"საინტერესო ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ, თბილისთან ახლოს, მაგრამ სოფელში აღმოჩნდები სამუშაო იარაღებით ხელში, ვიდეოკამერის, "პეტლიჩკების" და დიქტოფონის ნაცვლად" - ამბობს ჟურნალისტი ეკა პატარაია...
იგი უმშვენიერესს მსახიობთან ხათუნა კოტრიკაძესთან მეგობრობასაც იხსენებს. ეკა პატარაიას ეკუთვნის ერთ-ერთი ინტერვიუ, რომელიც მან ხათუნა კოტრიკაძესთან ჩაწერა..
ეკა პატარაია სოფლად გადასვლის, უდიდესი სირთულეების შესახებ გვიამბობს...
- მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე. ძირძველი თბილისელი ვარ, ოთხი თაობით... ბაბუაჩემის და საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში იყო გათხოვილი, ბებიაქალად იყო ცნობილი მთელს სოფელში. ქმარ-შვილი მეორე სამამულო ომში დაეღუპა.
მან გადაწყვიტა, თავისი კარ-მიდამო ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ეანდერძა. ასე გაგვიჩნდა სოფელი. თუმცა ისე, მოხდა რომ ამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ნაწილი კარ-მიდამო გავყიდეთ გარკვეული მიზეზების გამო. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. სკოლის არდადეგებზე დედას ორი თვით ჩამოვყავდით მე და ჩემი ძმები.. დეიდაშვილები, ბიძაშვილები ყველა აქ ვიკრიბებოდით ზაფხულობით და ძალიან კარგ დროს ვატარებდით. აი, ის ნოსტალგია სულ მქონდა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეზოში ხილსაც ვკრეფდი, პომიდვრების და კიტრების დარგვა-დათესვაში, მოსავლის აღებაშიც აუზის გასუფთავებაშიც ვმონაწილეობდი. მახსოვს, ხის ღობეებს, ხეებს კირით ვღებავდით, თხილს, ნუშს, კაკალს ვბერტყავდით და ვკრეფდით, დამიბარავს, მომითოხნია კიდეც - მალინა, მარწყვი, მაყვალი სულ გვქონდა...
სოფლის სუნი, მეზობლის მოხუცი ქალის, მარო ბებოს თონეში გამომცხვარი ცხელ- ცხელი შოთები, პომიდვრის და კიტრის სალათი, ახალამოყვანილი ყველის გემო, სულ თან დამყვებოდა. სოფელში თუ ჩამოვიდოდი, აუცილებლად უნდა დამერგო ახალი ნერგები, გამეკეთებინა პატარა ბაღჩა, ამეღო ჩემი მოსავალი. მხოლოდ, თბილისიდან აქ გადმოსახლებაზე არ ვფიქრობდი არასდროს. ისევ რაღაც გარემოებამ, მაიძულა აქ წამოსვლა.
- როგორ გადაწყვიტეთ?
- თბილისში ბინა უკვე აღარ მქონდა. გავყიდე. თან, დედაც და ჩემი ტყუპისცალი ძმაც აქეთ იქნენ წამოსულები. ეს სახლი, სადაც ახლა ვარ, ჩემი დეიდისა იყო, მისი და მისი ქმრის აშენებული ამ მიწაზედ. უკვე მიტოვებული იყო, დეიდა 15 წლის წინ გარდაიცვალა, ბიძაჩემიც საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ჩემს დეიდაშვილსაც დრო არ ჰქონდა, აქაურობისთვის მიეხედა და ვთხოვე, ჩემთვის დაეთმო. მე მოვუვლიდი დეიდას სახელზე, შევიყვარებდი ისე როგორც დეიდას, რომელიც ჩემი მეორე დედასავით იყო. მართლაც შევისყიდე სახლი, თუმცა ეს ის თანხა არ იყო, რაც შეიძლებოდა ეს სახლ-კარი ღირებულიყო. სიმბოლურად გადავუხადე გარკვეული ოდენობის თანხა და ძალიან ჩქარი ტემპით დავიწყე ყველაზე პრიორიტეტული საქმეების კეთება.. ელექტრო გაყვანილობის გამოცვლით, სველი წერტილების შეყვანით, საკანალიზაციო ჭით, სახლის გარშემო რკინა-ბეტონების ჩასხმით და ასე შემდეგ, რათა შემექნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რომ გვეცხოვრა... დაბალ ბელეტაჟზე იდგა სახლი, ცარიელი კედლებით. იატაკი ძალიან შელახული, ჩავარდნილი, კედლები დახეთქილი, ჭერი ჩამოვარდნილი, სახურავი შესაცვლელი, ეზო ეკალ-ბარდებით გადავსებული, ღობე დამტვრეული, მოკლედ, სამუშაო აურაცხელი იყო.
