ტრაგედია დომინიკის რესპუბლიკაში - დედაქალაქში არსებულ ერთ-ერთ ღამის კლუბში, კონცერტის მიმდინარეობისას სახურავი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 ადამიანი, დაშავდა 200-ზე მეტი.
კლუბ Jet Set-ის სახურავი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მომღერალ რუბი პერესის კონცერტი მიმდინარებდა. რამ გამოიწვია ნგრევა ჯერჯერობით გაურკვეველია. თავად პერესი უკვე ამოყვანილია ნანგრევებიდან და სტაბილურ მდგომარეობაშია.
მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა შველას.
“ხელისუფლება და ოპერაციაში ჩართული პირები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ნანგრევების ქვეშ ბოლო ადამიანს არ ვიპოვით“, - განაცხადა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორმა.
ტრაგედიის დროს, კლუბში მინიმუმ 300 ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახები შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ და თავიანთი საყვარელი ადამიანების ფოტოები მიიტანეს.
“მენდესისა და დოტელის“ ფონდის ცნობით, დაღუპულთა შორის არის ბეისბოლის მთავარი ლიგის ყოფილი მოთამაშე, ვარსკვვლავი ოქტავიო დოტელი. ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
დომინიკის რესპუბლიკის სპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ კოლაფსის შედეგად გარდაიცვალა დიდი ლიგის კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, ტონი ბლანკო.
ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
იხილეთ ასევე: