9 აპრილს, საღამოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა. რუსი ჩერმენ ვალიევი, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ალბანეთის სახელით ასპარეზობდა. მან ფინალში მან რუსი ზაურბეკ სიდაკოვი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა ორ ჩრდილოელ ოს მოჭიდავეს შორის რთული იყო. ექვსი დაძაბული წუთის შემდეგ მსაჯმა ვალიევს ხელი ასწია და მან ანგარიშით 4:2 მოიგო.
დაჯილდოების ცერემონიალზე სკანდალური სიტუაცია მოხდა.
ტელეგრამ-არხ "თავისუფალი ჭიდაობის" ცნობით, მამიაშვილმა სპორტსმენს მოღალატე უწოდა, რის შემდეგაც ინციდენტი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხეტაგ გოზიუმოვმა შეამჩნია და ვალიევის მიმართ გამოთქმულ უპატივცემულობაზე აღშფოთება გამოთქვა.
მამიაშვილს არ დაუმალავს იმედგაცრუება იმის გამო, რომ ვალიევმა სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და ის რუსეთის შემდეგ, ალბანური დროშის ქვეშ ასპარეზობს.
ამასთან, თავად მამიაშვილმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან მხოლოდ მიულოცა ვალიევს და არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:
"მე მას გამარჯვება მივულოცე, წარმატებები ვუსურვე. შესაძლოა, გაუკვირდა, რომ მე ვაჯილდოებდი. რადგან ერთი წლის წინ, ოლიმპიადამდე სულ რაღაც ოთხი თვით ადრე, ის ჩვენს ნაკრებში იყო. ეროვნული გუნდი ამზადებდა მას, მაგრამ დღეს ის უკვე ალბანეთის დროშის ქვეშ დგას ცრემლიანი თვალებით. შესაძლოა, ამან დააბნია იგი? - აი, ჩერმენისნაირებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი დროშაა? დღეს – ალბანური, ხვალ – ბულგარული. ეს ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მათ ზურგს უკან აღმართული დროშის ფასეულობას. მათ არ ესმით იმ ქვეყნის პასუხისმგებლობა, რომელმაც ისინი შექმნა და შესაძლებლობა მისცა. დიახ, ზოგჯერ რთულ პირობებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდმა რუსეთმა მათ სპორტსმენები უწოდა. ასე რომ – ალბანეთის დროშა აქვს ახლა ხელში".
ვინ არის მიხეილ მამიაშვილი
მსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე მიხეილ მამიაშვილი უკრაინაში დაიბადა. მამა, გერაზი მამიაშვილი ხაშურიდან გახლდათ, რომელიც სამხედრო სამსახურს ყაზახეთში გადიოდა. სწორედ იქ გაიცნო ვერა კრივუნი, ყამირზე კომკავმირული საგზურით ჩასული უკრაინელი გოგონა.
წარმოშობით ქართველი მამიაშვილი წლებია რაც რუსეთში სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს და მის შეცვლაზე აქამდე არავის უფიქრია, რადგან ის პუტინთან დაახლოებული პირია.