- თავი როგორ გაართვით ამდენ რამეს?
- მოგეხსენებათ ხელოსნების თემა, რა მძიმეა თბილისში და სოფლად კიდევ უფრო მეტად. ხელოსნებზე საუბარს თავს ავარიდებ, რადგან რომ დავიწყო, ვიცი, ვეღარ დავასრულებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მათი მხრიდან ძალიან ბევრი ტყუილების, დამალვების, გადაგდებების, რაღაც-რაღაცების გაფუჭებების შემდეგ, გადავწყვიტე უშუალოდ ჩავრთულიყავი ყველა სამუშაოში. ეს იქნებოდა კედლების გაჯით, შპაკლით გალესვა, იატაკის ფილებით მოპირკეთება, შპალერი, შეღებვა თუ სხვა საქმეები...
მახსოვს, თებერვლის თვეშიც კი სიცივეში ვიდექი,(ჯერ გათბობის სისტემა არ მქონდა გაკეთებული) ხელებიდან სისხლიც კი მდიოდა, სრულიად მარტო ვზელდი ბევრი ოდენობის შეკვრა ცემენტს და ოთახებში ვაგებდი იატაკის ფილის ნატეხებს, მოზაიკას, ლამინატს... მართალია მას მერე სამი წელი გავიდა და კიდევ რაღაცები შევცვალე, მაგრამ სულ მემახსოვრება თუ რა გზა გამოვიარე. ერთხელ, კი, საკანალიზაციო მილი ჩატყდა, რომლის სიგრძე სახლის კედლიდან ჭამდე, დაახლოებით 15 მეტრია.
წყალმა სააბაზანოში გადმოსვლა დაიწყო. ვიფიქრე რაღაც ჩავარდა და გაიჭედა. როდესაც იმ ხელოსანს დავურეკე, ვინც ააწყო ეს სისტემა სახლში და სახლის გარეთ, მითხრა, რომ ძალიან დაკავებული იყო და შეიძლება გვიან ჩამოვიდე, ღამის 11 საათისკენ, ოღონდ გათხრილი უნდა დამახვედროო. დავთანხმდი, ვინაიდან ძალიან მეჩქარებოდა. იმ საღამოს მე ვერავის ვნახავდი ცალკე მუშას, რომ გაეთხარა, თავად ჩავიცვი ხელთათმანები, ავიღე წერაქვი, ნიჩაბი და დავიწყე გათხრა, რომელიც საკმაოდ ღრმაც იყო. მახსოვს, სადღაც ორ თუ სამ საათში სულ გავთხარე და მილი გამოვაჩინე, რომელიც ორი გადაბმის ადგილას იყო ჩატეხილი. მერე გავიქცევი საგარეჯოს სანტექნიკის მაღაზიაში და მოვიტანე ახალი მილები, თუმცა ისინი ძალიან მაღალი ხარისხის იყო.
- ალბათ კიდევ ბევრი სირთულე შეგხვდათ...
