Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით „მკვლელების იდენტიფიცირებას“ მოახდენს.
პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები გამოავლენენ პოტენციურ მკვლელებს უკვე მსჯავრდებულ კრიმინალებს შორის. სავარაუდოდ, მკვლევარები გამოიყენებენ ალგორითმებს ათასობით ადამიანის, მათ შორის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციის გასაანალიზებლად, რათა გამოავლინონ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირები.
იუსტიციის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ გეგმა გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, თუმცა აქტივისტებმა მას საშინელი და დისტოპიური უწოდეს.
ალგორითმები ოფიციალური წყაროების გამოყენებით გააანალიზებენ 2015 წლამდე ჩადენილი დანაშაულების მონაცემებს, მათ შორის პრობაციის სამსახურისა და მანჩესტერის პოლიციის მონაცემებს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოყენებული იქნება იმ პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც ერთხელ მაინც არიან ნასამართლევი.
დამუშავებული ინფორმაცია მოიცავს სახელებს, დაბადების თარიღებს, სქესს, ეთნიკურობას და ხალხის ეროვნული პოლიციის საიდენტიფიკაციო ნომრებს.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ პროექტი წმინდა კვლევით ხასიათს ატარებს. იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს პრობაციის მსჯავრდებულთა შორის დანაშაულის რისკის უკეთ გააზრებას.