“დღეს ჩვენი საკვების თეფშზე მხოლოდ ვიტამინები და მინერალები კი არა, ხშირად - ანტიბიოტიკები, ჰორმონები, პესტიციდები და მძიმე მეტალებიც ხვდებიან. ისინი შესაძლოა უგემოვნო და უჩინარი იყოს, მაგრამ მათი გავლენა ორგანიზმზე, რეალურია და მძიმე,“ - ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა წერს.
“მრავალ ფერმაში ცხოველებს რეგულარულად აძლევენ ანტიბიოტიკებს არა დაავადების სამკურნალოდ, არამედ პრევენციისა და სწრაფი წონის მოსამატებლად. ასეთი ცხოველების პროდუქტებში რჩება ანტიბიოტიკის ნარჩენები, რაც საბოლოოდ ადამიანების ორგანიზმში ხვდება. შედეგად, ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა (რეზისტენტობა) უკვე ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა მსოფლიოში - მკურნალობა რთულდება, ინფექციები აღარ ემორჩილება ჩვეულებრივ მკურნალობას.
ასევე, ჰორმონების გამოყენება მესაქონლეობაში ზრდის ცხოველთა პროდუქტიულობას, მაგრამ ჯანმრთელობის ფასად. ეს ჰორმონები რჩება რძესა და ხორცში. რეგულარული მიღება ბავშვებში იწვევს პუბერტატის დაჩქარებას, ჰორმონულ დისბალანსს და ზრდის ონკოლოგიური დაავადებების რისკს. ევროკავშირის ქვეყნებში ბევრი ასეთი ჰორმონი აკრძალულია, საქართველოში კი მათზე ეფექტიანი რეგულაცია ჯერ არ მოქმედებს.
ვინ უნდა დაიცვას მომხმარებელი?
დღეს მომხმარებელი პრაქტიკულად დარჩენილია საკუთარი თავის იმედად. ხშირად არც მწარმოებელი, არც დისტრიბუტორი და არც სახელმწიფო არ იღებს საკმარის პასუხისმგებლობას საკვების ხარისხზე
საკვების ფასი დღეს, მხოლოდ ლარი არ არის, დღეს საკვების რეალური ფასი ჯანმრთელობით იზომება. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო, სუფთა და ბუნებრივი. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ - კანონით, კონტროლითა და რეგულაციით, რაც დღეს სამწუხაროდ არ ხდება, არ ხდება ეს დიდი ხანი უკვე და დიდი ხანია უკვე ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან სისტემა არ არის ორიენტირებული საზოგადოებაზე და მისთვის არარის პრიორიტეტი ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა,“ - წერს ლაშა უჩავა.
იხილეთ ასევე: