ავტორი:

"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?

"წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი უაზროდ არ გაატაროთ, გულით გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ" - როგორ ცხოვრობს პროფესიით ბიბლიოთეკარი, მებაღე, მეფუტკრე და მეყვავილე 87 წლის ევა?

ამ 87 წლის ქალბატონს ჩვენში მისი საქმეებით იცნობენ. მუდამ შრომაშია და ნაშრომიც ყოველთვის საუკეთესო აქვს. ევა ოთარაშვილის ჯუჯა კაკლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე კარგა ხანია სახელი გაითქვა.

  • წლების წინ მიზნად დაისახა, საკუთარი კაკლის ბაღი ჰქონოდა და საწადელსაც ძალიან მალე მიაღწია - საუკეთესო ბაღი გააშენა. ის მხოლოდ მებაღე არ არის, პროფესიით ბიბლიოთეკარი, მეყვავილე და მეფუტკრეც არის, მოკლედ, მრავალმხრივი ადამიანია და ამაში მისი ინტერვიუს წაკითხვისას დარწმუნდებით.

ევა ოთარაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე ახალსოფელში, თიანეთიდან სამი კილომეტრით ზემოთაა ჩემი სოფელი. ტექნიკუმი რომ დავამთავრე, ერთი წელი უმუშევარი ვიყავი და 1960 წელს საყდრიონის ბიბლიოთეკაში დავსაქმდი. მერე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე და დავამთავრე. 1972 წელს საყდრიონში დავოჯახდი. მანამდე, საყდრიონის ბიბლიოთეკაში მუშაობის 11 წლის სტაჟი მქონდა და გოგოებს ვაცინებდი ხოლმე, სირცხვილიც კი იყო, აქ რომ არ გავთხოვილიყავი-მეთქი... საყდრიონში საბიბლიოთეკო საქმიანობა, შეიძლება ითქვას, რომ გავაჩაღე - 500 წიგნამდე ჩავიბარე და ბოლოს 6000 წიგნამდე ავედი. 13 წელიწადი დაქირავებულ ბინაში ვიყავით, ერთი ოთახი გვქონდა. მერე კულტურის განყოფილებამ ფინური კოტეჯი ჩაგვიდგა, იქ დავბინავდით და საქმე იქ გავაგრძელეთ... იმ წლებში დიდი სოფელი იყო (780 მცხოვრები) და 500 მკითხველი სულ ყოველთვის მყავდა. ახლა სოფლის მოსახლეობა შემცირებულია - 200 მოსახლეა. ახალგაზრდობა წავიდა - ზოგი ქალაქში, ზოგი - უცხოეთში.

- ალბათ ბევრ ადამიანს, მათ შორის ბავშვს, შეაყვარეთ წიგნის კითხვა?

- ისე იყო თაროებზე წიგნები განლაგებული, რომ ყველა მოსწავლისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო და თითოეულმა იცოდა, წიგნი საიდან უნდა აეღო და რა წაეკითხა. ლიტერატურა ასევე ეწყო მოზრდილებისთვის - განლაგება ანბანის და ავტორების მიხედვით იყო... მთავარია მკითხველი გიყვარდეს. ისე უნდა იმუშაო, რომ ისინი დააინტერესო და წიგნი შეაყვარო. ჩემს ხელში ბევრი ბავშვი გაიზარდა. თუ რომელიმე წიგნს ისე დააბრუნებდა, რომ წაკითხული არ ჰქონდა, უკან გავატანდი... ერთი მკითხველი წლების მერე გამომიტყდა, - თქვენი ისე მეშინოდა, წიგნი უკან არ გამატანოსო. კი, ბევრი გავზარდე და მეამაყება. მერე უფროსებთანაც მივდიოდი ოჯახებში, რომ წიგნი წაეკითხათ... ერთ მოხუცს ისტორიული წიგნები უყვარდა, რომ წაიღებდა და წაიკითხავდა, მერე მოდიოდა და შინაარსს მიყვებოდა. შთაბეჭდილებას მიზიარებდა. მასწავლებელს მეძახდნენ, მასწავლებელთან ვიყავი გატოლებული.

ევას კაკლის ბაღი

- მოკლედ, ძალიან შეგიყვარდათ საყდრიონი და იქაური მოსახლეობა...

