7 აპრილის, ჩეჩნეთში, აჩხოი-მარტანში უცნობი პირი პატრულის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. ერთი სამართალდამცავი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი, რომელიც არასრულწლოვანი აღმოჩნდა, საპასუხო ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა. მეორე დღეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის ცხედარი ქალაქის მოედანზე გამოიტანეს. რამზან კადიროვმა კი თავდამსხმელის ნათესავების ჩეჩნეთიდან გაძევება მოითხოვა. საგამოძიებო კომიტეტი სამართალდამცველების მკვლელობის მცდელობის ფაქტს იძიებს.
"ტელეგრამის" არხი NIYSO, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ცხედარი აქციის დასრულების შემდეგ მოედანზე დარჩა. მეორე ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მოზარდის ცხედარი სხვა ადგილას დევს, იქვე კი მანქანები მოძრაობენ.
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრმა ევა მერკაჩოვამ აჩხოი-მარტანში მომხდარს "ველურობა“ და "შუა საუკუნეები“ უწოდა.
"ეს არ შეესაბამება და არ შეიძლება შეესაბამებოდეს არცერთ სამართლებრივ ნორმებს. კაცობრიობა განვითარდა იმისთვის, რომ თავი დააღწიოს სისხლის ღვრას, სიკვდილით დასჯას და სისასტიკეს საჯარო გამოფენას", - განუცხადა მან Gazeta.ru-ს.
აჩხოი-მარტანში თავდასხმის შემდეგ რამზან კადიროვმა უსაფრთხოების ძალებთან შეხვედრა გამართა.
"მისი მშობლები უნდა განდევნონ რესპუბლიკიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერორისტების მშობლებსა და ახლო ნათესავებს - უნდა გააცნობიერონ, რომ მოუწევთ პასუხისგება თავისი საყვარელი ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებზე", - ნათქვამია კადიროვის "ტელეგრამის" არხზე. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა მოზარდის ქმედებებში უკრაინა დაადანაშაულა.
უკრაინის ხელისუფლებას კადიროვის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აჩხოი-მარტანი ქალაქური ტიპის დასახლებაა. იგი გროზნოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ბოლოს მსგავსი შემთხვევა ამ მხარეში ერთი წლის წინ მოხდა: ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ადამიანი თავს დაესხა პოლიციელებს. ყველა თავდამსხმელი საპასუხო ცეცხლით დაიღუპა.
ასეთი ისტორიები არც თუ იშვიათია ჩეჩნეთში. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი 2009 წელს კი გაუქმდა, მაგრამ უშიშროების ძალებზე თავდასხმები მაინც გრძელდება.