8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამასთან, მან პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს.
"ქონება, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, იპოთეკით მაქვს დატვირთული და 100 000 ლარი მაქვს სესხი, 10 000 ევრო კი ბავშვების სწავლის საფასური დასაფარი.
წინააღმდეგი ვართ ორივე ღონისძიება გამოყენებული იყოს ჩემს მიმართ. სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
პროკურატურა ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
"შეიძლება ასეც მოვიქცე და არ გადავიხადო.... ძველი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო, ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად, ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც, თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან",- განაცხადა ოქრუაშვილმა პროცესის შემდეგ.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წაიკითხეთ ასევე: