დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს

დათო კენჭიაშვილის ახალი სიმღერა მსმენელის გულებს იპყრობს

„საქართველოს ბულბულის“, დათო კენჭიაშვილის ახალმა სიმღერამ, „ან რაღა უნდა გიამბო“, გამოჩენისთანავე მსმენელის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. კომპოზიციის პრემიერა 7 მარტს, მომღერლის ანშლაგით ჩატარებულ სოლო-კონცერტზე შედგა და სულ რამდენიმე დღეში 107 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

დათო კენჭიაშვილმა სწორედ ამ სიმღერით გახსნა კონცერტი „დედა ღვთისაა“ - საღამო, რომელიც დედებს ეძღვნებოდათ. კომპოზიცია შექმნილია ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის ლექსის ინსპირაციით. სიმღერას საკუთარი ისტორია აქვს, ის გულის სიღრმიდან ამოსული ტექსტისა და იმ მუსიკალური ჰარმონიის სინთეზია, რომელიც კინოფილმ „ფესვებიდან“ მოდის და ახალ ჟღერადობას დათოს იმპროვიზაციით იძენს.

თქვენი ახალი სიმღერა ტარიელ ხარხელაურის ლექსზეა შექმნილი, როგორ გაჩნდა სურვილი ამ პოეზიის მუსიკად ქცევის და რა განსაკუთრებული კავშირს გრძნობთ ამ ტექსტთან?

ამ სიმღერაზე მუშაობა ჯერ კიდევ ათი წლის წინ დავიწყე. თუმცა, ახალი სიცოცხლე და საბოლოო სახე 7 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიძინა, როცა პირველად შევასრულე ჩემი მეგობარი მუსიკოსების თანხლებით. ეს სარისკოც იყო, სიმღერის მუსიკალური გაკეთილშობილება და გალამაზება ასე ვთქვათ, კონცერტამდე ორი დღით ადრე დასრულდა.

ბატონი ტარიელ ხარხელაური ჩემთვის უბრალოდ პოეტი არ არის, ის თავად არის ინსპირაცია. მისი თითოეული ლექსი, განვლილი გზა, სიხარული და ტკივილი – ეს ყველაფერი ის მუხტია, რასაც ქართული სიმღერა ატარებს. ჩვენი თაობა მისი პოეზიით გავიზარდეთ, იქ ვპოულობდით სამშობლოს, სიყვარულის და ღირსებისა ჭეშმარიტ ფორმულებს. ამიტომ ამ სიმღერამ ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ეს იყო პატივისცემა, გულისხმიერება და სიყვარულის გადმოცემა იმ ენით, რაც ყველას გვაერთიანებს – მუსიკით.

სიმღერაში გამოყენებულია მუსიკალური ჰარმონია კინოფილმიდან „ფესვები“. რატომ იყო თქვენთვის ამ ფილმის თემატიკა და ჟღერადობა მნიშვნელოვანი და როგორ მოხდა მისი იმპროვიზაციული გადმოტანა ახალ ნაწარმოებში?

დიახ, ამ სიმღერაში გამოყენებულია ჰარმონიული ცვლილება, რომელიც კინოფილმ „ფესვების“ საუნდტრეკში გვხვდება. თუმცა ეს არ არის მელოდიის პირდაპირი გამეორება, ესაა იმ ჰარმონიული წყობის ნაზი იმპულსი, რომელიც მუსიკაში ინტუიციურად იგრძნობა.

ეს ჰარმონია ჩემთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული – სუფთა, მკვეთრი და ემოციურად მდიდარი. ალბათ არც ერთ ხელოვანს არ დატოვებს გულგრილს ის ჟღერადობა, რომელიც ფილმშია ჩადებული. ამიტომაც, როცა ტარიელ ხარხელაურის ტექსტზე ვმუშაობდი, ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, ეს მუსიკალური განწყობა გადმომეტანა იმპროვიზაციის სახითა და ცოცხალი შესრულებით. ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური გადაწყვეტილება, ეს იყო პასუხისმგებლობა: შევხებოდი ორი გამორჩეული ქართველის ნამუშევარს – პოეზიას და კინომუსიკას – ჩემი სიფრთხილით, ხმით და შინაგანი ხედვით. და ეს იყო, უნდა ითქვას, პატივისცემა იმ საამაყო კულტურისადმი, რომელსაც ორივე ნამუშევარი ასხივებს.

როგორ შედგა ამ სიმღერის პრემიერა და როგორი გამოხმაურება აქვს ამ ეტაპზე?

როგორც უკვე ვთქვი, ეს სიმღერა დაახლოებით ათი წლის წინ დაიბადა, თუმცა იმ სახით, როგორც ის 7 მარტს ფილარმონიის დიდ სცენაზე წარდგა, რეალურად პირველად გაჟღერდა.

ამ ვერსიამ სრულიად სხვა რეზონანსი გამოიწვია. ცოცხალმა შესრულებამ, ახალმა ჰარმონიულმა გადაწყვეტამ და კონცერტის ემოციურმა მუხტმა, სიმღერას ახალი სული შთაბერა. მესმის, რომ ეს არ არის უბრალოდ კომპოზიცია, ეს არის განცდა და ვფიქრობ, ის გულში დარჩება იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი ხელოვნება უყვარს და ემოციით უსმენს.

გამოხმაურება ძალიან თბილი და გულწრფელია და ალბათ, ყველაზე დიდი გამარჯვებაა ის, როცა იცი, რომ შენი სიმღერა გულებს ეხება და არ ქრება კონცერტის შემდეგ.

R