- კი... დიდი და კარგი სოფელია. თავიდან ამ სოფელში სამუშაოდ იმიტომ წამოვედი, რომ ნათესავები გვყავდა. კარგი ხალხი ცხოვრობდა, ბევრი ბავშვი დარბოდა, ისე შემიყვარდა. მერე ხალხსაც შევუყვარდი და მეც შევიყვარე ისინი.

- ასე აქტიურად მუშაობდით და ოჯახშიც უამრავ საქმეს აკეთებდით, შვილებს ზრდიდით, თავს როგორ ართმევდით ამდენ საქმეს?

- ბავშვობიდან ასე ვიყავი ყველაფერში, სადაც ვყოფილვარ, სკოლაში, ტექნიკუმში, უმაღლესში პირველი უნდა ვყოფილიყავი. ყველა ამხანაგს ჩემთან უნდოდა ურთიერთობა... საყდრიონის ბიბლიოთეკაც რაიონში პირველი იყო. როცა დავოჯახდი და ამ სახლში მოვედი, ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი იყო. სახლი 3 წელიწადში ყველანაირად გავმართე. არც ერთ საქმეს ზედაპირულად არ ვაკეთებდი, რომ დავიწყებდი, ბოლომდე მივყვებოდი. რაც ოჯახს, შვილებს სჭირდებოდა, ხელი არაფრისთვის დამიკლია. ახლაც ასე ვარ. თან წინასწარ ვგეგმავდი საქმეებს... ერთი ისაა, რომ პირველი შვილი, ბიჭი მაკლია. ღმერთმა მომცა და სამი თვისა წამართვა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე...

- ამდენ საქმით ხომ შეიძლება ოდესღაც დაიღალოს ადამიანი. დასვენება არ გიყვართ?

- ბავშვობიდან ასე მოვდივარ, დედა გვყავდა ძალიან მშრომელი. მარტო ქალმა გაგვზარდა 4 შვილი - ორი ძმა და ორი და - უფროსი ძმა უკვე აღარ მყავს... ოთხივე "პუშკინელები" ვიყავით, ყველამ პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრეთ. უმამოდ ვიზრდებოდით და ხომ გითხარით, ჩვენც ძალიან მშრომელები ვიყავით, დედას შრომაში გვერდით ვედექით და სწავლაც გვიყვარდა. ჩვენთან არ არსებობდა, სიტყვა, რომ გვეზარება... რომ გავთხოვდი, ოჯახში საქმეში წინ წამძღოლი მე ვიყავი და მეუღლეც მომყვებოდა. ახალი დაქორწინებულები რომ ვიყავით, ერთხელ რაღაცაზე ვუთხარი, - ეს გავაკეთოთ და მეზარებაო. პირველად გავიგონე სიტყვა მეზარება და გამიკვირდა... საერთოდ მედიკოსების მიერ რეკომენდებულია, რომ ადამიანმა დღეში რამდენიმე სხვადასხვანაირი საქმე უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ვისვენებ, - მეცნიერების ასეთი კვლევაა, რომ მოქმედება და დასვენება თანაბარი მონაცვლეობითაა საჭირო. თან როცა ადამიანი შრომისგან დაღლილია, წამოწოლილ მდგომარეობაში უნდა დაისვენოს - ორგანიზმი დაკარგულ ენერგიას ასე აღიდგენს... 1999 წლიდან დღიურს ვავსებ, ყოველ დღე ვწერ, რას ვაკეთებ...

- როგორც ვიცი, მეფუტკრეობასაც მისდევთ...