- დიახ, ძალიან რთულია არაფრისგან რაღაც შექმნა, ძალიან იღლები, იმდენად რომ არც ჭამის თავი გაქვს, არც იმის, რომ ლოგინში ნორმალურად დაწვე და დაიძინო. სკამზე მეძინებოდა. რომ დავჯდებოდი, თვალს გავახელდი, უკვე გათენებული იყო. მერე იწყებოდა იგივე, ისევ შპაკლები, ცემენტი, ისევ გაჯი, საღებავები... ნამდვილი კოშმარი იყო, მითუმეტეს ქალისთვის, რომელიც აქამდე სულ მაგარ ფორმაში იყო, ყოველმხრივ მოვლილი და უცებ... ჩემი მეუღლე გივი ფეიქრიშვილი ჩემი კოლეგაა, ჟურნალისტი და ოპერატორი ძველი "პირველ არხელია", ძალიან დიდი და საინტერესო კარიერული ისტორიით. მეგობრები ვიყავით, ერთად ვმუშაობდით, ძალიან საინტერესო სიუჟეტებზე ცნობილ ადამიანებთან, ბევრი ღონისძიება გვქონდა და წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს, რადიკალურად რომ შეიცვლება ყველაფერი.
ამ საინტერესო ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ, თბილისთან ახლოს, მაგრამ სოფელში აღმოჩნდები სამუშაო იარაღებით ხელში ვიდეოკამერის, „პეტლიჩკების“ და დიქტოფონის ნაცვლად. ხუმრობით მეუბნება - "პრაკეტნი" ჟურნალისტს რა გინდოდა ატმისა და მაყვლის წვენებშიო... მას საოცარი სიყვარული აქვს მიწის და მცენარეების. თბილისში ძალიან პატარა, იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ. სახლის კართან ერთი ძველი კომოდი დგას, იმ კომოდზე და მიწაზეც ქოთნებში ეგზოტიკური მცენარეები აქვს. მინიატურული ბოტანიკური ბაღი მოაწყო. უყვარს მცენარეების ყიდვა, იყიდის და მოარბენინებს. გარდა იმისა, რომ ფინანსურად თუ მორალურად ძალიან გვერდში მიდგას, ჩვენ სულ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენთვის საინტერესო ამბებს.
ამ მხრივაც სულ ცდილობს არაფერი მომაკლოს. ძალიან მეხმარებიან შვილებიც, ოღონდ ფინანსურად, რადგან ძალიან დაკავებული არიან. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ავაშენეთ ეზოში ცალკე დიდი სათავსო, ასევე პატარა საქათმე, სადაც ასამდე ჩემს მიერ წამოზრდილი ვარია შევაბრძანეთ, მაგრამ სამწუხაროდ იმ პერიოდში ჭირი მოედოთ ირგვლივ ქათმებს და არამხოლოდ მე,ბევრს დაეხოცა ფრინველი. გვყავდა ციცრები, რომლებიც კვერნას აფრთხობდნენ, მაგრამ ისინიც ასე დაიხოცნენ. ვფიქრობდით ფარშევანგებზე, თუთიყუშებზეც, პაწაწინა აუზზე, სადაც თევზები გვეყოლებოდა, კიდევ ბევრი იდეის განხორციელებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ განვახორციელეთ. აქ, კიდევ ძალიან ბევრი, დაუსრულებელი საქმეებია. როცა საკუთარი სახლი და ეზო გაქვს, ასეა. არაფერი სრულდება და ოჯახის ბიუჯეტიც ამ მხრივ ილევა...
- თბილისში რამდენად ხშირად ხართ?
