ავტორი:

სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?

სკანდალი "მის და მისტერ" აჭარის გარშემო, ყოფილი კონკურსანტი ორგანიზატორს გამარჯვებისთვის ფულის მოთხოვნაში ადანაშაულებს - რა პასუხობს გიორგი მასხულია ბრალდებას?

მეექვსე წელია რაც დიზაინერი და მწერალთა კავშირის წევრი გიორგი მასხულია ბათუმში კონკურსს "მის და მისტერ აჭარას“ ატარებს. ტრადიციას წელსაც არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბელგიას ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, 5 აპრილს ბათუმში აღნიშნული კონკურსი ჩაატარა.

გიორგი ამბობს, რომ კონკურსის სახელწოდება ათი წლის წინ, საქპატენტში დაარეგისტრირა და ერთპიროვნული ლიცენზიის მფლობელია. წელს, მის და მისტერ აჭარას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კონკურის დასრულებიდან ორ დღეში 22 წლისა მარიამ თვალაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მასხულიამ, მას კონკურსში გამარჯვების სანაცვლოდ თავდაპირველად 5500 ლარის გადახდა შესთავაზა, მოგვიანებით კი თანხა 1700 ლარამდე შეამცირა.

გიორგი მასხულია გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად

მარიამი ამბობს, რომ გარიგებას არ დათანხმდა და კონკურსზე აღარ გასულა, თუმცა მასხულია 500 ლარს, რომელიც რეგისტრაციისას გადარიცხა, აღარ უბრუნებს. უფრო მეტიც, მარიამის თქმით, საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა და "სოფლის გომბიო" ეძახა. გოგონა ამბობს, რომ თავადაც უკვირს, როგორ გაბედა ამბის გასაჯაროება, რადგან სხვაზე ცუდი არასოდეს დაუწერია.

თავისი სიმართლე აქვს გიორგი მასხულიასაც, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ჩავწერეთ. მისი თქმით, კონკურსის მონაწილე გოგონას დამატებითი თანხის გადახდა, არა გამარჯვების, არამედ საერთაშორისო კონკურსზე გაყვანისთვის შესთავაზა.

მარიამ თვალაბეიშვილი:

- გიორგი მასხულიასთან აქამდე შეხება არ მქონია. როდესაც აღნიშნულ კონკურზე გასვლა გადავწყვიტე, ბათუმში მენეჯერი ჰყავს ვახო ყადიძე და სწორედ მას შევხვდი. ვახომ ამიხსნა, რომ მონაწილეობა უფასო იყო და გადასახდელი მხოლოდ 500 ლარი გახლდათ, რომელიც კონკურსანტის მაკიაჟს, თმას და ორ საკონკურსო კაბას მოხმარდებოდა. დავთანხმდი, რადგან მეგონა, რომ ასე ხდებოდა პროექტებში, ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო.

ამის შემდეგ, ვახო ყადიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ გიორგი მასხულიამ გამოართვა ჩემი საკონტაქტო ნომერი, რის შემდეგაც გიორგიმ მომწერა, - მარიამ, ძალიან საყვარელი, ლამაზი გოგო ხარო. ორი დღის შემდეგ კიდევ მომწერა, ულამაზესი ხარ და ვიცი, კონკურსში იმიტომ მონაწილეობ, რომ პირველი ადგილი გინდა, მე შემიძლია გაგხადო "მის აჭარა“, შენ ჩემი რჩეული ხარ, მაგრამ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს, რომ სხვებს გული არ დასწყდესო.

- შემდეგ როგორ გაიგეთ, რომ სხვებსაც იმავეს წერდა.

- დედამ მითხრა, მიდი, კარგად გაარკვიე ვინაა და რას წარმოადგენსო. თანხა რომ შემომთავაზა მე უკვე გადავწყვიტე, რომ მსგავს სიტუაციაში არ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მივწერე, რომ მადლობელი ვიყავი ამ ყველაფრისთვის და პარალელურად სხვა კონკურსანტებსაც მივწერე. აღმოჩნდა რომ ზოგს 3700 ლარის გადახდა შესთავაზა და ზოგს - ორი ათასის, მე ალბათ მდიდარი ვეგონე, რომ 5500 ლარი შემომთავაზა გამარჯვებისთვის, - მინდა, წარმატებული იყო, კარგი გოგო ხარო. ვუთხარი რომ ძვირი იყო და ბოლოს 1700 ლარზე ჩამოვიდა.

- როდესაც გადაწყვიტეთ, რომ აღარ მიიღებდით მონაწილეობას, ვის დაუკავშირდით და რა მიზეზით ახსენით უარი?

- გიორგის მივწერე, რომ კონკურსში მონაწილეობა აღარ მინდოდა და დაებრუნებინათ უკან ის 500 ლარი, რომელიც გადახდილი მქონდა. მომწერა, - გამარჯობა მარიამ, ალბათ დედას დაელაპარაკე და აღარ გინდაო. ჩემი უარი პირადი ინტერესებით ავხსენი. მეორე დღეს მომწერა, რომ თანხის ნახევრის დაბრუნებას ეცდებოდა, რაზეც მივწერე, რომ სხვებისთვის მთლიანი თანხა ჰქონდა დაბრუნებული და მე რატომ მიბრუნებდა ნახევარს. ამაზე გაღიზიანდა, შენი ხუთასი ლარი ჩემი ერთი შესვლაა ჩემი "სეფორაშიო". ვოისებში მომწერა, - შენნაირები კლუბში "კურტკას“ მიჭერენო....

თავიდან მითხრა, ბათუმში რომ ჩამოვალ, თანხას დაგიბრუნებო. როდესაც "სთორებში ვნახე, რომ ბათუმში იყო, კიდევ შევახსენე. რაზეც მომწერა, მაცადე შენი გროშები რად მინდაო. თავიდან სხავ მონაწილეებიც მწერდნენ, რომ წამოვიდოდნენ კონკურსიდან, მაგრამ ბოლოს მე წამოვედი და ყველა დარჩა.

- სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რა მოხდა.

- თანხა რომ დაებრუნებინა არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ დედამ მითხრა, ყველაფერი გააკეთე, რას ჰქვია არ დაწერო, ყველამ იცოდეს, რომ სხვაც არ დაზარალდესო. პოსტის დადების შემდეგ მომწერა, რა საცოდავი ხარ, ქალო, შენნაირ უნამუსო ადამიანს როგორ უნდა მოვექცე ვიცი, მეცოდება შენნაირი "ჰეითერები", წითელი საცხი ქალობას არ ნიშნავსო. ასევე მომწერა, რომ ხვალ მისი ადვოკატი დამიკავშირდება. ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ მიმიწერია მისი მისამართით, მიუხედავად მისი ჩემდამი დამოკიდებულებისა.

  • როგორც დასაწყისში გიყვებოდით, გიორგი მასხულიას როდესაც დავუკავშირდით, ის ახალი ჩაფრენილი იყო ბელგიაში. მეორე მხარის გაშუქებისთვის მადლობა გადაგვიხადა და მისი თქმის, ეს შავი პიარი, პირიქით, მის კონკურსს დადებითად წაადგება.

"მე ამ გოგონას შევთავაზე საერთაშორისო კონკურსზე წასვლა, რასაც ყველა მონაწილე გოგონას ვთავაზობ. მე მაქვს საერთაშორისო კონკურსებიც და ამისთვის წინასწარ ვირჩევ გოგონებს, რომლებიც კონკურსის დასრულების შემდეგ უცხოეთში მიგვყავს. რა 5000 ლარი, კონკურსში მონაწილეობა, წასვლა, ჩაცმა, ვიზაჟი, ვარცხნილობა, სასტუმროთი ჯდება 3500-5000 ლარამდე. ეს ისეთი სფეროა, რომ ჩვენ არც კულტურის სამინისტრო გვაფინანსებს არც მერია და ჩვენივე სახსრებით ვპოულობთ სპონსორებს. ჩვენვე ვართ სპონსორები.

ამიტომ მარიამს შევთავაზე ლამაზი გოგონა ხარ, კონკურსზე რომ დარეგისტრირდი, საერთაშორისო კონკურსზეც წამოდიო-მეთქი, რაც შედიოდა ღირებულებაში. მერე უკვე აღარ მოუნდა, კონკურსში მონაწილეობა, სახსრები აღარ ჰქონდა. მე რომ მქონდეს იმის საშუალება ყველა ლამაზი ბავშვი გავიყვანო კონკურსზე, შემოევლოთ ჩემი თავი, ჭიპი მაქვს მოჭრილი, 16 წლიდან ამ სფეროში ვარ, საქართველოშიც ყველა კონკურსი თითქმის ჩემია.

მარიამმა რადგან ვერ მიიღო მონაწილეობა, საწევროს თანხა მოითხოვა. მე მაგ ბავშვს ვუთხარი ჩემი კეთილი სურვილით, თუ შევძლებ კონკურსის დასრულების შემდეგ თანხა გადმოგირიცხო, გადმოგირიცხავ-მეთქი, რაზეც ბუღალტერმა კატეგორიული უარი განმიცხადა, ჯარიმას დაგაწერსო დღგ. მე რატომ უნდა დამეწეროს ჯარიმა, მისი სურვილით არ გამოვიდა ეს ბავშვი კონკურსზე, იმიტომ რომ არ ჰქონდა საერთაშორისო კონკურსზე წამოსასვლელი თანხა.

- თქვენ ამბობთ, რომ შესთავაზეთ საერთაშორისო კონკურსზე წასვლა და არა გამარჯვებისთვის თანხის გადახდა?

- რა სისულელეა, ფოტოში ნანახი ბავშვის როგორ შევთავაზებდი გამარჯვებას. მე შევცდი იმაში, რომ ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ მაგ ბავშვს ამბიციები შევმატე საერთაშორისო კონკურსით და ეს გამოიყენა პიარისთვის. ძალიან კარგია, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი შავი პიარისთვის, დღეს "ბლექ პიარი“ ყველაზე კარგი პიარია. ჩემი კონკურსია მინდა 5000-ს შევთავაზებ ფესტივალზე წასასვლელად მონაწილეს, მინდა 20 ათასს, იმიტომ, რომ მე არავინ მაფინანსებს. მაშინ დამაფინანსოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ერთ თეთრს არ მოვითხოვ, ყველას უფასოდ წავიყვან.

- გამარჯვებისთვის თანხა არ აგიღიათ არასოდეს?

- მე გამარჯვებისთვის არასოდეს ფულს არ ვითხოვ, პირიქით როცა ლამაზ გოგონას ვხედავ, მინდა, ყოველთვის პირველი ადგილი აიღოს. ლინდა, ვინც "მის აჭარა" გახდა, ძალიან ლამაზი გოგოა, სოფო დავითაძეც "მის ბათუმი“, პატარა ადრიანა დევაძეც ძალიან კარგი გოგოა.

საერთოდ, ასეთი პრობლემა არასოდეს შემქმნია, ეს ბავშვი არის ინტრიგანი, პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა, ახლა ჩამოვფრინდი ბრიუსელში, დაველაპარაკები ჩემს ადვოკატებს და დაუკავშირდებიან. ვიღაც ინტრიგანი პატარა ბავშვი ჩემზე რას დაწერს, მე ამით არ ვკავდები...