ავტორი:

იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

იშვიათი დაავადებით დაღუპული მეუღლე და დიდი გაჭირვება, რომელმაც შვილთან ერთად ქუჩაში გამოიყვანა - როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

ისე, მოხდა, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი 1989 წლის 9 აპრილს დაუკავშირდა. ის თავისი ფანდურით იმ ტრაგიკულ ღამეს სიმღერით, შეუპოვრად დახვდა რუსთაველზე მოსულ რუსულ ჯარს და ისტორიაში შევიდა... 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალბატონი, ლელა ვეფხვაძე უკვე 30 წელია, თბილისის მეტროში მღერის...

მისთვის ცხოვრება მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ შშმ პირი ყველა წინააღმდეგობასთან შებრძოლებას მუდმივად ახერხებს. მასთან ერთად, კიდევ ერთხელ, თვალი გადავავლეთ მის არც ისე მარტივ ცხოვრებას.

- იმ აქციებზე, იმ დღეებში ოთხნი ვმღეროდით. 9 აპრილის საღამოსაც წავედით, თუმცა წასვლა არ ვაპირებდით, სპონტანურად გადავწყვიტეთ. რადგან არ მივდიოდით, შემღერებულებიც არ ვიყავით, რუსთაველზე რომ მივედით, იქვე შევმღერდით... ისტორიაში შეხვედითო, მითხარით, - ამას რომ მეუბნებიან, ყოველ ჯერზე გული მწყდება. მარტო მე არა, „ჩემი გოგოებიც“ - ასე ვეძახდი მათ, შევიდნენ. მათი დამსახურებაც არანაკლებია. ჩვენი ოთხეულიდან ცოცხალი მხოლოდ მე ვარ. ისინიც უსინათლოები იყვნენ და დღეს თითოეული ძალიან მაკლია... კი, იმ ღამესაც ოთხივე ვმღერით... მერე იმ არეულობაში კაბელი გაწყდა ჩვენი ხმა აღარ ისმოდა...

- ფაქტობრივად რუსთაველზე მოსულ მეტრს სიმღერით დახვდით...

- კი, ასე იყო და სიმღერაც, რასაც ვმღეროდით, ისიც სიმბოლურია. ეს იყო "სალაღობოს" - ხალხური სიმღერის სხვა ვერსია. ასე მოგწონდა და თინიკომ, ერთ-ერთმა მეგობარმა, ეს ვერსია შემოგვთავაზა, იმ ინტერპრეტაციით გავაკეთეთ, რაც იმ ცნობილ კადრებში ისმის. ამ სიმღერას წინა დღეებშიც ვასრულებდით, ხალხი სხვანაირად გვხდებოდა, მუხტს სწევდა და საოცარ ემოციას იწვევდა... იმ ღამესაც ფანდური რომ გავამზადე, უნდა წაგვემღერა, ზვიადმა და მერაბმაც ეს სიმღერა გვთხოვეს...

- იმ მძიმე წუთებში როგორ გადარჩით?

- ტანკები რომ შემოვიდა, ტრიბუნაზე ვიყავით, ყველამ პარლამენტის შენობისკენ ამოიწია და ჩვენც ნელ-ნელა უკან დავიხიეთ. მე, თინიკო, დონარა და ზაირა (ჩვენ შორის ყველაზე ასაკოვანი იყო, დედაჩემის ტოლი, მაგრამ შემართული ქალი გახლდათ. კარგი ბანი ჰქონდა) ერთად ვიყავით, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა, რომ ყველანი დავიქსაქსეთ. ერთი მომენტში ხალხის ტალღამ ზემოთ ძალიან ამოიწია და პარლამენტის შენობის კედელს მივეკარი. ვეღარ ვსუნთქავდი, ყველა მაღალი ადამიანი ჩემ წინ იდგა. უჰაერობისგან ვხვდებოდი, რომ გონებას ვაკარგავდი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, რაღაცნაირად ხალხი გაიფანტა, დაიშალა, ხელის ცეცებით კედელს გავყევი, ორიენტაცია არ მიჭირს და მაშინდელი მილიციელების ჯავშანჟილეტებს ვებღაუჭებოდი და ასე ხელით მივყვებოდი. მერე პირველ სკოლასა და პარლამენტის შენობას შორის ქუჩაზე გავედი. უნდა ჩავმხრჩვალიყავი, მაღალი ბორდიური იყო და ჩემი დის კივილი მომესმა - ლელაკო, მიშველეე! - ჩემი და განწირული ხმით ყვიროდა...