- სულ მაქვს ხოლმე თბილისის ნოსტალგია, ხან, თბილისში რომ ვარ ისევ აქეთ მინდა, ერთი დღეც ვერ ვჩერდები. როგორც კი, შემოვდივარ სოფელში, ღრმად ამოვისუნთქავ, რაღაც სასწაული ჰაერი და სიმშვიდე მეუფლება, შეუძლებელია ეს არ იგრძნო, შეუძლებელია ეს სხვაობა არ იგრძნო თბილისს და ამ სოფელს შორის, მანძილსაც ვეღარ იგრძნობთ ისეთი ავტობანი გაკეთდა. ბევრად შემცირდა გზა. ადრე თუ 40 წუთი ვუნდებოდი ჩასვლა-ჩამოსვლას, ახლა 25 წუთი სჭირდება 80-ით რომ იარო. ასე, რომ... ცივ გომბორი, ალაზნის ველი, ზემოთ დრეიძის ტყეა, საოცარი მთები, ხედებია... მრავალი საკუთარი, ასევე ბიზნეს იდეა შეიძლება აქ განახორციელო და მთავარიც ესაა განახორციელო, თორემ სოფლად გლეხმა უკვე დიდი ხანია მიატოვა ყველაფერი, რაზეც ძალიან მტკივა გული. ადგილობრივებს აღარც აინტერესებთ საკუთარი ეზო-კარიც, ვენახები, ყანები. ბევრი შრომა ჭირდება, მუხლჩაუხრელი შრომა. თბილისიდან ამას ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, ისე როგორც უყურებენ ქალაქელები.
ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან არ მქონდა შეხება ამ ყველაფერთან, მაგრამ ახლა როცა აქ ვარ, ვხედავ თუ რამხელა შრომაა. ადამიანურად ცხოვრებას მოკლებულნი არიან სოფლად, განსაკუთრებით ქალები. ყოფით ცხოვრებაში ბევრი სიძნელის გადალახვა უწევთ, ალბათ ბევრ რამეზე გულიც სწყდებათ, სამაგიეროდ აქ სიცოცხლე კარგად იგრძნობა, რომ შენ კი არ ცხოვრობ, ცოცხლობ, არსებობ! საქონელიც გაყიდეს. ადრე, ჩემს ბავშვობაში მახსოვს, ჩვენს გზაზე საღამოს შვიდი საათისკენ ნახირი რომ ჩაივლიდა, ცხვრებიც, სახედრებიც კი ბევრი იყო...
ეს სოფელი უდიდესი ისტორიის მქონე სოფელია. ყველა სოფელს საქართველოში თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ჩემს სოფელს, გოგლა ლეონიძის სახელი ჰქვია, გედიას და მარიტას სიყვარულის სახელი ჰქვია, მართლაც ნატვრის ხესავითაა, პატარძეული პატარძალივით ლამაზია, მშვენება და დიდი სიყვარულია. თითქოს შენი სისხლი და ხორცია, შენი წარსულია, აწმყოა, მომავალია, ყველაფერია. აქ გტკივა და გიხარია კიდეც, თითქოს ყველაფერს ყურადღებით გისმენს, მოგყვება და ხელს გიწვდის დასახმარებლად, თითქოს გთხოვს, რომ შენც მაგრად ჩასჭიდო ხელი და არ გაუშვა. ასეთია ეს სოფელში, გულში მაგრად გიხუტებს. მხოლოდ, კარგი პატრონი სჭირდება. შეუძლებელია აქ წამოსვლა ვინმეს არ მოუნდეს.
- წინ ალბათ კიდევ ბევრი სირთულეა...
