ავტორი:

რატომ ვერ ხერხდება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა - რა დამატებითი მოთხოვნები აქვს ოფიციალურ ბაქოს?

რატომ ვერ ხერხდება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა - რა დამატებითი მოთხოვნები აქვს ოფიციალურ ბაქოს?

13 მარტს ერევანმა და ბაქომ განაცხადეს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე შეთანხმდნენ, თუმცა მისი ხელმოწერა დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც ირკვევა, სადავოა ორი კონკრეტული საკითხი:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლასა და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას. ექსპერტები შიშობენ, რომ პროცესის გაჭიანურება მშვიდობის შანსებს შეამცირებს. მათივე თქმით, მოლაპარაკებების გაჭიანურებით შესაძლოა ისარგებლოს რუსეთმა და რეგიონზე საკუთარი გავლენის დამყარება სცადოს. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური სომხეთი არ არის უარზე შეასრულოს აზერბაიჯანის დამატებით მოთხოვნები, მაგრამ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, რომლის შედეგი როგორი იქნება, წინასწარ არავინ იცის...

2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი შვიდ ოკუპირებულ რაიონზე და მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე. ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც მაშინ ამ კონფლიქტით დაინტერესდა, რუსეთი იყო. სწორედ რუსეთმა მოამზადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტი.

შეთანხმების შემდეგ ბაქოს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სურდა, მაგრამ ერევანი დამარცხების მისაღებად მზად არ იყო და დიპლომატიურ ველზე პოზიციების დაბრუნებას ცდილობდა.

სომხეთს რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის მიღება სურდა, მაგრამ რუსეთი და შეერთებული შტატები სომხეთის მხარდაჭერას არ ჩქარობდნენ, საფრანგეთის პროსომხური პოზიციამ კი ბაქო და პარიზი წააჩხუბა.

2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მოსკოვმა უარი თქვა ერევნის მხარდაჭერაზე და სომხეთის ხელისუფლებამ კრემლისგან რაიმე გარანტიების მიღების იმედი სრულიად დაკარგა. ყარაბაღისგან განსხვავებით, სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები დაცულია უსაფრთხოების გარანტიებით ОДКБ -ს - სამხედრო ბლოკის ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს. ამის მიუხედავად, ერევანი ბაქოსთან მარტო დარჩა.

ამის შემდეგ, საზღვრის სომხურ მხარეს განლაგდა ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია. ხოლო 2025 წლის იანვარში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში, ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა.

"მხოლოდ მოსკოვის ყურადღების გაფანტვისა და მისი რეგიონული გავლენის შესუსტების ფონზე დაიწყო სერიოზული მოლაპარაკებები, იგი თავისი მეზობლის ოკუპაციითაა დაკავებული და რეგიონზე კონტროლს კარგავს", - აღნიშნავს რეგიონული ექსპერტი ზაურ შირიევი.

მაგრამ ბაქო სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობდა. მეზობელზე სამხედრო უპირატესობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისით ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსის წყალობით, ბაქომ ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი. პარალელურად, სომხეთი კვლავ ბაქოს მოთხოვნებს ეთანხმებოდა. მხოლოდ ორი საკამათო პუნქტი რჩებოდა: მოთხოვნა ევროპელი დამკვირვებლების საზღვრიდან გაყვანისა და საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთ საჩივრების გაუქმების შესახებ.

საბოლოო ჯამში, ფაშინიანი დათანხმდა აზერბაიჯანის ამ მოთხოვნებს. ორივე პუნქტი შეტანილია სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტში - მაგრამ დიპლომატიურ სფეროში ცვლილება მოხდა: ახლა სომხეთი ჩქარობს მშვიდობის დამყარებას, აზერბაიჯანი კი პროცესს აჭიანურებს.

  • წინაპირობები და პრეტენზიები

"სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი შეთანხმებულია, ის 17 პუნქტისგან შედგება. აზერბაიჯანს დამატებითი პირობები არ წამოუყენებია. ჩვენი პირობები სომხეთისთვის ცნობილია", - განაცხადა ილჰამ ალიევმა აპრილის დასაწყისში და ორი პირობა დაასახელა: ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმება და სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები.

"როგორც კი ეს ორი პირობა დაკმაყოფილდება, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას არანაირი დაბრკოლება არ ექნება. როგორც ამბობენ, ბურთი სომხეთის მოედანზეა", - დასძინა ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის შეასრულოს ეს მოთხოვნა. მაგრამ ჯგუფის დაშლა მოითხოვს რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების თანხმობას და ეუთოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგი შეხვედრა დეკემბრამდე არ გაიმართება.

  • კიდევ უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდება ალიევის მეორე პირობის შესრულებას: სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას. 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში საუბარი იყო მთიანი ყარაბაღის სომხეთთან "გაერთიანებაზე“. სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია შეიცავს მითითებას ამ დეკლარაციაზე. ბაქო კი ამას ოფიციალურ პრეტენზიად მიიჩნევს.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი არ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს სხვა ქვეყნების მიმართ. მეტიც, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, ასევე ხელშეკრულების დარღვევის მიზნით შიდა კანონმდებლობის მოწოდების აკრძალვას.

  • რუსეთის აჩრდილი და ახალი ომი

ექსპერტები აზრით, უკრაინაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტამ შეიძლება კიდევ ერთხელ დააბრუნოს რუსეთის ყურადღება სამხრეთ კავკასიაზე. ამ დროს, შეერთებული შტატები ყველაზე ნაკლებად დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენებით.

ერევანმა ევროინტეგრაციის პროცესი 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაგრამ 2013 წელს კრემლმა ხელი შეუშალა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ახლა, როდესაც პროცესი განახლდა და უვიზო რეჟიმის შემოღება უკვე აქტიურად განიხილება, სომხეთში შიშობენ, რომ რუსეთი მათ პოლიტიკაში კვლავ ჩაერევა.

"რუსეთს შეუძლია რეგიონში დაბრუნება მხოლოდ კონფლიქტებით და არა მშვიდობით“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ნატიგ ჯაფარლიმ.

წყარო