გრენლანდიაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი, სიუზან მეიერსი ჯეი დი ვენსის ვიზიტის გაკრიტიკების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აშშ-ს კოსმოსური ოპერაციების სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეიერსის გათავისუფლების მიზეზი "ნდობის დაკარგვა" გახდა.
"სარდლები უნდა დაიცვან ქცევის უმაღლესი სტანდარტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თავიანთი მოვალეობების შესრულებას ეხება“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ბაზის ახალ მეთაურად პოლკოვნიკი შონ ლი დაინიშნა.
Military.com-ის თანახმად, მეიერსმა სამხედრო პერსონალს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ვენსის ვიზიტის შესახებ საუბრობდა:
”არ ვამბობ, რომ მიმდინარე პოლიტიკა კარგად მესმის, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ადმინისტრაციის შეშფოთება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა გამოთქვა, არ ასახავს ბაზაზე არსებულ სიტუაციას", - აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა წერილის ავთენტურობა დაადასტურეს.
მეიერსმა, რომელიც ბაზას 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა, წერილი ბაზის ყველა პერსონალს გაუგზავნა, მათ შორის დანიელებს და გრენლანდიელებს.
"გპირდებით, ვიდრე ამ ბაზის ხელმძღვანელობის პრივილეგია მექნება, ჩვენი დროშები ერთად იფრიალებენ“, - დაწერა მან.
ჯეი დი ვენსი Pituffik-ს 28 მარტს ეწვია. ვიზიტის დროს, მან დანია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კოპენჰაგენმა "საკმარისი ინვესტიცია არ ჩადო კუნძულის უსაფრთხოებაში".
ამერიკელი სამხედროები გრენლანდიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმყოფებიან. ამჟამად შეერთებულ შტატებს კუნძულზე ერთი ბაზა აქვს, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი მსახურობს.
აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტერიტორიის შესყიდვის შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ბოლო პერიოდში კი მისი რიტორიკა გრენლანდიასთან დაკავშირებით გამკაცრდა.
დანიაში ტრამპის კომენტარებს უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თავად გრენლანდიაში კი, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას შეერთებულ შტატებში შესვლა არ სურს.