- ალბათ უკვე არ არსებობს საქმე, რომელიც მე არ ვიცი, ვერ გავიგებ, ვერ გავაკეთებ. მთელი ცხოვრება ინტელექტუალურ მუშაობას ვარ მიჩვეული, მაგრამ ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც", აივანიც თავად ავაწყე... როდესაც ხელოსნებს თავზე ადგები და მაინც ცდილობენ შენს „დაბოლებას“ არა, ასეა და არა ისეო, თეთრზე გიმტკიცებს შავიაო, აი, აქ უკვე ხელიდან ვართმევ სამუშაოს და თავად ვიწყებ. არ შეიძლება მუდმივად ხელში გეჭიროს "რულეტკა“, თარაზო და მაინც თვალებში კარგად ვერ იყურებოდე, რას აკეთებ. მოკლედ, მე მანამდეც ვიცოდი სარემონტო საქმეები, უფრო სწორად მე ხელოსნად დავიბადე, მაგრამ ახლა დავამატე. სხვათა შორის, სულ ვამბობ, რომ სიამოვნებით წავიდოდი კიდევ დამატებით რომელიმე პროფესიულ სასწავლებელში, რამდენიმე ხელობა კარგად რომ შემესწავლა. სიამოვნებით ჩავაბარებდი ტექნიკურ ინსტიტუტშიც, მაგრამ უკვე მესამე წრეზე ვარ, უმაღლესი დიპლომით, რომელიც სულ არაფერში მადგება. იურისტიც გავხდები მალე...
ასაკიც აღარ მაქვს ისეთი, რომ სულ სწავლაში გავატარო დარჩენილი ცხოვრება, რაზე ვგიჟდები, მაგრამ ვფიქრობ მეყოფა რაც ვისწავლე. ახლა ის ასაკი და მოცემულობა მაქვს, ყველა რომ ნატრობს - ნეტა, ქალაქ გარეთ მომცა ერთი პატარა კოხტა სახლი, ბუნებაში, სიმწვანეში ჩამფლა, ჩიტების ჭიკჭიკი გამაგონა, ირგვლივ სულ ლამაზ-ლამაზი ფერადი ყვავილები დამანახა და ამ სიმშვიდეში მაცხოვრაო. ჰოდა, ვცხოვრობ ასე ქალაქურად ახლა. არ მინდა ეს ქათმები, ძროხები, ბეკეკოები და გოჭუნიები. ამათაც თავისებური სუნი აქვს და მოვლა-პატრონობა სჭირდება, თუმცა რა.
უმშვენიერესი ხათუნა კოტრიკაძე, რომელიც ყველას ლერიკო ხოტივარის ფილმიდან "მხიარული რომანიდან" გვახსოვს, სოფელ დიღომში, თავის ფეხბურთელი ქმრის დავით გოგიას მოთხოვნით და ხელშეწეყობით, 12 სულ ძროხას უვლიდა. თავად წველიდა და ამოჰყავდა ყველი, კარაქი, ხაჭო, ნადუღი, ადედებდა მაწონს, მთელ ოჯახს ეს ერთი სიფრიფანა, ულამაზესი გოგო უვლიდა.
სხვათაშორის იქ რუსულ სამხედრო ბაზა იყო უწინ განთავსებული და რომ წავიდნენ, ამათ შეისყიდეს მათგან ეს ძროხები. რუს სამხედროებს ჰყოლიათ როგორც ვიცი. ბოლოს, მახსოვს გამოიქცა სოფელ დიღომიდან, წამოვიდა თავის ხუთთოხიან სახლში პლეხანოვზე თავის ვაჟთან ერთად, იქ ცოხვრობდა და სულ ახლახანს, შარშან გარდაიცვალა ახალაგაზრდა.
ძალიან მიყვარდა ხათუნა. მასთან და მის ოჯახთან ახლოს ვიყავი. ასე, რომ ეს კი არ არის დასაძრახი, რაიმე სახის შრომა სოფლად, უბრალოდ ადამიანების ცოხვრებაში სულ დგება ისეთი პერიოდები, მითუმეტეს ქალის, როცა ხედავ რომ ამ ყველაფერს ვეღარ უმკლავდები. აღარც დრო გაქვს და მოთხოვნილება ყველაფერი გქონდეს და მიხედო. ამიტომ ავღინიშნე აქ, ადგილობრივების დამოკიდებულება ახლა როგორიც არის. ძალიან ძნელია სოფლად ცოხვრება ამ თვალსაზრისით, ძალიან.