ავტორი:

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლა ასე დაიწყო: "გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას"

"გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ახალგაზრდების მიმართ, ვინც დღეს ამავე იდეალებისთვის იბრძვიან და გავიხსენოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა გუშინ პრაღაში, დღეს უკრაინაში!" - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ჩეხეთის სენატში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

"9 აპრილი ყველა ქართველისთვის სევდიანი დღეა. ამ დღეს, 1989 წელს რუსი ჯარისკაცები და ტანკები შევიდნენ თბილისის ცენტრში და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მოწოდებული მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩაახშეს. მათ გამოიყენეს გაზი, ხელკეტები და მაქსიმალური ძალადობა ხალხის დასაშლელად, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი. კიდევ ასობით დაშავდა, მაგრამ იმ ღამის გზავნილი არ გამქრალა, ამან ეროვნული მოძრაობა აანთო და ორი წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი მოამზადა...

მაგრამ ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან. უკვე 140 დღეზე მეტია, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ისეთივე საშიშ რაღაცას - ჩუმ სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ, ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას.

"დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. "უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტები მოსახლეობას აღარ იცავს.

"სასამართლო სისტემა მმართველი პარტიისთვის რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. ბოლო თვეებში სასამართლოს მიერ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ. ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ. ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ოდესღაც პერსპექტიული ევროპული დემოკრატიის თავზე რუსული სტილის ავტოკრატიის აჩრდილი დგას, ყოველივე ამის უკან კი რუსეთის აჩრდილია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.