ავტორი:

ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"

ტრამპის მორიგი ბრძანება მიგრანტებზე - "მათ, ვინც აშშ-ში შესასვლელად ბაიდენის დროინდელი აპლიკაცია გამოიყენეს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ"

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიგრანტებმა, რომლებსაც ბაიდენის დროინდელი აპლიკაციის გამოყენებით შეერთებულ შტატებში დროებით ცხოვრების ნება ეძლეოდათ, ქვეყანა “დაუყოვნებლივ” უნდა დატოვონ.

  • 2023 წლის იანვრიდან, აპლიკაციის CBP One გამოყენებით ქვეყანაში შესვლის ნება 900,000-ზე მეტ ადამიანს დაერთო. პრეზიდენტის უფლებამოსილებით მათ შეერთებულ შტატებში ორი წლის განმავლობაში დარჩენისა და მუშაობის უფლება ეძლეოდათ.

კრისტი ნოემის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა: "ამ უფლებების გაუქმება არის პირობა, რომელიც ამერიკელ ხალხს შევუსრულეთ, რათა ჩვენი საზღვრები და ეროვნული უსაფრთხოება დავიცვათ."

ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ CBP One-ის ბენეფიციარებთან აღნიშნული შინაარსით შეტყობინებები გაიგზავნა, მაგრამ არ უთქვამთ, რამდენთან. მათ მიგრანტებს ნებაყოფლობითი თვით დეპორტაციისკენ იმავე აპლიკაციის გამოყენებით მოუწოდეს. აპლიკაციას ამჟამად სახელი გადაერქვა და CBP Home ეწოდება.

  • უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობითვე, სიახლე დაემთხვა განცხადებას, რომ ისინი, ვინც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან და წასვლაზე უარს ამბობენ, ბრძანების მიღებიდან ქვეყნის დატოვებამდე დღეში 998 დოლარით დაჯარიმდებიან.

“თუ არ წავლენ, შედეგების მიღება მოუწევთ, - განაცხადა DHS-ის წარმომადგენელმა, - ეს მოიცავს 998 დოლარის ჯარიმას ყოველი დღისთვის, რასაც არალეგალი უცხოელი საბოლოო დეპორტაციის ბრძანების შემდეგ ქვეყანაში ატარებს”.

ოფიციალური პირები ჯარიმების შემოღებას 1996 წლის იშვიათად გამოყენებული კანონის საფუძველზე გეგმავენ, რომელიც საშუალებას იძლევა, დაწესდეს ჯარიმები მათთვის, ვინც გაძევების ბრძანებებს არიდებს თავს. კანონი პირველად 2018 წელს, რესპუბლიკელების პირველი ვადის დროს აღსრულდა. თუმცა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ წესი 2021 წელს შეაჩერა და განაცხადა, რომ ჯარიმები "არაეფექტური და არასაჭირო დამსჯელი ზომა" იყო.

  • "დროა, დატოვოთ შეერთებული შტატები," - მისწერა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰონდურასელ ოჯახს, რომელიც აშშ-ში გასული წლის ბოლოს შევიდა.

მეილით მიღებული ანალოგიური წერილი სოციალურ მედია პლატფორმებზე სხვებმაც გააზიარეს. Al Otro Lado-მ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მიგრანტებს იურიდიულ დახმარებას უწევს, განაცხადა, რომ ზოგი მიგრანტი, ვინც ეს წერილები მიიღო, ჰონდურასიდან, სალვადორიდან და მექსიკიდანაა.

CBP One შეერთებულ შტატებში შესვლის ლეგალური გზების შესაქმნელად და გასაფართოებლად ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის ქვაკუთხედი იყო და მიზნად საზღვრის არალეგალური გადაკვეთის შემცირებას ისახავდა. დეკემბრის ბოლოსთვის, CBP One-ის მეშვეობით 936,500 ადამიანს ჰქონდა მოპოვებული უფლება, რომ მექსიკის საზღვრის გადაკვეთის პუნქტების გავლით ამერიკაში შესულიყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBP One-ით შემომსვლელებისთვის უფლება გაპრეზიდენტების პირველივე დღეებში შეზღუდა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი, რომელიც აშშ-ს საზღვარზე უნდა გადასულიყო, მექსიკაში ჩარჩა.

ტრამპმა დროებითი სტატუსი მრავალი ისეთი ადამიანისთვის გააუქმა, რომლებმაც ბაიდენის პოლიტიკის შედეგად მიიღეს სარგებელი. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბაიდენის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებამ "კიდევ უფრო გააღვივა საზღვრის ყველაზე მძიმე კრიზისი აშშ-ის ისტორიაში".

ჯარიმები, სავარაუდოდ, აშშ-ში 1.6 მილიონ მიგრანტზე გავრცელდება. ადმინისტრაცია ასევე გეგმავს, ამოიღოს იმ პირთა ქონება, რომლებიც ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობენ. აშშ-ის თანამდებობის პირები მიგრანტებისთვის გაგზავნილ ელ. ფოსტაში განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება მიგრანტების აქტივების ამოღება იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტივების ჩამორთმევის განყოფილების დახმარებით.

წყარო