მილიციელების კორდონში ისევ შევბრუნდი, - ძლივს გამოხვედი, სად მიდიხართო?! - მითხრეს. ჩემი და კივის, უნდა ვიპოვო და მივიდე-მეთქი. წარმოიდგინეთ, რომ მივაგენი. და, რომელსაც ასევე მხედველობის პრობლემა აქვს და თინიკო ერთმანეთს მიჰკვროდნენ. მოვკიდე მათ ხელი და იმ გზით გამოვიყვანე, რა გზითაც მე გამოვედი. მანამდეც მოვილაპარაკეთ, თუ დავიკარგებოდით, ჩვენს თანამშრომელთან, გრიბოედოვის ქუჩაზე მოგვეყარა თავი. სამივე გრიბოედოვის ქუჩისკენ დავიძარით. პირველ სკოლასთან მიწისქვეშა გადასასვლელს რომ მივუახლოვდით, უკან ჯარისკაცები მოგვდევდნენ, მათი ნალებიანი ჩექმების ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. უკვე ვგრძნობდით, რომ ვერ გავექცეოდით, პატარა გამხდარ გოგოებს რა შეგვეძლო?! მათ ვერ დავეხსნებოდით, ჯერ მარტო ჩვენი მხედველობიდან გამომდინარე და ასევე ემოციებიდან გამომდინარე.

მერე ჩვენ წინ ბიჭებმა გაირბინეს, მათ გაეკიდნენ და ასე გადავრჩით... ერთმა ბიჭმა გვითხრა, მიწისქვეშა გადასავლელთან არ გაჩერდეთ, აქეთაც და იქითაც ჯარისკაცები არიანო და იმ მხარეს წავედით, საიდანაც ჩამოვედით... ბესიკის ქუჩას ავუყევით, სადაც რაღაც ავტობუსი იდგა, დარბეულ ხალხს აგროვებდა და მერე იმ ავტობუსმა უნივერსიტეტში გადაგვიყვანა. ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ მსხვერპლი იყო და გარდაცვლილები პროზექტურაში გადაჰყავდათ. მეგობრების ძებნა დავიწყეთ. პროზექტურაშიც ვიყავით, სადაც საოცარი ამბები ხდებოდა, ენით აუწერელი... ვისაც ვეძებდით, იქ არ აღმოჩნდა...

გვეუბნებოდნენ, რომ უსინათლოები დაიხოცნენო. ამან უფრო დამადარდიანა. არადა, ყველა მე წავიყვანე იმ ღამეს, ავიყოლიე. მათ რომ რამე მოსვლოდათ, თავს ვერ ვაპატიებდი. მათი ქმრებიც კი დავიყოლიე, რომ წამოსულიყვნენ. საბოლოოდ ყველანი გადავრჩით, მაგრამ მოწამლულები ვიყავით. ოთხივეს ცრემლდენა გვქონდა და ღებინების შეგრძნება... 2 კვირის მანძილზე არსად მივსულვართ, თითქოს გვერიდებოდა, ხალხი დაიხოცა და ჩვენ მოწამვლას ვჩიოდით. ამ ტრაგედიისას კარგი ის იყო, რომ ხალხისგან დიდი სითბო იგრძნობოდა, ყველა გვეფერებოდა... ბევრმა დაზარალებულის, „9 აპრილის“ მონაწილის სტატუსი მიიღო, მათ შორის ისეთებმა, საერთოდ რომ არ ყოფილან იქ... ჩვენ 9 აპრილის მონაწილის სტატუსი არ გვქონდა მაშინ. არადა, შევარდნაძის პერიოდში შუქის და გაზის გადასახადს არ იხდიდნენ. როცა 9 აპრილის კომიტეტს მივაკითხეთ, ჩვენც მოგვეხმარეთ-თქო. ცნობა მოგვიტანეთ, რომ 9 აპრილის მონაწილეები ხართო...

- თქვენი ამბების თხრობაზე გადავიდეთ. მხედველობის პრობლემა თანდაყოლილია?

- კი. გენეტიკური კატარაქტა კია, მაგრამ ჩემს თავს საკმაოდ გვიან მივხედე. თან ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩვენთან მედიცინა ასე არც განვითარებული იყო, თუმცა ოპერაცია მერე მაინც გავიკეთე, მაგრამ უშედეგოდ. არადა, მხედველობა ოპერაციის შემდგომ 4-5% უნდა მქონოდა. 1%-იც ვერ ვიგრძენი. 100%-დან 1%-ის ნახევარი მაქვს. მერე ჩემს თავზე აღარც მიფიქრია, შვილები მყავდა, მათზე ვზრუნავდი. ამ მხედველობის ფონზე ჩემით დავდივარ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. 2 შვილი ისე დავზარდე, არც ხელი მომიხეხავს, არც ფეხი. შვილები არც ჭუჭყიანი მიტარებია და მათთვის არც განათება დამიკლია - ორივე უმაღლესი განათებით არიან. ცხადია, ამ ყველაფერში თვითონაც წამომყვნენ.

- მშობლებზე გვიამბეთ...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამა იმერეთიდან იყო, დედა მოხევე მყავს, ყაზბეგიდან. ფილოლოგი მამა თავისი ქვეყნის დიდი მოყვარული, პატრიოტი გახლდათ. სამი გოგოს საქართველოს მოყვარულად გვზრდიდა... თავადაც უსინათლო იყო...

ჩემი უფროსი და მხედველია, ამიტომ მამა მას სთხოვდა, რომ ჩემთვის და მეორე დისთვის, რომელსაც ასევე მხედველობის პრობლემა აქვს, სანამ პატარები ვიყავით, ზღაპრები, ლექსები წაეკითხა. მამა თვითონაც კარგ ლექსებს წერდა... უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდით, იქ კი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნები იყო, რასაც ვისმენდით. წიგნების კითხვა თავიდანვე მიყვარდა. საერთოდ განათლებას და ინტელექტს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს... ჩვენს სკოლაში იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მხედველობა არ ჰქონდათ და ძალიან წუხდნენ. ეს მეც მაწუხებდა, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვამბობდი, ოღონდ, წიგნის კითხვა შემეძლოს და მეტი არაფერი მინდა-მეთქი, მაგრამ მე მაინც ჩემნაირი ადამიანების წრეში გავიზარდე და ასე მნიშვნელოვნად არ განვიცდიდი.

- სკოლის შემდეგ რა განათლება მიიღეთ?

- სკოლა რომ დავამთავრე, კულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე და მაშინ ვიგრძენი, რომ მხედველობის გამო, გარკვეული შეფერხება მქონდა. ამ პრობლემამ საკმაოდ იჩინა თავი, რადგან წასაკითხი ბევრი იყო. კარგი კურსი მყავდა, მიკითხავდნენ და მოკლე შინაარს ვუყვებოდი, - გამოცდებს ასე ვაბარებდი. ძნელია, როცა თვითონ ვერ კითხულობ, ასეთ დროს აღქმა ჭირს.ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ნატო უკვე მყავდა და მაგ პერიოდში ისიც სკოლაში შევიდა. ამიტომ სკოლასა და ინსტიტუტს შორის ვიყავი გაჭრილი. თან 1993-1994 წლები იყო, შიმშილის, სიცივის, უშუქობის, უგაზობის პერიოდი... აუდიტორიები გაყინული იყო... ხალხურ სიმღერებს ანზორ ერქომაიშვილი გვასწავლიდა. აუდიტორიებში ისე ციოდა, როცა ვმღეროდით, ორთქლი ამოგვდიოდა. ნატო ხშირად მშიერი იყო, მე ვიკლებდი და მას ვაჭმევდი, დედისთვის ეს ყველაფერი ასატანად კატასტროფაა... თან მაგ პერიოდში სამსახურებიც დაიხურა, არადა, კაპელაში ვმღეროდი, მაგრამ სახლში დაჯდომამ მოგვიწია...

- 90-იანი წლებში ყველას უჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ გამორჩეულად რთული პერიოდი გქონიათ...

- ასე იყო... ლობიო 90-იანებში ყველაზე აქტიურად მოსახმარი პროდუქტი იყო და ერთხელაც რომ მოვხარშე, შუქი ჩაქრა. ტაფაზე დაჭრილი ხახვი ქურაზე შემოდგმული დამრჩა. ამასობაში ბავშვსაც დაეძინა, რომ გაიღვიძა იტირა, მივხდე, დენიც მოვიდა. ქურაზე დადგმული ტაფა აღარ მახსოვდა და ხახვი დაიწვა. რაღაც ვიზამდი?! მეტი ხახვი არც მქონდა და ლობიო ვერ შევანელე... შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, - მორჩა, ჩემი თავმოყვარეობა, მენტალიტეტი - ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო. შვილი მშიერი აღარ უნდა იყოს. საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლა გავიარე, რადგან სხვანაირად ვიზრდებოდით, მაშინ ქუჩაში გასვლა და მღერა, სირცხვილად ითვლებოდა.

- ქუჩაში სამღერლად პირველად მაშინ გახვედით?

- კი. ვთქვი, შვილის შიმშილს ვეღარ დავუშვებ-მეთქი და მე და ნატალია ქუჩაში ერთად გავედით. საერთოდ, წლისა და სამი თვიდან კარგად მღეროდა და დედა-შვილი ისნის ბაზრობაზე გავედით. მე ფანდურზე ვუკრავდი და ის მღეროდა, - ასე დავიწყეთ. ის რომ მღეროდა, მე ვტიროდი... მასაც მხედველობის პრობლემა აქვს და ჩემს ტირილს ვერ ხედავდა... თვეზე მეტი ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ვუკრავდი, ბოღმა მახრჩობდა, ვდარდობდი, რომ ბავშვი ქუჩაში გამოსაყვანად გავიმეტე... თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად შიმშილისგან გვიხსნა.

ლელა და ნატალი

- და იმ წუთისთვის გადარჩენის ერთადერთი გაზა თქვენთვის სწორედ ეს აღმოჩნდა, ხომ?

- კი, ფაქტობრივად ორივეს მიერ გადადგმული... თუ ფიზიკურად არ გადარჩი, რამდენიც გინდა, სულიერად ძლიერი იყავი, - ფიზიკურობა თუ არ მოგყვება, გაგიჭირდება. ნატალიასთვისაც როგორი იყო? მისი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ, მას კი უნდა ემღერა. მართალია იქ დიდხანს არ ვრჩებოდით, მაქსიმუმ 2 საათი, ბავშვის ჯანმრთელობას და ხმას ვუფრთხილდებოდი, მაგრამ ქუჩაში ხომ ვიყავით?! მერე უკვე სიმღერაში მეც ჩავენაცვლე. გაბედულებაც მომემატა, თავშიც ძალა ვიპოვე, რომ მემღერა.იქ დგომა მარტივი ბევრი კუთხით არ იყო. შეურაცხმყოფელ ფრაზებს ვისმენდით, არ გვაჩერებდნენ, გარკვეული ადგილებიდან გვაგდებდნენ... ნატალია 14-15 წლის რომ გახდა, მივხვდი, იქ მყოფი ბიჭები უკვე სხვანაირად უყურებდნენ და ვთქვი, მორჩა, ქუჩაში აღარ იდგება-მეთქი და სიმღერა მარტომ გავაგრძელე... მერე მეორე ქალიშვილიც შემეძინა...

