს, პირველ ხანებში მათთან ჩამოდიოდა სტუმრად.

- რისი მოლოდინი გაქვთ, რა სასჯელი ემუქრება?

- საქართველოში მას, წესით, არაფერი უნდა ემუქრებოდეს ზოგადად კანონმორჩილი ადამიანია და კანონი არ აქვს დარღვეული არც აქ და არც თურქეთში. ბედის უკუღმართობა იმაშია რომ ამის მიუხედავად აქაც ისჯება და იქაც. აქ არავის სჭირდება ჩვენებურები და მათი ბედი არავის აღელვებს, არ აძლევენ ორმაგ მოქალაქეობას, რომელიც ეკუთვნის. ის ხომ ერთადერთი არაა, არც სხვებს აძლევენ, არც ფერეიდნელებს, არც ჩვენებურებს და არც აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც ომის შემდეგ წავიდნენ სხვა ქვეყნებში და ახლა მოინდომეს საქართველოში დაბრუნება.

ამის წინააღმდეგ იბრძოდა თემური. 5 წელია, რაც მისი მოქალაქეობის არ მინიჭების გამო მიმდინარეობს დავა სასამართლოში. ამით ძალიან შეაწუხა ეს ადამიანები და სამართლებრივად რომ ვერ მიუდგნენ, ასეთ ვითარებაში გამოიჭირეს და კლანჭებიდან არ უშვებენ. საქართველო ლტოლვილის სტატუსსაც არ ანიჭებს, რომელიც ეკუთვნის.

2023 წელს თურქეთის საელჩოდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ თემურზე გაცემულია დაკავების ბრძანება. თურქეთი არ ეძებს მას, როგორც ტერორისტს, მაგრამ ფაქტია გაცემულია ეს ბრძანება. ისეთმა უწყებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არ ასაჯაროებენ. დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზე მიიღეს, ეს ინფორმაცია რომ გვქონოდა, უფრო ადვილად დავამტკიცებდით სასამართლოში, რომ ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. თავად ფიქრობს, რომ ეს უკავშირდება მის საქმიანობას. თურქეთი ასეთ ადამიანებს უმცირესობათა ლიდერებად აღიქვამს და მიიჩნევს სეპარატისტებად. მისი ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი არსებობს.

ადამიანი 10 წელია საქართველოდან არ გასულა და თურქეთში კანონს ვერ დაარღვევდა, ამიტომ უფრო ლოგიკურად ფიქრობს, რომ მის საქმიანობასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება იქ უკვე საერთოდ ვერ გამოვიდეს ციხიდან. ქართველობისთვის საქართველოშიც ისჯება და თურქეთშიც დაისჯება თუ მოხდება მისი ქვეყნიდან გაძევება.

უკვე მივმართეთ გერმანიის, საფრანგეთის საელჩოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, საპატრიარქოს, არავითარი რეაგირება არ არის. ფიქრობს, რომ მაქსიმუმ 20 დღეში საქართველოდან თურქეთში გააძევებენ. საქართველოში რომ ჰქონოდა თუნდაც ციხეში დარჩენის შანსი, ეს ჯობდა თურქეთში გაძევებას.

ღვთის წყალობა გვაქვს ბოლო იმედად, რომ იქნება იქ არც იმდენად სერიოზულად არის სიტუაცია, საქართველოში უკვე არაფრის იმედი აღარ არის, გაყიდულია ყველა ინსტანცია. ადრე უფრო ძალიან ვნერვიულობდი, ახლა უკვე დავმშვიდდი და საღი გონებით ვხელმძღვანელობ, თემურს ბოლომდე ვენდობი და ის რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებ...