ავტორი:

Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)

Kawasaki-მ რობოტი ცხენი წარადგინა, რომელიც გარემოს არ აბინძურებს - Corleo შესაძლოა კვადროციკლების ალტერნატივა გახდეს (ფოტო/ვიდეო)

იაპონურმა კომპანია Kawasaki Industries-მა უნიკალური სიახლე, წყალბადზე მომუშავე რობოტი ცხენი - Corleo წარადგინა. რობო-ცხენის მართვა იმდენად მარტივია, რომ მისი გაჭენება ბავშვებსაც კი შეუძლიათ.

უახლესი პროექტი კომპანიამ ოსაკას ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოადგინა.

2025 წლის 3 აპრილი - Osaka World Expo-ზე გამოფენილი ოთხფეხა მანქანა, რომელიც შემუშავებულია Kawasaki Heavy Industries Ltd.-ის მიერ.

„კიბერ ცხენი არის სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აერთიანებს Kawasaki-ს მოტოციკლეტისა და რობოტიკის ტექნოლოგიებს“, - განაცხადა ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაკაში ტორიიმ.

Corleo აღჭურვილია 150 კუბური სანტიმეტრის მოცულობის წყალბადზე მომუშავე ძრავით. წყალბადის ავზები განთავსებულია რობოტის უკანა ნაწილში, ხოლო მისი გამონაბოლქვი მხოლოდ წყალს შეიცავს, რაც მას ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად აქცევს.

კომპანიის განცხადებით, ინოვაცია ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მსგავსი ჯერ არავის შეუქმნია.

რაც შეეხება რობოტს, მისი ფეხები აღჭურვილია რეზინის ნალებით, რომლებიც ყველანაირ ზედაპირზე ინარჩუნებს მდგრადობას. უკანა ფეხები კი წინა ფეხებისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ, რაც მოქნილობას უზრუნველყოფს.

სამართავად ისეთივეა, როგორიც მოტოციკლი. ამასთან, რობოტი აღჭურვილია საინფორმაციო პანელით, რომელიც აჩვენებს მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიცაა: სიჩქარე, ბატარეის მოცულობა და ნავიგაცია.

Corleo-ს მიზანია კვადროციკლების მომხმარებლებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტი გახდეს.

კომპანიის ინფორმაციით, რობოტი ცხენი შესაძლოა ბაზარზე 2050 წლისთვის გამოჩნდეს.

წყარო