- როცა დავოჯახდი, აქ ჩემმა ძმებმა 3-4 სკა ჩამიდგეს, რამდენიმე წელი ვუვლიდი, მერე სხვა საქმეებზე გადავერთე ამ საქმეზე ხელი ავიღე. 1995 წელს ჩემმა ძმამ მითხრა, ფუტკრის მოვლა შეგიძლია და უნდა იყოლიოო. ჩამომიყვანა და მეც განვაახლე მეფუტკრეობა. ამ საქმესაც გულიანად მივხედე, საერთოდ, ამ დარგს ასე უნდა - მასში გულით და გონებით უნდა იყო ჩართული. ჩემს ძმებს მეფუტკრეობა საფუძვლიანად ჰქონდათ ნასწავლი. უფროსი, რომელიც ცოცხალი აღარ არის, სერიოზული სპეციალისტი იყო... მოკლედ, უნდა იყოლიო, თუ მოვლა შეგიძლიაო. ჰოდა, ისე ვაქტიურობდი, რომ ჩემი შემოსავლის წყარო ფუტკარი იყო. 200-300 კილო თაფლს ვწურავდი. 2010 წელს 400 კილო დავწურე. თაფლის შემოსავლით ბევრი რამ გავაკეთე... საკუთარი თავი ისეთ რეჟიმში მყავდა - სულ თვითონ ვაკონტროლებდი. გარკვეული დროის შემდეგ ფუტკარს რაღაც შემოესია, გუნდად დადიოდა და ფუტკრებს ანადგურებდნენ, რამაც კიდევ უფრო მეტი საზრუნავი გამიჩინა...

- ისეთი ყოჩაღი ქალბატონი ხართ, სოფელსაც ბევრ კარგ საქმეში დაეხმარებოდით... რას იტყვით?

- კი, სოფლისთვის, მოსახლეობისთვის მხოლოდ ბიბლიოთეკარი არ ვიყავი. ნებისმიერ საკითხში ყველას ვპატრონობდი. რაც კი ჩემს უბანში უნდა გაკეთებულიყო ჭირსა თუ ლხინში, ადამიანების გვერდით ვიყავი. სოფლის ოჯახების ჭირის და ლხინის სუფრის მოთავე გახლდით... მუდმივად აზრს მეკითხებოდნენ... ქსენია კოტოშაშვილი მოწინავე მწველავი უმაღლეს საბჭო დეპუტატი იყო და მისი საშუალებით სოფლისთვის ბევრი რამ გავაკეთე. ასე აშენდა საშუალო სკოლის ორსართულიანი შენობა, გაიხსნა საფერშლო-საბებიო პუნქტი და სოფლის მოთხოვნით საკუთარი ფოსტაც. 80-იან წლებში VI საუკუნეში აშენებული ეკლესიის აღდგენა დავიწყეთ. განადგურებული იყო, არადა, თურმე ადრე ისეთი ზარი ეკიდა, მისი ხმა გარშემო ყველა სოფელში ისმოდა. ის ზარი თავმჯდომარეს გადმოაგდებინეს, იმის გადმოგდებაში ვინც მონაწილეობდა, არცერთმა ოჯახმა არ იხეირა. მოკლედ, სოფელში ფული ავკრიბეთ და თანდათანობით აღვადგინეთ ეკლესია...

- შემდეგ კი, როგორც ვიცი, კაკლის მოშენებამ დაგაინტერესათ და ადამიანებმა როგორც კაკლის სპეციალისტი, ისე გაგიცნეს...

- კი, ეს ჩემთვის მოსავლელად ახალი საქმე გახდა. ეტაპობრივად მივყევი მეკაკლეობას. ბოლოს მეორე ბაღიც გავაკეთე - 40/100-ზე. 120 ძირი კაკალი დავრგე. კაკლიდან მიღებული შემოსავლით 2020 წელს ბაღი შემოვღობე, ჯერ ხის ბოძებით და მერე არმატურის ბოძებით. რა ვქნა, უნდა ვაკეთო, ყველაფრის გაკეთება მაინტერესებს და ყველაფრის გაკეთება მიყვარს. ყველაფერი წესრიგში მინდა, რომ იყოს. კაკლებს დიდი ყურადღება უნდა. ცოტა ხნის წინ 80 ძირი ჩემი ხელით შევათეთრე. კაკლების შუალედში მიწას ვხნავ და ლობიოც მომყავს... მიწის მოხვნა კაკლებსაც სჭირდება. ჩემს კაკლის ნერგებს ბევრი ემადლიერება, რაც ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს. როცა მიაქვთ, ვეხვეწები, რომ მოუარონ, მერე შემატყობინონ, როგორ უვლიან და ნერგები როგორ ხარობს.

- ამ ცოტა ხნის წინ შვედეთში შვილთან იყავით ჩასული, რომელიც იქ არის გათხოვილი... მოგეწონათ იქაურობა?

