ავტორი:

ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"

ბრიტანეთმა მოსამართლეების შემდეგ, გენპროკურორიც დაასანქცირა -  სანდრო თვალჭრელიძე: "ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც"

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილიდან განაახლა სანქცირებული პირების სია, რომელსაც 13 ჩანაწერი დაემატა. ლაპარაკია რიგი პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებაზე. ყადაღა შეეხება მათ ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს. დიდი ბრიტანეთის სანქციებში მოყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და ამავე სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე. სანქციების დაწესების საფუძვლად ორივე შემთხვევაში მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ ისინი ჩართული იყვნენ და არიან კორუფციულ გარიგებებში. როგორც მურუსიძემ მოგვიანებით განაცხადა, მას სახელფასო ბარათი დაებლოკა. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მე თუ მკითხავთ, კიდევ ცოტას ასანქცირებენ, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მართლმსაჯულება აღარ არსებობს ქვეყანაში, მოსამართლეზე გაცილებით თავისუფალი რომ იქნება, მაგალითად, სუს-ის უფროსი, რაზე უნდა ვილაპარაკოთ... თან უვადოდ არიან დანიშნული. კატასტროფაა, რაც ქვეყანაში ხდება! რამდენი წელიწადია ვამბობ, რომ ამას მხოლოდ ის გამოასწორებს, თუ სისხლის სამართლის საქმეებში სრულად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაინერგება.

თუ ასე გაგრძელდა, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ზუსტად ეს მოსამართლეები უკვე იმათ გაასამართლებენ, ვის დავალებებსაც ახლა ასრულებენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა. ეს არის ორმხრივად ბასრი მახვილი, რომელიც შეიძლება იმას შეუბრუნდეს, ვინც დღეს მართავს. ასეთი თამაში სასამართლო სისტემასთან ძალიან სახიფათოა. მოკლედ, რაც მეტად დაასანქცირებენ, იქნებ ამან ცოტა მაინც მოიყვანოს ეს ხალხი გონზე. ვიცი, ამ სისტემაში არიან პატიოსანი მოსამართლეებიც, მეც ვიცნობ რამდენიმეს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან და ამინდს ვერ ქმნიან. მათ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს არ ანდობენ.

ველი, რომ სანქციები გაგრძელდება, დასანქცირდებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც - ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც ვიდრე სისტემა არ ჩამოიშლება, სულ უფრო და უფრო ხისტი გახდება. პუტინსაც ეგონა, რომ სანქციებს შეუმსუბუქებდნენ, მაგრამ მაგის ნიშან-წყალი არ ჩანს. ძალიან ნელია ევროპა, თითქოს მოუქნელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კლდესავით მაგარი ხდება. ეგონათ, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის მერე შეიცვლებოდა დამოკიდებულებები, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მკაცრად ექცევიან ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებს. წაიკითხეთ სრულად