- ქუჩამ თავდაჯერებულობა შეგმატათ?

- კი, სტიმულიც მომცა და იმაში დამარწმუნა, რომ მე შემიძლია. შვილები მშივრები არ მყავდა და ჩასაცმელიც მეტ-ნაკლებად ჰქონდათ. არადა, ნატო იქ პირველად დახეული ბოტასით და დახეული ქურთუკით გავიყვანე, რადგან მეტი არ ჰქონდა... ქუჩამ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გადაგვარჩინა, მე მომღერლად ჩამომაყალიბა. გამოცდილება შემძინა.

- საერთოდ მუსიკა როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- უსინათლო ბავშვთა სკოლა, სადაც დავდიოდით, ყოველმხრივ განვითარებული იყო. პედაგოგებიც საკმაოდ კარგი გვყავდა. იქ იყო პატარების და დიდების სიმღერის გუნდი. ცოტა ხანს ვიყავი პატარების გუნდში, მერე დიდიებთან გადამიყვანეს. მე-7 კლასში რომ გადავედი, სკოლაში პედაგოგი - ავთო მოდრეკილაძე მოვიდა. განათლების სამინისტროს სურვილი იყო, სკოლაში ხალხურ საკრავთა ორკესტრი ჩამოყალიბებულიყო. ორკესტრში ამიყვანეს, ფანდური შემასწავლეს და ამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. სალამურის შესწავლაც მაინტერესებდა. მასწავლებელმა მითხრა, - გოგო და სალამური ერთად არ გამოვაო. მანამდე ორკესტრში სალამურზე ბიჭი უკრავდა და მას ვთხოვდი, რაღაცები აეხსნა, ესწავლებინა. მასწავლიდა. იმ ბიჭმა სკოლა რომ დაამთავრა და წავიდა, მასწავლებელს დავუმტკიცე, რომ გოგოსაც შეეძლო სალამურის დაკვრა. უკვე ყველა ნაწარმოები ვიცოდი და ორკესტრში სალამურზე ვუკრავდი... საერთოდ მუსიკალური მონაცემები მამისგანაც მომყვება, საკმაოდ კარგად მღეროდა. დედასაც კარგი სმენა ჰქონდა. მოკლედ, მუსიკა ჩემთან ასე მოვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მონაწილე მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა - 2022 წელი

- მეუღლეზე რას გვეტყვით?

- მეუღლე 2016 წელს გარდაიცვალა. უმძიმესი დაავადება ჰქონდა - ტვინის ქერქის ატროფია. ისიც უსინათლო იყო. 4 წელი მე და ჩემმა უმცროსმა გოგომ მასთან ერთად სრულ ჯოჯოხეთში გავიარეთ. როგორც ექიმებმა მითხრეს, ამ დაავადების გამომწვევ მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით მედიცინა ვერ ადგენს. ექიმი არ დამიტოვებია, ყველასთან მყავდა. ქერქის ატროფია ტვინის იმ სფეროში იყო, რომელიც გონებას მართავს... ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერავის გვცნობდა. 61 წლის ასაკში გარდაიცვალა...

- რამდენი რამ გაქვთ გადატანილი...

- მადლობა ღმერთს, რომ ოპტიმიზმი შემრჩა. პესიმისტი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. თუ შენ ცხოვრებას სწორად მიჰყვები, უფალიც მოგეხმარება და ფეხზე მაინც დადგები. ჩემი უმცროსი გოგონა მხედველია და შვილიშვილებიც მხედველი მყავს. ნატალისაგან ერთი მყავს და ანანოსგან ერთი. ქუჩაში რომ გავედი, სწორედ იმაზეც ვფიქრობდი, რომ რამდენად სწორი იქნებოდა ხალხის რეაქცია ჩემთან დამოკიდებულებაში. მადლობა ადამიანებს მათმა სითბომ და სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე. დიდი სითბო მოდის. ეს დიდი სტიმულს და ენერგიას მაძლევს, რომ რაც შეიძლება კარგად ვიმღერო.