- შემოდგომით ბევრი საქმე მქონდა, ყველაფერი რომ დავასრულე, დავაბინავე, დაგეგმილი იყო, რომ შვედეთში უნდა წავსულიყავი. მგზავრობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, თვითმფრინავით სხვა დროსაც მიმგზავრია... ჩემს შვილებს უნდოდათ, რომ შობას ყველანი ერთად იქ ვყოფილიყავით... შვედი სიძე მყავს, ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს. კოპენჰაგენში ხომ ჩავედით, მატარებლით უნდა წავსულიყავით და თავისი მანქანით დამხვდა... იქაურობა მოვლილია, მე ხომ მიყვარს ასეთი ნაპატრონები გარემო... მინდვრები სულ ამწვანებული და გაკრიალებული იყო. ნატას ოჯახი გარეუბანში ცხოვრობს და ამას ვერც იგრძნობ. კოპწია სახლებია - 4-5 სართულზე მაღალი არცერთი არ არის. ასევე მოწესრიგებული ეზოები აქვთ, მწვანე ნარგავებით სავსეა იქაურობა, დაბალი ღობეები აქვთ, საუკეთესო გზები. ეს ყველაფერი თვალში საცემია და ძალიან მომეწონა. მოკლედ, შობას იქ შევხვდით. ორი თვე უნდა ვყოფილიყავი და ორი კვირა რომ გავიდა, გუნება შემეცვალა. ვუთხარი, რომ წამიყვანეთ-მეთქი და მესამე კვირას წამოვედი.

კოპენჰაგენის აეროპორტში

- უცხო ქვეყანა მოგეწონათ, მაგრამ თქვენს ქვეყანაში მალევე დაბრუნდით, ხომ?

- ძალიან მომეწონა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ საქართველო ჩემი სამშობლოა. დავბრუნდი თუ არა აქ, ქუთაისიდან ავტობუსს რომ მოვყავდით, ფანჯრიდან ვუყურებდი მოუვლელ, აბალახებულ მინდვრებს. ის სიკოხტავე კი იქ დარჩა, შვედეთში... ერთი ამბავიც უნდა მოგიყვეთ - საახალწლოდ სიძემ თავისი უფროსი მეუღლით დაპატიჟა, ახალი წლის ღამეს ვუმასპინძლეთ. ნატამ მათ ჩემი მოყვანილი კაკალი და თხილი გაასინჯა. იმ კაცმა თქვა, ასეთი ნიგოზი არ მიჭამიაო. მერე ნატას უთხრა, დედაშენი ოღონდ დარჩეს, კაკლის ბაღი გააშენოს, ხელფასსაც დავუნიშნავ, მუშებსაც ავუყვან, უარს ნუ იტყვისო. ნატამ მითხრა, - სამსახური გამოგიჩნდაო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. საქართველოში ჩამოვედი. თუმცა შვედეთის მონატრებაც მაქვს, ნატას სახლისაც და მისი ოჯახისაც... იქ 3 კვირა, იცით, როგორ გავძელი? სულ ვქსოვდი. 2-2 წყვილი წინდა დავუქსოვე ყველას. გულს საქმით ვაყოლებდი. უსაქმოდ სიცოცხლე ხომ არ შემიძლია.

ასეთია ევას ეზო ზაფხულობით

ჟასმინი ევას ეზოში

- ახალგაზრდებს მომდევნო თაობას თქვენი გამოცდილებიდან რას ეტყოდით?

- ცხოვრების ყოველი დღე გამოზომეთ. წუთისოფელი სწრაფად გარბის, არცერთი წუთი არ გააცდინოთ და უაზროდ არ გაატაროთ, ნაყოფიერად გამოიყენოთ. გიყვარდეთ მიწასთან მუშაობა, - ეს სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია. ვინც რა საქმიანობაში ხართ ჩართული, გულით გიყვარდეთ, იფიქრეთ ცხოვრების ყოველ მომავალ წელზე. სიბერეზეც იფიქრეთ, მაშინ რა უნდა აკეთოთ, ახალგაზრდობიდან უნდა დასახოთ ეს გეგმები. ყოველმა ადამიანმა ხე უნდა დარგოს და იმის ჩრდილში დაისვენოს. საქმემ არ უნდა შეგაშინოთ...